ქრისტინე კაპანაძე
14.09.2021

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მწვავე სახეს იღებს მოქმედი მერის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კახა კალაძისა და ყოფილი პრემიერის, პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელ გიორგი გახარიას დაპირისპირება. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ეს თბილისის მერობისთვის მებრძოლი მთავარი სამეულის მესამე წევრის - „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას წისქვილზე ასხამს წყალს, რომელიც ამ მოვლენებს მშვიდად აკვირდება და აქედან პოლიტიკურ სარგებელს ელის.

მას შემდეგ, რაც გახარიამ საკუთარი თავი თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა, მისი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი მელიასთან ერთად კალაძის საჯარო დებატებში გამოწვევა იყო. მელია ამაზე დათანხმდა, თუმცა კალაძემ ამ ფორმატის დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ამის შემდეგ კალაძემ ნარკოტესტი ჩააბარა და თავის ოპონენტებსაც მოუწოდა ნარკოლოგიური შემოწმების გავლისკენ. ამ საკითხზე „ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებებში ღიად იკითხებოდა, რომ ამ მოწოდების მთავარი ადრესატი გიორგი გახარია იყო. თუმცა მან საქართველოში ნარკოტესტი გავლაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ ამას საზღვარგარეთ გააკეთებს.

დღეს „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გახარიამ კალაძის ეს გამოწვევა წააგო. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან’ იმაზე საუბრობენ, თუ როგორ შეცვალა წინასაარჩევნოდ ყოველივე ამან ამ ორი ყოფილი თანაგუნდელის რეიტინგები.

მოვლენების ქრონოლოგია - ურთიერთ სიმპათიები და გამოწვევები

აღსანიშნავია, რომ დღემდე კალაძეს და გახარიას ერთმანეთი მწვავედ ერთხელაც არ გაუკრიტიკებიათ. მეტიც, ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ყოფილი პრემიერი ღიად გამოხატავდა თავის სიმპათიებს დედაქალაქის მოქმედი მერისადმი.

„კახი არის ძალიან კარგი მერი და ღირსეული ადამიანი,“ - აცხადებდა გახარია ორიოდე თვის წინ. 

ასეთი პოზიცია ბუნებრივად მიაჩნდა კალაძეს, რომელიც აღნიშნავდა, რომ ოპონენტობა მტრობას არ ნიშნავს და გახარიას აღნიშნული განცხადება არავის არ უნდა გაუკვირდეს.

„ბევრმა გაიკვირვა გახარიას განცხადება ჩემთან მიმართებაში, რადგან ეს არ არის ერთგვარი პრაქტიკა, ვინაიდან თუ ოპონენტია, უნდა გადაუარო, რაც არ უნდა კარგი ჰქონდეს გაკეთებული. 

„მე ზოგადად გამიხარდება, რაც უფრო ბევრი ახალი სახე შემოვა პოლიტიკაში. არ არსებობს ნორმალური პოლემიკა პარტიებს შორის, არ არსებობს დებატები, დებატების დროს ხან ჭიქებს ესვრიან ერთმანეთს, ხან დედას აგინებენ. ეს აღქმა უნდა შევცვალოთ,“ - აცხადებდა დედაქალაქის მერი. 

ეს ხდებოდა მანამდე, სანამ გახარია ოფიციალურად წარადგენდა თავის კანდიდატურას თბილისის მერის არჩევნებში. მანამდე კი იგი პირადად შეხვდა მერიაში კალაძეს. ორივე მხარის ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი გახარია იყო და მას სურდა პირადად ეცნობებინა კალაძისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ თბილისის მერობისთვის აპირებდა ბრძოლას.

ამის შემდეგ გახარიას ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო კახა კალაძისა და ნიკა მელიას დებატებში გამოწვევა, თუმცა ამაზე კალაზემ უარი თქვა, რასაც ანალიტიკოსთა ნაწილი მოქმედ მერს შეცდომად უთვლის.

ამას მოჰყვა გამოწვევა თავად კალაძისაგან - მან ნარკოლოგიური შემოწმება ჩაიტარა და ოპონენტებს იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა. ამასთან დაკავშირებით გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს მოწოდება პირველ რიგში გახარიას ეხებოდა. იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ მისი ვარაუდით „ოცნებას“ კომპრომატები აქვს გიორგი გახარიაზე ნარკოტიკების მოხმარების, ან ნარკოტიკული თრობის დროს გადაღებული. 

„რომელიღაც კანდიდატზე, ჩემი ვარაუდით გიორგი გახარიაზე, აქვთ კომპრომატი, რომ ის ან ნარკოტიკს მოიხმარს, ან ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული,“ - განაცხადა მშვენიერაძემ.

თავად კალაძემ განაცხადა, რომ გახარია არაფერ შუაშია. 

„რა შუაშია გახარია. თუ იცით რამე - გვითხარით. ალბათ რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს ამასთან დაკავშირებით და ტესტს ამიტომ არ აბარებენ. მოგისმენიათ ჩემგან რამე, რომ თითქოს ვინმესთან დაკავშირებით ეჭვები მაქვს? არ არსებობს ბუნებაში ეგეთი რაღაც“, - განაცხადა კალაძემ.

მოგვიანებით, ნარკოტესტის საკითხზე კალაძის გამოწვევას გახარიამ თავისი განცხადებით უპასუხა, სადაც ამბობს, რომ ნარკოტესტს საქართველოში არ გაიკეთებს და ამისთვის ევროპაში საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩააბარებს თმის ანალიზს. 

„არ გავიკეთებ ტესტს კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ დავკარგავთ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს საარჩევნო კამპანიისთვის და გავფრინდებით ევროპაში საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს, ხოლო ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში,“ - განაცხადა გახარიამ. 

