თეონა ვეშაგური
04.07.2022

„თუ ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობის გარანტირება ნამდვილად მოხდეს და უკრაინისთვის ღირსეული პირობებით, ნატოს სამშვიდობო მისიის გარეშე შეუძლებელი იქნება" - ამის შესახებ პოლონეთის მმართველი პარტიის „სამართალი და სამართლიანობას" ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი საუბრობს. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ახლა აუცილებელია ნატოს სამშვიდობო ძალები შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე.

მისივე თქმით, ეს არის ერთადერთი გზა, რომ გარკვეულწილად დააბალანსდეს რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები.

„ჩემი აზრით, აუცილებელია ამ შემთხვევაში ნატოს სამშვიდობო ძალები შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, ეს გარკვეულ წილად დააბალანსებს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს. არ ვიცი რამდენად რეალური იქნება, თუმცა, ახლა აუცილებელიცაა ამის გახორციელება.

„ამასთან მაქსიმალურ ძალისხმევას ახდენს რუსეთი, რომ საბოლოოდ დაიკავოს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები. სხვა გზა არ არის, ძალა უნდა აჩვენო რუსეთს, რათა დაშოშმინდეს მისი იმპერიალისტური ამბიციები. ამ შემთხვევაში იძულებულები გახდებიან შეეგუონ არსებულ რეალობას.

„რაც შეეხება მესამე მსოფლიო ომის საკითხს, ასე თუ ისე, ის უკვე მიმდინარეობს არაპირდაპირი სახით. ამ შემთხვევაში, უბრალოდ უფრო დაბალანსდება ძალთა თანაფარდობა ნატოს სამშვიდობო ძალების შესვლით". - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

კაჩინსკის განცხადებით, კიევის პირობებით უკრაინაში მშვიდობის გარანტირება მხოლოდ ნატოს სამშვიდობო მისიას შეუძლია. თუმცა, კაჩინსკიმ ისიც განმარტა, რომ მსგავსი სცენარის განხორციელება ნაკლებსავარაუდოა.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობის გარანტირება ნამდვილად მოხდეს და უკრაინისთვის ღირსეული პირობებით, ნატოს სამშვიდობო მისიის გარეშე შეუძლებელი იქნება. მოხდება თუ არა ეს? თუ ვინმემ იცის ამ საქმის დეტალები, ესმის, რომ ეს გამორიცხული არ არის, თუმცა, ასევე ნაკლებსავარაუდოა",- განაცხადა მან.

პოლონელი პოლიტიკოსის თქმით, ომი უკრაინაში შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ან გაყინული იქნება.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს სამშვიდობო მისია რუსეთთან საბრძოლველად არ არის ... ეს მისია იმისთვის არის, რომ რუსებს ვუთხრათ: ყველაფერი დასრულდა",- განაცხადა კაჩინსკიმ.

ის ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინელ სამხედროებთან უშუალო შეტაკებისას რუსეთის ჯარს შანსი არ აქვს, რადგან მათ გაცილებით მძიმე მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვთ. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინელების გამარჯვების პირობა შეიარაღებაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×