თამთა ჩაჩანიძე
12.05.2022

რუსეთმა ომის წამოწყებით სრულიად საწინააღმდეგო სიტუაცია მიიღო, ვერც უკრაინაში ვერ ახორციელებს გეგმებს და ნატოც ფართოვდება. დიდი ალბათობაა იმისა, რომ უახლოეს პერიოდში ალიანსში ფინეთი და შვედეთი ვიხილოთ, რაც რუსეთისთვის სრული კატასტროფაა, რადგან ნატოს ქვეყანასთან რადენიმე ასეული კილომეტრი საერთო საზღვარი ექნება. შექმნილმა სიტუაციამ შესაძლოა ევროკავშირიც გააფართოვოს და არც იმას გაორიცხავენ, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი დაჩქარებულად მიიღოს, თუმცა აქ საქმე ისე არაა, როგორც სამხედრო ალიანსის შემთხვევაში, რადგან დიდი ალბათობით რეფორმების გატარება აუცილებელი პირობა იქნება.

ფინეთის ნატოში ოფიციალური განაცხადის წარსადგენად პარლამენტის თანხმობა აუცილებელია, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰავისტოს განცხადებით, თუ ქვეყანა გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, ფინეთის შეერთება გააძლიერებს უსაფრთხოებას და სტაბილურობას ბალტიის ზღვის რეგიონისა და ჩრდილოეთ ევროპისთვის.

„ნატოს პერსპექტივიდან ფინეთს აქვს მყარი დემოკრატიული მანდატი. ის აკმაყოფილებს ნატოს წევრობის კრიტერიუმებს და აქვს ძლიერი და სანდო ეროვნული თავდაცვა, რომელიც თავსებადია ნატოსთან. დარწმუნებულნი ვართ, რომ ფინეთი ნატოს დამატებით ღირებულებას შესძენს. ჩვენი თავდაცვის ძალების ძალა ომის დროს არის 280 000 ჯარისკაცი, ხოლო გაწვრთნილი რეზერვი 900 000 კაცი და ქალი", - აღნიშნა ჰავისტომ.

ალიანსში შესვლას შვედეთიც გეგმავს და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ან ლინდეს განცხადებით, გადაწყვეტილებას უსაფრთხოების პოლიტიკის კონსულტაციების ანგარიშის წარდგენის შემდეგ მიიღებს.

რაც შეეხება ნატოს პოზიციას, ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ფინეთი ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და თუ განაცხადის გაკეთებას გადაწყვეტს, მას თბილად მიესალმებიან ნატო-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ფინეთის გაწევრიანება ნატოში აჩვენებს, რომ „ნატოს კარი ღიაა და რომ ფინეთი თავად წყვეტს თავის მომავალს".

როგორც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რუსეთმა უკრაინაში ომის წამოწყებით საწინააღმდეგო მიიღო და უახლოეს მომავალში კიდევ მიიღებს იმას, რომ მეზობელი ქვეყანა ნატოს წევრი ეყოლება.

„რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებით იმდენი გააკეთა, რომ ის წითელი ხაზები, რომელიც თითონვე გაავლო, რომ ნატოს წევრი ჩემი მეზობელი ქვეყანა არ შეიძლება იყოსო, ყველაფერი უკან შემოუბრუნდა. ამის ნათელი მაგალითი ისაა, რომ ცივი ომის პერიოდის ყველაზე ნეიტრალური ქვეყნები უკვე ნატოში შედიან.

„ეს გარდაუვალი პროცესია, უკვე დაწყებულია და დამთავრდება იმით, რომ ორივე ქვეყანა გაწევრიანდება. კონსულტაციებიდან ჩანს, რომ დასავლეთის და ნატოს არცერთი წევრი ქვეყანა წინააღმდეგი არაა, რადგან ეს ნატოსა და ამ ქვეყნების უსაფრთხოებას აძლიერებს და, რაც მთავარია, რუსეთს მომავალში ნატოს წევრ ფინეთთან ასეულობით კილომეტრიანი საერთო საზღვარი ექნება, რომელიც სანკ პეტერბურგთან ძალიან ახლოსაა და რომელიც რუსეთის უგუნურმა პოლიტიკამ გამოიწვია.

