თამთა ჩაჩანიძე
03.07.2022

მოძრაობამ „სირცხვილია" საზოგადოებას 3 ივლისს აქციაზე მთელი ღამით რუსთაველის მოედანზე დარჩენა შესთავაზა, რათა ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს. ანალიტიკოსების შეფასებით, ორგანიზატორები აპირებენ, რომ მასობრივი გამოსვლები დაიწყონ და ესაა ერთგვარი ტესტი, თუმცა, ამასთანავე დასძენენ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ხალხს არ ეუბნება, იმას, რომ თუ „ქართული ოცნება" წავა, ხელისუფლებაში ვინ მოვა და თუ ნებისმიერი მომდევნო შეკრება გეგმის თვალსაზრისით ასეთივე უშინაარსო იქნება, საზოგადოებას გული აუცრუვდება.

„ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ 3 ივლისს, 20:00 საათზე კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე!

იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება.

პარლამენტთან გატარებული ღამე თითოეული მოქალაქისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, რისთვისაც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა" - ნათქვამია „სირცხვილიას" განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნებია გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ახალი მთავრობა ეროვნული თანხმობის საფუძველზე

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, აქციის ორგანიზატორები სავარაუდოდ პროტესტის განგრძობადობას უზრუნველყოფენ, შემდეგ მოვლენების განვითარებას დაელოდებიან და როცა საჭიროდ ჩათვლიან, არაა გამორიცხული, რომ პროტესტს „უფრო რადიკალური სახეც მისცენ".

„როგორც აქციის ორგანიზატორებმა დაანონსეს, თუ მთავრობა არ გადადგებოდა, აქციებს პერმანენტული ხასიათი მიეცემოდა, შესაბამისად ჩემი აზრით აქციაზე ღამით დარჩენაც იმითაა გამოწვეული, აცნობონ საზოგადოებას, რომ რაღაცნაირად თანმიმდევრულები არიან, თორემ აქცია ჯერ შედგეს, მერე ისევ თავიდან შეიკრიბნენ, საზოგადოებაში საპროტესტო მუხტს ამცირებს.

„დარჩებიან ისევ როგორც 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ იყვნენ, როცა აქცია გარკვეული პერიოდი გრძელდებოდა. რაც მე მოვისმინე, გავიგე, წავიკითხე, მითხრეს და არც თვითონაც არ მალავენ იმას, რომ თბილისში ბინები აქვთ დაქირავებული, მომარაგებული აქვთ ყველაფერი, რომ ჩამოყვანილი და ადგილობრივი ხალხის აქციაზე ყოფნა და მათი მონაცვლეობა უზრუნველყონ.

„გასაგებია, რომ ასეთ სიტუაციაში აქციაზე მუდმივად ერთი და იგივე ხალხი ვერ იქნება, ერთმანეთს შეენაცვლებიან და სავარაუდოდ ამით პროტესტის განგრძობადობას უზრუნველყოფენ. მერე უკვე ალბათ მოვლენების განვითარებას დაელოდებიან და როცა საჭიროდ ჩათვლიან, არ გამოვრიცხავ, რომ აქციას უფრო რადიკალური სახეც მისცენ.

„იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ამ ოგრანიზაციისა და მათი კურატორების ნამოქმედარით ვნახეთ, სრულიადაც არ გამოვრიცხავ იმ სცენარს, რომ გაიმეორონ ის, რაც 2019 წლის 20 ივნისს გააკეთეს. ამას საერთაშორისო ასპარეზზე თუ საქართველოში რა რეაქციაც მოჰყვა, აქედან გამომდინარე, შეიძლება იმის იმედი აქვთ, რომ პოლიცია უკვე ისეთ აქტიურ წინააღმდეგობას აღარ გაუწევს" - განაცხადა მან.

ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ორგანიზატორები პროტესტისთვის სერიოზულად ემზადებიან და მოსალოდნელია, რომ ბოლომდე დადგებიან.

„მეორეს მხრივ შესაძლოა სხვა მოქმედებებსაც მიმართონ - სამთავრობო უწყებების პიკეტირება იქნება ეს, თუ მინი აქცია-პერფორმანსები. ვისაც იგივე აკერმანის სულიერი მამის ჯინ შარპის წიგნი მშვიდობიანი თუ არაძალადობრივი რევოლუციების სახელმძრვანელო უნახავს, იქ 201 თუ 202 მეთოდია, სადაც აღწერილია სხვადასხვა სახის „არაძალადობრივი წინააღმდეგობა". ასე რომ, ფართო ასორტიმენტი აქვთ.

„ფული არ უჭირთ, ბევრი აქვთ. 3 ივლისის აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკვე აშკარა გახდა, რომ ამ აქციის უკან პოლიტიკური პარტიები დგანან. გაცხადდა, რომ აქციის მონაწილეების ტრანსპორტირებას „ლელო" აფინანსებს, ორგანიზებაში ენმ-ც ჩართულია, სავარაუდოდ სხვა პარტიებიც არიან.

