თამთა ჩაჩანიძე
20.01.2021

ხვალიდან აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ეყოლება, ინაუგურაციამდე კი თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების განცხადებებმა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტების გარკვეული მონახაზი შექმნა.

ერთ-ერთი ასეთი ბოლო განცხადება კი ახალმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა, მისი თქმით, ნატო-ს წევრობის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ბლინკენი, კანონმდებლების კითხვებს პასუხობდა, ზემოაღნიშნული განცხადება კი სენატორ რენ პოლის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე სკეპტიკურადაა განწყობილი.

„რუსეთი აგრესიულ ქმედებებს აწარმოებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან ნატო-ს წევრები. ჩვენ ვიხილეთ წარსულში, რომ ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანდნენ ნატო-ში, არ არიან რუსეთის აგრესიის სამიზნეები", - განაცხადა ბლინკენმა.

როგორც საგარეო საკითხების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ბლინკენის საქართველოსადმი ეს დამოკიდებულება კარგია, თუმცა, მიიჩნევს, რომ ყველაფერი ახლა საქართველოს ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

„ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალიან კარგია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მხრიდან მზაობაა, თუმცა, თავად ამერიკაშიც ეს პოზიცია უალტერნატივო არაა.

"იმ მოსმენებზე, სადაც მას სენატორმა რენ პოლმა საქართველოსთვის არამომგებიან კონტექსტში კითხვა დაუსვა, ის საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია, ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხის მიმართ, ამერიკის პოლიტიკურ ელიტაშიც ცალსახა დამოკიდებულება არ არის.

„საქართველოსთან მიმართებაში ბლინკენის ფასი მარტო ამითი არ განისაზღვრება, ის ჩვენს ქვეყანას კარგად იცნობს და მისი ფასი კარგად იცის, როგორც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორის.

"2016 წლის ინტერვიუში ის აცხადებს, რომ ამერიკისთვის საქართველო ძალიან ფასეული პარტნიორია, სწორედ ამ რეგიონში, როგორც ტრანსკასპიური დიდი ფართო რეგიონის კარიბჭე, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანების მოსვლით ამერიკის ადმინისტრაციაში საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიღო.

„მაგრამ ეს ერთიანი პოზიცია არაა და ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მინიმუმ ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში კონსენსუსი იყოს. მეორე კი რაც უმთავრესია არის ის, თუ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის თვალთახედვის არეში საქარათველო რამდენად მოხვდება, ეს მეტწილად საქართველოს პოლიტიკურ სპექტრზეა დამოკიდებული.

„ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან მიმართებაში ჩვენი მეზობლების მოლოდინებს დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს, განსაკუთრებით უკრაინისა და მოლდოვის მოლოდინებს. იქაც ცალსახა პასუხია და მათ შორის ამერიკელებიც ზუსტად ამას ამბობენ, რომ ყველაფერი თავად ამ ქვეყნების ხელისუფლებების აქტიურობაზეა დამოკიდებული.

„იმიტომ, რომ ბაიდენს, როგორც შიდა, ისე საგარეო იმდენი პრობლემა ხვდება, რომ ჩვენ თუ რიგში ჩავდექით და მათ როდის გავახსენდებით, აქედან კარგი არაფერი გამოვა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან რაიმე ტიპის აქტიურობას, როგორც ნატოსთან მიმართებაში, ისეე ამ რეგიონში და საქართველოში ამერიკის როლის გაზრდის თვალსაზრისით, კატეგორიულად გამოვრიცხავ.

მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ეს ტვირთი ოპოზიციაზე გადადის, თუმცა დასძენს, რომ ოპოზიცია ახლა სუსტი და დაქსაქსულია და ამ მხრივ ორმაგი მუშაობა მოუწევს, როგორც გაძლიერების თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო ურთიერთობების გამყარების კუთხით.

„ამიტომაც ამ ურთიერთობების ტვირთი ოპოზიცაზე გადადის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ამის პირველი ნაბიჯი ოპოზიციის გაძლიერება უნდა იყოს, იმიტომ, რომ ამერიკამ ეს ოპოზიცია რეალურ ძლიერ და საიმედო და სტაბილურ დასაყრდენად აღიქვას, რომელიც ხელისუფლებას კონკურენციას გაუწევს და პირველივე შესაძლებლობისთანავე მას ჩაანაცვლებს.

"ამ პროცესში გასწიოს მაქსიმალური ლობირება იმისა, რომ საქართველოში ამერიკის სამხედრო ინფრასტრუქტურა წარმოდგენილი იყოს, ნატო უკვე შემდეგი ეტაპია.

„ამიტომაც, ასე მარტივად ამ საკითხს ჩვენ ვერ შევხედავთ, კეთილგანწყობაა, მაგრამ ეს კეთილგანწყობა მზაობაში და მერე რომ რეალობაში გადავიდეს, აქამდე უზარმაზარი გზა გვაქვს გასაცვლელი.

„ყველა აღნიშნავს, რომ რუსეთი, როგორც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ბაიდენის დღის წესრიგის ერთ-ერთი პირველი საკითხი იქნება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, და კავკასიის რეგიონი რუსეთის გავლენების კიდევ უფრო შეკავება და ამ თვასაზრისით კი საქართველო ერთადერთი საყრდენი დარჩა, ესაა უმნიშვნელოვანესი მოცემულობა, რომლითაც საქართველომ უნდა ისარგებლოს.

„ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის ორი უმთავრესი პრიორიტეტი - ესაა ამერიკის ხემძღვანელობით მსოფლიოში დემოკრატიის ფლაგმანის როლის განმტკიცება და რუსეთის როლის შეკავება, ეს ორი საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე თვალსაზრისით კი ამერიკისთვის ამ რეგიონში შეუცვლელი პარტნიორები ვართ.