„ოცნებაში“ ეს განცახდება გახარიასთან დაკავშირებით არსებული ეჭვების დადასტურებად შეფასდა - საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ გახარიამ ეს გამოწვევა წააგო. 

„გიორგი გახარიამ ამ ეტაპზე იმდენად გაწელა და იმდენად ბევრი კითხვის ნიშანი გააჩნია კითხვებზე პასუხის ნაცვლად, რომ უკვე დიდი ინტერესიც აღარ იქნება მისი ნარკოტესტის პასუხებთან დაკავშირებით, რადგან თეორიულად და პარაქტიკულად, საზოგადოების წინაშე კალაძის ეს გამოწვევა მან უკვე წააგო,“ - აღნიშნავს მაჭარაშვილი.

ანალიტიკოსთა შეფასებები

ანალიტიკოსებს კი მიმდინარე პოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიციები აქვთ. ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ კალაძეს დებატებთან დაკავშირებით მცდარი პოზიცია აქვს, თუმცა ეს მის ამომრჩეველზე გავლენას ვერ მოახდენს, ისევე როგორც ნარკოტესტის საკითხი გახარიას ამომრჩეველზე.

„კალაძის პოზიცია, რომ ყველა კანდიდატი ერთად დაჯდეს დებატებზე, არ არის სწორი, ამას დებატები არ ჰქვია. დებატები უნდა მოხდეს ერთი ერთზე.

„ფაქტობრივად, საზოგადოება ჩამოყალიბებულია ამ კანდიდატების მიმართ. ზოგადად, ვერც დებატებით და ვერც ნარკოტესტით შეეცვლებათ ამომრჩევლებს აზრი. 

„გასაგებია, რომ კალაძის მიერ ნარკოტესტის შეთავაზება გახარიას მისამართით იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში „ოცნება“ რთულ ვითარებაშია - გამოდის, მათ ეჭვი ჰქონდათ, რომ გახარია ნარკოტიკის მომხმარებელი იყო და ასეთ ადამიანს მხარი დაუჭირეს ქვეყნის პრემიერად? 

„ძალიან სუსტი წერტილია ეს თავად „ოცნებისთვის“. თუ პრემიერად შეიძლება იყოს ნარკოტიკის მომხმარებელი, თბილისის მერად რატომ არ შეიძლება? ამიტომ სუსტი პოზიციაა ეს კალაძის მხრიდან. 

„ზოგადად ასეთი მოწოდებები ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკურად მოუმწიფებლები. ამ ყველაფერს უნდა არეგულირებდეს კანონი და არა ვიღაცის სურვილები. დღეს კალაძეს მოუნდა ნარკოტესტის ჩატარება, ხვალ ვიღაცას დებატები მოუნდება... არ არის ასე, აუწყობელი სისტემაა,“ - ამბობს ძაბირაძე. 

საკითხი თუ როგორ აისახება კალაძესა და გახარიას შორის დაძაბულობა მელიას რეიტინგზე, ძაბირაძე ამბობს, რომ მელიას რეიტინგი ამით არ გაიზრდება. 

„რაც შეეხება იმას, რომ ნარკოტესტის არგაკეთებით, ან დებატებზე უარის თქმით ვინმეს რეიტინგი დაეცემა, არ მგონია ეს იყოს განმაზღვრელი ვინმეს არჩევანში. ასევე მეეჭვება, რომ  კალაძე-გახარიას დაპირისპირებამ მელიას წისქვილზე დაასხას წყალი, რადგან „ოცნების“ ამომრჩეველი ნაკლები ალბათობით მისცემს ხმას მელიას, დიდი შანსია მისი ხმა გახარიას მიამრთულებით წავიდეს. 

„კალაძესა და მელიას მიმართ ამომრჩეველი ჩამოყალიბებულია. გახარია შედარებით ახალია და მას შეუძლია ხმები წაიღოს „ოცნებიდან“ და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან. შესაძლოა, რომ ნეიტრალურმა ამომრჩეველმა, ვინც სხვა ოპოზიციურ პარტიებს უჭერს მხარს, გახარია აირჩიოს და შედეგად გახარია და კალაძე ვიხილოთ მეორე ტურში მელიას გარეშე. ამის მოლოდინიც უნდა გვქონდეს,“ - ამბობს ძაბირაძე.

საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ ზუსტი რეიტინგების გასაგებად არჩევნებს უნდა დაველოდოთ. ასევე არ გამორიცხავს იმასაც, რომ მელია მიმდინარე მოვლენებიდან სარგებელს ელოდება და თავის კონკურენტებს მშვიდად ადევნებს თვალს. 

„რეიტინგებისთვის ყველაზე სწორი არის გამოკვლევების შედეგები. თუმცა, რასაც ბოლო დროს ვხედავთ, ეს გამოკითხვები და კვლევები არის პარტიული შინაარსის. ამიტომ მე პირადად ყველა პასუხს უშუალოდ არჩევნების დღეს ველოდები.

„ვფიქრობ, როდესაც გახარიამ მერობის კანდიდატად წარადგინა საკუთარი თავი, მის მიერ გაცხადებულ ზოგიერთ პრინციპს გადაუხვია კიდეც, ის ამბობდა მე არავის წინააღმდეგ არ ვმოქმედებო, თუმცა წარდგენის შემდეგ დაიწყო ტიპური პოლიტიკური ბრძოლა. 

„მელია მშვიდად გამოიყურება ამ ფონზე და აცდის საკუთარ კონკურენტებს სადამდე დაასუსტებენ ერთმანეთს. ამ სტრატეგიაში ლოგიკა არის რა თქმა უნდა,“- ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×