ია აბულაშვილი
30.11.2020

"პოლიტიკური პროცესის გააქტიურება დამოკიდებულია საზოგადოების აქტიურობაზე და ეს აქტივობა საზოგადოების მხრიდან უკვე ვნახეთ ამ დღეებში, აჭარაში და რუსთავში. კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში კი არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური პროცესები უფრო აქტიურ რეჟიმში გადავიდეს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ოპოზიციაში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ეპიდვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები იმ აქტიურობით აღარ გაიმართება.

როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, პოლიტიკური პროცესიც უნდა დაემორჩილოს პანდემიის მართვას, რადგან სერიოზული პანდემიის წინაშეა ქვეყანა და ვითარების დასარეგულირებლად საჭიროა ყველამ დაიცვას ის რეგულაციები, რაც დაწესებულია. პანდემიის ფონზე პოლიტიკური პროცესიის ტემპის ვარდნას არ გამორიცხავენ ექსპერტები.

"პანდემია იქნება ეს თუ კრიზისი, პოლიტიკური პროცესი დამოკიდებულია საზოგადოების აქტიურობაზე. ჩვენ ეს აქტივობები საზოგადოების მხრიდან ამ დღეებში უკვე ვნახეთ, აჭარაში და რუსთავაში, ამიტომ ძნელია თქმა, პოლიტიკური პროცესის ტემპი დავარდება თუ მოიმატებს, ეს დამოკიდებულია ხალხის აქტიურობაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სოციალურ ნიადაგზე საპროტესტო აქციები ნაკლებად იმართება, მაგრამ ის სოციალური პაკეტი, რომელსაც ხელისუფლება ხალხს სთავაზობს პრაქტიკულად არაფერია; ამიტომ, არ არის გამორიცხული რომ პოლიტიკური პროცესი აქტიურ რეჟიმში გადავიდეს იმ მძიმე ზამთრის პირობებში, რომელიც წინ გველის"- აცხადებს "რეზონანსთან" არჩილ გამზარდია.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, პანდემია მეტნაკლებად შეამცირებს პოლიტიკურ პროცესს.

"პანდემიის ფონზე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პროცესი მეტნაკლებად შემცირდება, რადგან დაინფიცირების საფრთხე მაღალია ასეთი თავყრილობების დროს და ყველას კარგად ესმის, რომ დაინფიცირების ტალღა მოიმატებს. თუმცა პანდემიაც, რომ არ იყოს, დროში გაწელილი საპროტესტო აქციები ქრება"- აცხადებს "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ ამ ვითარებაში პოლიტიკოსს პასუხისმგებლობა უფრო დიდ ავტორიტეტს სძენს.

"ჩვენ დღეს ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ამ უბედურებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ, ამას კი განაპირობებს ის რეგულაციები, რომელიც დაწესებულია და პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა ჩვენთაგანმა უნდა აიღოს.

"მითუფრო პოლიტიკოსებმა, რადგან პასუხისმგებლობა პოლიტიკოსს უფრო დიდ ავტორიტეტს სძენს. მაგრამ, შენ თუ მხოლოდ პროვოკაცია გინდა, რომ ოპოზიციური მუხტი არ მოკლა, ეს კარგი არ არის. ამიტომ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პროცესზე და იმაზე, რომ ხვალ უკეთესი სიტუაცია იყოს"- განაცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×