„ოღონდ ახალ ადმინისტრაციას „უნიკალური" მოცემულობით ვხვდებით, როცა საქართველოს ხელისუფლება არამცთუ გამოიყენებს ამ შესაძლებლობის ფანჯარას, არამედ კარებს მჭიდროდ დახურავს, მთელი ტვირთი კი ოპოზიციაზე გადადის, რომელიც ახლა სუსტი და დაქსაქსულია და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ თან მოძლიერდეს, თან სტაბილური პარტნიორი იყოს, თან ამ პროცესშივე საქართველოს ინტერესების ლობირება დასტიოს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის კარზე."- განაცხადა ლაგაზიძემ.

რაც შეეხება ვახტანგ მაისაის მოზაზრებას, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ნატო გადაწყვეტილებებს, არა ძლიერი ქვეყების პოზიციების გათვალისწინებით, არამედ კონსენსუსის საფუძველზე იღებს.

„1999 წლიდან მოყოლებული აშშ-ის ყველა ადმინისტრაცია საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი იყო, განსაკუთრებით ჯორჯ ბუშ ომცროსის მცდელობებს გამოვყოფდი, ეს მცდელობები ტრამპსაც არ დაუკლია, თუმცა აქ ამერიკის მხარდაჭერაზე არაა საუბარი, აქ საუბარი ნატოს სხვაწევრებზეა.

„ნატო არაა ის ორგანიზაცია, რომ რომელიმე ჰეგემონი, ანუ ძლიერი პოზიციის მქონე ქვეყანა ნატოს წევრ სახელმწიფოებს თავის აზრს თავს ახვევს, დემოკრატიული პლურარიზმია და გადაწყვეტილებები კონსენსუსუს საფუძველზე მიიღება.

"აქედან გამომდინარე, აქ საქმე არა ამერიკასთან, არამედ საქმე იმ სკეპტიკოს ქვეყნებთან გვაქვს, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ. ყოველ შემთხვევაში გარკვეული მიზეზების გამო აფერხებენ.

„ჯერჯერობით სკეპტიკოსი სახელმწიფოების მხრიდან რაიმე ტენდენციები არ განვითარებულა, იმიტომ, რომ მაღალი დონის ბოლო შეხვედრების დროს გაფართოების თემატიკა თუ იყო, მხოლოდ გარკვეული სახელმწიფოებზე იყო გათვლილი. როგორებიცაა ჩერნოგორია, ჩრდილოეთ მაკედონიის საკითხი, რაც შეეხება საქართველოს, უკრაინას და ბოსნია ჰერცოგოვინას, სამწუხაროდ ეს საკითხი არ დამდგარა და არ განხილულა.

„ყველაფერი დამოკიდებულია ჯო ბაიდენზე, თუ უახლოეს სამიტზე ნატოელ კოლეგებს როგორ თემატიკას შესთავაზებს, საქმე იმაშია უახლოეს სამიტზე ნატოს შემდგომი გაფართოების პოლიტიკა აქტუალური რამდენად იქნება, ამ სამიტის ფორმატში როგორი მესიჯები იქნება გაჟღერებული."- განაცხადა მან.

ანალიტიკოსის აზრით ახლა იმ სახელმწიფოებთანაა სამუშაო, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას სკეპტიკურად უყურებენ.

„ამერიკამ საქართველომ და ბალტიის სახელმწიფოებმა, რომლებიც ჩვენ მხარს გვიჭერენ და სტრატეგიული მეგობრები არიან, ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი საუბრებით სკეპტიკოსი სახელმწიფოების დარწმუნება უნდა მოვახდინოთ, რომლებსაც ამ მხრივ განსხვავებული ხედვა აქვთ.

"რა თქმა უნდა, ისინი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას მხარს უჭერენ, მაგრამ ნატოში გაწევრიანების საკითხზე მუხრუჭებს ამოწევენ ხოლმე.

„მე უფრო მგონია, რომ გარდა საფრანგეთი, გერმანია ა.შ. ქვეყნებისა, ვარშავის ანუ ღერძის მიმართულებითაა სამუშაო. რატომ პოლონეთი? იმიტომ, რომ ისაა საკმაოდ ძლიერი რეგიონული ჰეგემონი, მას საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს, მისი ეკონომიკა დღითიდღე იზრდება, ცხოვრებისა და დემოკრატიის დონე საკმაოდ მაღალია, მაღალი აქვს ასევე ევროკავშირსა და ნატოში გავლენა.

„სხვათა შორის ამერიკა-ხორვატია-პოლონეთმა სამი ზღვის ინიციატივა წამოაყენა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომლის ფორმატშიც შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს გაძლიერება ხორციელდება, ამ ფორმატში კი უკვე შეგვიძლია საქართველოს ნატოში გაწევრიანება მივაბათ.

„პოლონეთი საქართველოსა და უკრაინას ნატოში გაწევრიანებაზე ძალიან აქტიურად და პირდაპირ ლობირებს, ამიტომაც სასწრაფოდ საჭიროა, რომ ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზიტები განახორციელონ ლონდონში, ვაშინგტონში, ვარშავაში და ამ ინიციატივის განვითარების ფონზე ნატოს გაფართოვების თემატიკა დავაყენოთ უკვე ჩვენს მიღებასთან დაკავშირებით" - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბარნაბა ხონელიძე   (20.01.2021)
სანამ მასონები და მალეც დაგშლიან აშშ ს,მიგვიღეთ ნატოში.თქვენ განაჩენი მინისტრებმა უკვე გამოგიტანეს!:((


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )