თამთა ჩაჩანიძე
26.11.2020

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლთა დინამიკა თანდათან უარესდება, დღეისათვის მათი რიცხვი 1124-ს შეადგენს, რომელთა შორის ახალგაზრდები და ისეთი პაციენტებიც არიან, ვისაც თანმხლები დაავადება არ ჰქონიათ. სპეციალისტები ამ ფაქტს ძირითადად ინფიცირებულთა ნახტომისებურ მატებებს უკავშირებენ.

მაგალითისთვის აჭარაში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა, რომელსაც, კლინიკის ხელმძღვანელობის თქმით, თანმხლები დაავადებები არ ჰქონია, თუმცა ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზინა. ასევე მომრავლდა კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდებისა და შუა ხნის ადამიანების გარდაცვალების ფაქტებიც.

როგორც „რეზონანსთან" თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე ამბობს, შესაძლოა ადამიანს თანმხლები დაავადება არ ჰქონდეს, თუმცა ბევრ მიზეზებმა, მათ შორის გენეტიკამ და ორგანიზმის რაღაცა სუსტმა წერტილმა, მდგომარეობის დამძიმება გამოიწვიოს.

„ეს ვირუსი ზოგადად აგრესიულია, თუმცა ზოგ ადამიანში მსუბუქად მიდის. ამ ბოლო დროს ბევრი მძიმე პაციენტი გამოჩნდა, რაც შეეხება ახალგაზრდებს, შესაძლოა თანმხლები დაავადება არ აქვს, მაგრამ ჩვენ ხომ პაციენტების გენეტიკური მდგომარეობა არ ვიცით, რა იყო და როგორ იყო.

„ამიტომაც გამორიცხული არაა, რომ რაღაცა სუსტი წერტილი იყო, რამაც ამ დაავადების დამძიმება გამოიწვია, ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, ამდენად ვიღაცას რაღაცა აქვს ისეთი, რაც პაციენტს დაამძიმებს.

„ყველამ ხომ არ იცის, რა აქვს, არის ასეთი რაღაც, რაც ახალგაზრდობაში არ გამოვლინდება და გვიან ვლინდება, დამძიმების მიზეზი ძალიან ბევრია, დამოკიდებულია მიღებული ვირუსის რაოდენობაზეც, ასე კატგორიულად არ შეიძლება თქმა, ამიტომ ნურავინ ნუ დადებს თავს, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელია.

„არის პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანები და არა აბსოლუტურად ჯანმრთელი, ვის რა სუსტი წერტილი აქვს, არავინ არ იცის, ამიტომ ყველა ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ თავს და მოვერიდოთ," - განაცხადა ენდელაძემ.

ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი „რეზონანსთან" ამ დინამიკას რაოდენობის ნახტომისებურ მატებას უკავშირებს.

„ამ ეტაპზე ვირუსის აგრესიულობაზე საუბარი ნაკლებად შეიძლება, შესაძლოა ამ ეტაპზე ეს უბრალოდ რაოდენობის ზრდას უკავშირდება, დღეში 3 და 4 ათასი დადასტურებული შემთხვევაა, რაც იმას ნიშნავს,რომ სავარაუდოდ ერთი იმდენი ინფიცირებულია, რომლის დადასტურებაც ვერ ხერხდება იმიტომ, რომ ვთქვათ ლაბორატორიული კვლევა ვერ უტარდებათ, ანუ დაახლოებით დღეში 7 ათასამდე ახალი შემთხვევაა, ამის მინიმუმ 10-15% მძიმე მიმდინარეობისაა-ხოლმე და შესაბამისად მძიმე მიმდინარეობის ზრდასთან ერთად, სიკვდილიანობაც მოიმატა, ამიტომ ადგილი ვირუსის ბუნების ცვალებადობასთან არ აქვს.

„რაც შეეხება ასაკობრივ განაწილებას, ძირითადად მაინც ასაკოვანი ადამიანი იღუპებიან, ვისაც ფონური დაავადებები აქვს, თუმცა ერთეული შემთხვევები რა თქმა უნდა იქნება და არის ისეთიც, სადაც შესაძლოა რაიმე ფონური დაავადება არ იყოს, თუმცა ინფექცია მძიმედ წავიდეს. ეს არამხოლოდ კორონავირუსზე არამედ ნებისმიერი სხვა დაავადებების დროსაა, ბოლომდე ამისი ახსნა შეუძლებელია, დაავადებების მიმდინარეობა ჯანმრთელ ადამიანებშიც მძიმეა-ხოლმე," - განაცხადა გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×