„ეს ორი ქვეყანა ნატოში ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს, მაგრამ სანამ მიიღებენ გარკვეული ტრანზიტული პერიოდი იქნება, როცა დაუცველები იქნებიან, ანუ ჯერ მეხუთე მუხლი არ დაფარავს და ამ პერიოში დაცულები როგორ იქნებიან, ესაა გადასაჭრელი. საქართველოსთვის და უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ესაა კიდევ ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც სკეპტიკოსი ქვეყნები საქართველოსთან მიმართებაში აღნიშნავენ, რომ მაპი რომ მოგვცენ, ამასობაში რუსეთი ისევ არ შემოიჭრას.

„ახლა მაგალითად ბრიტანეთი ამბობს, რომ ორივე ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიებს მივცემთო. მიმდინარეობს კონსულტაციები და მზაობას სხვა ქვეყნებიც გამოთქვამენ. ეს შესაძლოა ჩვენთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს, თუ მომავალში ეს საკითხი დადგა.

„ფინეთში უმრავლესობა ყოველთვის ნატოს წინააღმდეგი იყო, რადგან მათ რუსეთის აგრესია არ უნდოდათ, მაგრამ მათ ნახეს რუსეთმა უკრაინა რა დღეშიც ჩააგდო. ფინელი ხალხის სკეპტიკოსი ნაწილიც კი ინტეგრაციას უკვე მიესალმება, ეს ისტორიული მომენტია.

„ჩვენი ნატოში ინტეგრაციის პროცესი დამოკიდებულია იმაზე თუ უკრაინაში ომი როგორ დამთავრდება. რა იქნება შედეგი მთლიანად რეგიონისთვის. უკრაინის სიტუაცია თუ ახლანდელი დინამიკით გაგრძელდა, როცა ფაქტიურად დასავლურ სტანდარტებზე გადადის, როგორც შეიარაღების, ისე სხვა თვალსაზრისით და ომი მოიგო, ფაქტიურად ნატოს წევრი დე ფაქტოდ უკვე არის.

„შეიარაღებითაც და ბრძოლისუნარიანობითაც უკრაინას ყველაზე ძლიერი არმია ეყოლება ევროპაში. აქედან გამომდინარე უკვე აღარ მესმის ამ ომის დამთავრების შემდეგ, ნატოში გაწევრიანებაზე უარი რატომ უნდა უთხრან. რა თქმა უნდა რეფორმებზე და კორუფციაზე პრობლემები ჯერ კიდევ რჩება, მაგრამ ახლა ნატოსთვის ეს მნიშვნელოვანი არაა. თუმცა უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რა იქნება," - განაცხადა კაკაჩიამ.

რაც შეეხება იმას თუ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია ასევე დააჩქარებს თუ არა საქართველოს, უკირაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის საკითხსაც, კაკაჩია ამბობს, რომ შესაძლებელია, თუმცა შესაძლოა რეფორმები მოითხოვონ.

„რაც შეეხება ევროინტეგრაციას, შეიძლება, რომ უკრაინაში მიმდინარე სიტუაციამ პროცესი დააჩქაროს, მაგრამ ჩვენი სიტუაცია ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე თუ დიდი სახელმწიფოები - საფრანგეთი, გერმანია და სხვები - რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, სხვადასხვა მოსაზრებებია.

„ჩვენთან მიმართებაში რამდენიმე სცენარი არსებობს. კარგი ვარიანტი ისაა, რომ სამივე ქვეყანას, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მისცენ. მეორე - მისცენ კანდიდატის სტატუსი და მერე საქართველოს პირობა წამოუყენონ, რადგან საქართველოს უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით რეპუტაციული იმიჯი დაზიანებული აქვს, ჩვენი ხელისუფლების პოზიციიდან გამომდინარე. მესამე - ჯერ პირობითობა მისცენ, რაც შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო, ის რეფორმები შესრულდეს და მერე მისცენ კანდიდატის სტატუსი. სხვა ვარიანტებიც არის, თუმცა ზუსტად არავინ არ იცის რა როგორ მოხდება," - განაცხადა კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×