„არ გამოვრიცხავ, რომ ამ აქციას ის ადგილობრივი ბიზნესები თუ ბიზნესმენები აფინანსებდნენ, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ არიან განწყობილები, ზოგიერთი მათგანი პარლამენტშიც ზის, ასე რომ, პროტესტისთვის სერიოზულად ემზადებიან და საკმაოდ მაღალი ფსონებია დადებული, რომ აქცია ასე მარტივად არ ჩაამთავრონ, ამიტომ აუცილებლად დადგებიან ბოლომდე", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

როგორც კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, როგორც ჩანს აქციის ორგანიზატორები მასობრივი პროიტესტისთვის ემზადებიან, თუმცა, თუ ყოველი მომდევნო აქცია გეგმის თვალსაზრისით უშინაარსო აღმოჩნდა, საზოგადოებას გული აუცრუვდება.

„ჩემი აზრით, ორგანიზატორები აპირებენ, რომ მასობრივი აქციები დაიწყოს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარში ამოუდგება და დიდი ხნით გაჰყვებიან, ღამის თევითაც და პერმანენტულადაც. შესაძლოა ახლა ამოწმებნენ თუ ღამით რამდენი ხალხი დარჩება.

„იმ ფონზე, როცა ახლა უკრაინაში ჩვენთვის კვდებიან, აქციის ორგანიზატორები სცდიან თუ ქართველი ხალხი რამდენად მზადაა, რომ ქუჩაში ღამისთევით გამოვიდნენ. მაგრამ აქ მეორე საკითხია, ეს გამოსვლა რამდენად შინაარსიანია, რადგან საქართველოს მოქალაქე თუ გარისკავს და ქუჩაში გამოვა, ის კომფორტის ზონიდან გამოვა, მან კი შედეგად რაღაცა უნდა მიიღოს, ეს ხალხი ფიქრობს რა უნდა იყოს ამისი შედეგი.

„ჯანდაბას გამოვედი და ქუჩაში ერთი კვირა დავრჩი, დავუშვათ წავიდა ღარიბაშვილი, შედეგი რა იქნება, ღარიბაშვილი 2? რა არის ის ფასი, რის გამოც მოქალაქე ქუჩაში გამოვა. „სირცხვილიას" რამდენადაა ის ძალა, რომელიც ამას გააკეთებს, თუ მერე ისევ ხელში სააკაშვილი შემრჩება, რომელიც საშუალო სტატისტიკურ ქართველს არ უყვარს.

„თუ ამის უკან ისევ სააკაშვილია და ხალხი გრძნობს, რომ საბოლოო ჯამში ეს ასეა, იფიქრებს რატომ უნდა გავიდეს და მისთვის მიუღებელი ივანიშვილი მისთვისვე ასევე მიუღებელ სააკაშვილზე რატომ უნდა გაცვალოს. ანუ, იფიქრებს, თუ ამ უაზრო ცვლილებას რა აზრი აქვს, რას მიიღებს, მისი ქუჩაში დგომა რითი დაკმაყოფილდება? საშუალო სტატისტიკური ქართველი ვერ ხედავს ქუჩაში თუ გინდ ერთკვირიან გმირობის სანაცვლოდ რას მიიღებს.

„ამ მუხტში ეს სიზარმაცე იგრძნობა, სიზარმაცეს კი ის ეხმარება, რომ არავინ არ იცის რა შედეგი იქნება, შედეგი რომ მკაფიოდ გამოკვეთილი იყოს, რომ „ოცნება" წავა და ნამდვილად ღირსეული ხალხი მოვა, რომელიც ყველა ქართველის მოლოდინებს დააკმაყოფილებს, ქუჩაში ძალიან ბევრი ხალხი გამოვა.

„ერთადერთი რამაც შესაძლოა ხალხი ქუჩაჩი გამოიყვანოს, ესაა 2 ივლისის სამარცხვინო ფაშისტების გამოსვლა, ეს ქართველი ერის ყველაზე შემარცხვენელი საქციელი იყო, რაც შაბათს შავრაზმელებმა ჩაიდინეს. ტრაგედია ისაა, რომ კი ვიღაცეები ვითომ დააპატიმრეს, მაგრამ ხელისუფლება ამას ხელს უწყობს.

„არავითარი ლოგიკა არ არსებობს, უკვე მესამეჯერ ერთი და იგივეზე ხალხი გამოვიდეს, არაფერი არ ხდება და სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკურ ლოზუნგებს აჟღერებს, ეს კი ოპოზიციის ფუქნციაა. თუ ღარიბაშვილი და „ოცნება" მიდის, სამოქალაქო საზოგადოება ხომ ვერ მოვა, ვიღაცა პოლიტიკური ფიგურა უნდა მოვიდეს და ეს ფიგურა ვინაა? ენმ და ოპოზიცია?

„აქციის ორგანიზატორები ვერავითარ არჩევანს ვერ სთავაზობს გარდა იმისა, რომ ხელისუფლებიდან „ოცნება" უნდა გაუშვან, რაც ყველას უნდა, მეც მინდა, მაგრამ მერე რა იქნება ვერ ვხედავ.სამოქალაქო სექტორმა უნდა შეთავაზოს მერე რა იქნება. სხვანაირად საზოგადოიებას გული აუცრუვდება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ თუ ორგანიზატორებმა გეგმების თვალსაზრისით აქციები ისევ უშინაარსოდ განაგრძეს, პროტესტი მილევადი იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×