თამთა ჩაჩანიძე
26.11.2020

რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მთავრობას შეზღუდვების ახალი რეჟიმი შემოაქვს, რომელიც უფრო ნახევარ ზომებს წააგავს და ერთგვარ კომპრომისს წარმოადგენს ჯანდაცვისა და ეკონომიკურ ინტერესებს შორის. მთავრობისა და კორონავირუსთან ბრძოლის უწყებათაშირისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს რეჟიმი 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს სპეციალურად გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა იკრძალება; გამონაკლისია ახალი წლისა და შობის ღამე. ეს რეჟიმი 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს, ხოლო 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე კი მხოლოდ უქმე დღეებში იმოქმედებს.

ქვეყნის მასშტაბით ასევე იზღუდება მგზავრობის საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე და ტაქსებზე შეზღუდვები არ წესდება.

რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან, ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

რა შეეხება დიდ ქალაქებს - თბილისში, ბათუმში, თელავში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობს მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობს. ფუნქციონირებას აგრძელებს აგრარული ბაზრები.

ამავე ქალაქებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე, ხოლო კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები მუშაობას აჩრერებენ.

სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად, ასევე ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

ახალი წლის პერიოდში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე, შეზღუდვები შემსუბუქდება, 3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში კი ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეები ცხადდება.

პრემიერ გახარიას განცხადებით, ეს 2-თვიანი შეზღუდვები, ასევე მიზნობრივი დახმარების პორტფელი სახელმწიფოს 1.1 მილიარდი ლარი დაუჯდება.

„ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ-მიზნობრივ დახმარებას, რომელიც ჰქონდა თვითდასაქმებულებს პირველი ტალღის პერიოდზე, ეს გახლავთ 300-ლარის ოდენობით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღირიცხვა იმ კომპანიებთან, სადაც არიან დასაქმებულები და ამ 300-ლარიანი დახმარების გადა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც საბანკო სესხი გააჩნია, მიზნობრივად, ამ სფეროდან, ამ სექტორში დასაქმებულს, მიზნობრივად მივეხმარებთ, სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში", - განაცხადა პრემიერმა ბრიფინგზე.

დახმარების პროგრამა პირველი იანვრიდან 6 თვის განმავლობაში იმ ადამიანებისთვისაც ამოქმედდება, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და მათ 6 თვეში ჯამში 1200 ლარი დაერიცხებათ. თვითდასაქმებულებს კი სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ და ასევე იმ ოჯახებს, რომლებსაც 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მისცემენ.

სარესტორნო ბიზნესს, რომელსაც საბანკო სასესხო ვალდებულება გააჩნია, სახელმწიფო საპროცენტო განაკვეთს დაუსუბსიდირებს.

რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივობებს, გახარია ამბოპბს, რომ საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს.

„დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად ყველანაირი პრობლემების გარეშე. არანარი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ არის, ზოგი კერძო მანქანით, ზოგი კი ველოსიპედით შეიკრიბება. არ მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს დეპუტატების შეკრებისთვის, თუმცა რაც შეეხება აქციებს, საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც წყინს, რომ შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან სხვადასხვა მიზეზის გამო ყრილობების დაუშვებლობის, წესების დაცვის გამო. არ ვიცი, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რა სხვაობა ქორწილს, ქელეხს, ან აქციას შორის," - ამბობს პრემიერი.

ასევე მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მკაცრი რეკომენდაციაა, 70 წელს გადაცილებული ადამიანები სახლში დარჩნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×