უკრაინას პოლონური ჰაუბიცების „კრაბ"-ის ახალი პარტია მიეწოდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მტერს არ აქვს გამბედაობა, აღიაროს დამარცხება და წავიდეს უკრაინული მიწიდან, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე დანაკარგები აქვთ. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ პოლონურ ჰაუბიცებს შეუძლიათ საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენონ რუს ოკუპანტებს. მისევე თქმით, დროულადაც მიუსწრო დასავლურმა შეიარაღებამ უკრაინულ მხარეს, რაც ფაქტიურად გაათანაბრებს ძალთა ბალანსს ფრონტის ხაზზე.
„პოლონური „კრაბ" არის თანამედროვე, მძიმეკალიბრიანი, თვითმავალი ჰაუბიცა, რომელსაც საკმაოდ შორ მანძილზე შეუძლია გასროლა, ეს არის დაახლოებით 40 კილომეტრი. ამასთან, კლასიფიკაციით უტოლდება ამერიკული ჰაუბიცების წინა მორბედს. ამ „კრაბ"-ებს შეუძლიათ საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენონ რუს ოკუპანტებს.
„რაც შეეხება რუსების მიზნებს უკრაინაში, მათ სურთ დაიკავონ მთლიანად დონეცკის ოლქი, როგორც ლუგანსკის შემთხვევაში. ასევე წაიწიონ წინ ზაპოროჟიესა და ხარკოვის მიმართულებით, მერე კი აიღონ ოპერატიული პაუზა, რათა მზადება დაიწყოს შემდგომი საოკუპაციო გაფართოებისათვის, რაც წავა სამხრეთით, მიკოლაევ-ოდესის მიმართულებით. ამ ეტაპზე, ეს არის რუსეთის სარდლობის ჩანაფიქრი.
„იმედია, რომ ამ ჩანაფიქრის გახორციელებას ვერ შეძლებს რუსეთი, რადგან უკრაინელები სწრაფად ავითარებენ საბრძოლო ხელოვნებას. საკმაოდ დროულადაც მიუსწრო დასავლურმა შეიარაღებამ, ფაქტიურად გაათანაბრეს ძალთა ბალანსიც ფრონტის ხაზზე, იგივე საალტილერიო და კონტრსაბატარეო დუელების პოტენციალის მიხედვით. შესაბამისად, უკრაინელები არიან ბევრად უფრო მოტივირებულები და უფრო კარგად შეიარაღებულებიც. მართალია, თანაფარდობა ოდნავი უპირატესობით რუსეთის მხარესაა, მაგრამ უკრაინელებმა შეძლეს ამ კუთხით, სერიოზული გარდატეხის პირობების შექმნა". - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომ უკრაინას პოლონური ჰაუბიცების „კრაბ" ახალი პარტია მიეწოდა. მისივე თქმით, კიევში გამართა მოლაპარაკებები პოლონეთის ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან მარიუშ ბლაშაკთან.
„მან ჩვენ კრაბ -ები ჩამოგვიტანა - ისინი, რომლებიც მძლავრად დააპურებენ ჩვენს მტერს ცეცხლით",- აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკი ამბიბს, რომ მოლაპარაკებების საკვანძო საკითხი შემდგომი თავდაცვითი თანამშრომლობაა.
„თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაზეც ვისაუბრეთ, არამედ ისიც, როგორ ვისაუბრეთ. აბსოლუტური რწმენით უკრაინის მომავალთან დაკავშირებით, უკრაინის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ასევე მიმდინარეობს ჩემი ყველა დანარჩენი მოლაპარაკებები. ეს ყოველთვის იგრძნობა",- განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
მანვე აღნიშნა, რომ ოკუპანტები ვერ ეგუებიან მარცხს უკრაინის მიწაზე და დანაკარგების მუხედავად არ ბრუნდებიან სახლში.
„რუსეთის ფედერაციამ უკვე კარგად იგრძნო რას ნიშნავს თანამედროვე არტილერია და მათ არ ექნებათ უსაფრთხო ზურგი არსად ჩვენს მიწაზე, რომლის ოკუპაციაც მოახდინეს. მათ იგრძნეს, რომ ჩვენი მზვერავების ოპერაცია საკუთარი სამშობლოს დასაცავად ბევრად ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი მათი სპეცოპერაცია.
„რუს ჯარისკაცებს და ჩვენ ეს ვიცით მათი საუბრის მოსმენის შედეგად, გულწრფელად ეშინიათ ჩვენი შეიარაღებული ძალების. 139 დღე ასეთი ომის, თითქმის 20 კვირა, მსოფლიოში ე.წ. მეორე ჯარს ეშინია უკრაინელების და შეუძლია რამის გაკეთება მხოლოდ ძველი საბჭოთა იარაღის უსაზღვრო მარაგის წყალობით. აღარ აქვთ მათ არც სტრატეგიული ძალა, არც ხასიათი, არც აღქმა იმისა, საერთოდ რას აკეთებენ აქ - ჩვენს მიწაზე. არ აქვთ მცირეოდენი გამბედაობაც კი აღიარონ დამარცხება და წაიყვანონ ჯარი უკრაინული მიწიდან",- განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინას შესწევს ძალა თავი დაიცვას, ხელახლა ააშენოს და განახორციელოს ყველა საგარეო
პოლიტიკური მიზანი. „როდესაც ამისთვის გულწრფელად მუშაობს მილიონობით ადამიანი - ყველა თავის დონეზე, შედეგი აუცილებლად იქნება",- განაცხადა ზელენსკიმ.