თეონა ვეშაგური
04.07.2022

მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულებული აქციის შემდეგ აქტივისტებმა შენობის სამოქალაქო შესასვლელი დატოვეს - პოლიტიკოსები და ექსპერტები კი შეფასებებს აკეთებენ 3 ივლისის აქციის შემდეგ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აქციის ორგანიზატორების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არავინ აპირებს.

3 ივლისის აქციის ბოლო ნაწილი ორშაბათს დილით დასრულდა. პროტესტი დილიდან დასარტყამი ინსტრუმენტების, სტვენის და განგაშის სიგნალის ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობდა. მათმა ნაწილმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენა. დილით იყო მცირე დაპირისპირებაც, როცა პოლიციამ მათ მოუწოდა დაეტოვებინათ ე.წ პარკინგის ტერიტორია, იქ სადაც ადმინისტრაციის სამანქანო შესასვლელია.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეისთვის დასახული მიზანი მიღწეულია

"ვერ მოახერხა მთავრობამ, რომ 11.00 საათზე შემდგარიყო მთავრობის სხდომა, ამიტომ ეს მიზანი პრაქტიკულად მიღწეულია, თუმცა, ეს სიმბოლურია. სწორედ ასე უნდა გაგრძელდეს პროტესტი, არა მხოლოდ თბილისში, ასევე, რეგიონებში. მთავრობას, რომელსაც აღარ აქვს ლეგიტიმაცია, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, როდესაც ხელს უშლის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, დაკარგული აქვს ნდობა საზოგადოების მხრიდან, არ უნდა ჰქონდეს იმის კომფორტი, რომ უტიფრად აგრძელებდეს მუშაობას.

„დღეს დამატებით რაიმე შეკრება არ იგეგმება," - აცხადებს მოძრაობა "სირცხვილიას" დირექტორი გიორგი მჟავანაძე.

მოძრაობა "შინ ევროპისკენ" აქციის მთავარ მოთხოვნას პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობის გადადგომა წარმოადგენდა. აქციის მონაწილეების თქმით, ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისთვის აუცილებელია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ეს მხოლოდ ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებშია შესაძლებელი.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ დღითი-დღე სულ უფრო ნაკლები ადამიანი იქნება, ვინც აქციის ორგანიზატორებს თანაუგრძნობს.

"ეს ჩანს აშკარად, რომ თითქოს ეს იყო სამოქალაქო მოძრაობა, ამ დებულებამ ყოველგვარი რესურსი ამოწურა და საზოგადოებამ დაინახა, რომ ამის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა" და ადამიანები, რომლებიც განწყობილნი არიან დაუოკებელი წყურვილით, რომ ხელისუფლება მოიპოვონ არა არჩევნების გზით, არამედ გარკვეული დესტრუქციული სქემების გათამაშებით.

„ის, რაც 20 ივნისს იყო საზოგადოებისთვის აქტუალური, ეს მუხტი და ეს განწყობა არ არსებობს, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ ამის ობიექტური აუცილებლობა არ არსებობს. არავის უნდა თავის გულწრფელი დამოკიდებულება, საკუთარი მსოფლმხედველობითი გადაწყვეტილება, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი, ვიღაცის კერძო პარტიკულარულ ინტერესებს შეუსაბამოს, რომელიც არცთუ ისე კეთილსინდისიერად გამოიყურება,"- განაცხადა სარჯველაძემ.

თბილისში გამართული აქცია შეაფასა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემაც. მისი თქმით, აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არავინ აპირებს.

„გამიჭირდება შეფასება. ალბათ, ვისაც არ ჰქონდათ ნანახი "ლიბერასტების" პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი.

„რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მითუმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ აპირებს. ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას და ხალხის სამსახურს", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ აქციის ორგანიზატორებს არ აქვთ სამოქმედო გეგმა, რაც სამწუხაროა და კიდევ უფრო აძლიერებს „ქართულ ოცნებას".

„აქციის ორგანიზატორებს აშკარად არ აქვთ გეგმა, ზოგადად, როგორც კი ისინი იწყებენ მონაწილეების გადაადგილებას ხან ივანიშვილის რეზიდენციასთან და ხან მთავრობის ოფისთან, ეს ნიშნავს, რომ მათ არ იციან რა გააკეთონ, რაც სამწუხაროდ, არის ცუდის ნიშანი. რატომ ჰქგონიათ, რომ რამეს ცვლის თუ პარლამენტიდან მთავრობის ოფისამდე მივა ხალხი, არ მესმის. პირიქით, სასაცილოდაც არ ჰყოფნის ეს მოქმედებები ხელისუფლებას.

„კარგად უნდა დაფიქრდნენ რა უნდათ, ასე არ იშლება „ქართული ოცნება", ყველგან უმრავლესობაში არიან, ამტკიცებენ ბიუჯეტს, აკონტროლებენ პროკურატურასა და სასამართლოს. მათ შეუძლიათ აკონტროლონ ყველაფერი და არ მესმის რატომ უნდა დაუთმონ?

„თავის მხრივ, ოპოზიციას არ მიყვება საზოგადოება, აშკარად არის ნიჰილიზმი საზოგადოებაში. ქუჩაში ყოფნა ძალიან კარგია, მაგრამ დიდია საზოგადოების ის ნაწილი რომელიც არ არიან არც აქციების და არც „ოცნების" მხარეს. მათ ურჩევნიათ არაფერი შეიცვალოს, ვიდრე ღმერთმა უწყის როგორ შეიცვლება ყველაფერი. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ საჭიროა მართვა ხელში აიღონ პოლიტიკოსებმა და არა სამოქალაქო სექტორმა, მათი საქმე არ არის აქციები. მათი საქმეა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების დეტალებში გაწერა. არ ჩანს რა უნდათ და, რატომ გამოჰყავთ ქუჩაში ხალხი, რითიც აძლიერებენ ოცნებას.

„რაც შეეხება აქციების გაგრძელების პერსპექტივებს, მაინც გავა ქუჩაში საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მაგრამ მინელდება საპროტესტო მუხტი. ზაფხულია და რეგიონებში წავა ხალხი დასასვენებლად, ამიტომ უფრო დაეცემა მუხტი შემოდგომამდე, თუ რაიმე სისულელე არ ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვს უკვე მიუღებელია „ქართული ოცნება" მათ არ იციან რატომ უნდა შეცვალონ ის და რა მოხდება მისი შეცვლით.

„აუცილებელია სამოქალაქო სექტორმა და ოპოზიციამ ერთად გაწერონ ხედვა, რაში ხედავენ გამოსავალს, რადგან, ისე, როგორც დღეს ცხოვრობს საქართველო, ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის 80%. ნუ გგაონიათ, რომ ამას ვერ აიტანს მოსახლეობა. რატომ გგონიათ, რომ უკეთესები არიან ქართველები ? - აშკარად არის კრიზისი, რომ საზოგადოებას არ უნდა ცვლილებები.

„მართალია, რაღაც ნაწილს უნდა და გამოდის ქუჩაშიც, მივესალები, მაგრამ რამდენი პროცენტია ეს? - ამას აჩვენებს არჩევნები. თუმცა, როცა იქნება ვადამდელი თუ მორიგი არჩევნები ჩვენ მაინც დავინახავთ, რომ ასეთ პირობებში ისევ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება" ისინი მშვიდად და წყნარად არიან. ეს არის იმის ბრალი, რომ ხალხი ვერ ხედავს მათი ინტერესების გამტარებლებს.

„მე თუ ვხედვ, რომ რეგულარულად ჩამომდის წყალი სახურავიდან, ხომ მომინდება მისი შეცვლა? - რა თქმა უნდა, მაგრამ, თუ არ მაქვს ფინანსები და საშუალება, რომ გამოვცვალო, ვერ შევძლებ, როგორც არ უნდა მინდოდეს მაინც ჩამოვა ეს წყალი, ამიტომ მირჩევნია სულ არაფერს, იგივე დარჩეს. დარწმუნებული ვარ, უკეთესი პირობები და ცხოვრება უნდა მოსახლეობის 90% -ს მაგრამ ვერ ხედავენ ვინ გამოცვლის ამ „სახურავს" რადგან არ არსებობს საშუალება" - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×