თამთა ჩაჩანიძე
02.08.2022

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ექსპრეზიდენტ დმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელ „ვ კონტექტე"-ს პირად გვერდზე სტატუსი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოზე უკრაინაზე, მოლდოვასა და ყაზახეთზეა საუბარი. ტექსტი 10 წუთში წაიშალა. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის წარმომადგენელი კი ირწმუნება, რომ პოსტი მედვედევს არ დაუწერია და რომ გვერდი გაუტეხეს, ამავეს ამბობს თავად სოცქსელი „ვკონტაქტე".

„ნაციონალისტების ბანდებისგან უკრაინის მთელი ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ, რუსეთი კვლავ გაერთიანდება. ჩვენ წავალთ მომდევნო კამპანიაში, რათა აღვადგინოთ ჩვენი სამშობლოს საზღვრები, რომლებიც, მოგეხსენებათ, რომ არსად არ მთავრდება.

„1801 წლამდე ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველო იყო, არ არსებობდა და ის მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში ჩნდებოდა. ჩრდილოეთი და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს ტერიტორიები შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ რუსეთთან, ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში.

„ყაზახეთი არის ხელოვნური სახელმწიფო და ყოფილი რუსეთის ტერიტორია. სანამ რუსები იქ არ მივლენ, წესრიგი არ იქნება", - აღნიშნული იყო მედვედევის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

უკვე წაშლილი წერილის ე.წ. სქრინშოტი რუსმა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა თავის ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, პოსტი წაიშალა.

წერილთან დაკავშირებით რუსულმა მედიამ მედვედევის თანაშემწის ოლეგ ოსიპოვის კომენტარი გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ მედვედევს გვერდი გაუტეხეს და „ყველაფერს გაარკვევენ სოციალური ქსელის ადმინისტრაცია და ვისაც ეს ევალება".

თავად „ვ კონტაკტე"-ში აცხადებენ, რომ წერილი მედვედევს არ დაუდია, გვერდი გაუტეხეს და უსაფრთხოების ჯგუფი მიზეზებს ადგენს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, არ აქვს მნიშვნელობა რეალურად რა მოხდა - გვერდი მართლაც გაუტეხეს, თუ მედვედევმა სოციალურ ქსელში წერილი რეალურად დადო და მერე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა წააშლევინეს, რადგან ეჭვი არავის ეპარება, რომ თავად ტექსტი ტრადიციული რუსული „ისტერიული ბოდვაა" და მედვედევი ამ ტექსტზე ხელის მომწერია.

„ძნელი სათქმელია რა მოხდა, მაგრამ თვითონ ტექსტი რომ ტრადიციული რუსული ისტერიული ბოიდვაა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ბატონი მედვედევი რომ ასეთ ტექსტზე ხელის მომწერია, არც ამაში ეპარებათ ეჭვი, ყოველ შემთხვევაში უკანასკნელი თვეების განმავლობაში უკრაინასთან მიმართებაში თავი ამგვარი უაზრო პოსტებით გამოიჩინა.

„გამომძიებელი არ ვარ, რომელსაც ასეთი საიდუმლოების გახსნა შეუძლია, მაგრამ ერთი რამაა - ვიღაცას აინტერესებდა, რომ ეს ინფორმაცია მასობრივ მედიაში გასულიყო და გააკეთეს კიდეც. რუსეთში უამრავი ადამიანია, რომელიც ამგვარი ნაბოდვარითაა დაინტერესებული.

„ეჭვიც არ მეპარება, რომ მსგავსი რამ რუსეთის ყოფილი იმპერიის სხვა ნაწილებსაც შეეხება, რომლებიც რუსეთს დაპყრობილი ჰქონდა და რომლებთან მიმართებაშიც რუსულმა პროპაგანდამ თავის დროზე ამგვარი მითები წარმოშვა, შეგვიძლია ეს 90-იანი წლების, ან უკანასკნელი ათწლეულების პრესაში ვნახოთ და ა.შ.

„რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ესაა პროფილი, სახე იმ აზროვნებისა, რომელიც რუსეთის საკმაოდ მაღალ როგორც პოლიტიკურ, ისე ინტელექტუიალურ წრეებშიც ბატონობს. ამის პროდუქტი მეტი კი არაფერია, თუ არა ახლა უკრაინა", - განაცხადა მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

მისივე თქმით, ტექსტში მოცემული გეგმის განხორციელების პოტენციალი და რესურსი რუსეთს არ აქვს.

„ეს ყველაფერი ფაქტიურად უკვე სიკვდილის წინ ძირს დანარცხებული მონსტრის უკანასკნელი წამოძახილებია, რადგან მაინც არ ეთმობა ის, რასაც მისი იმპერიული წარსული ჰქვია და პოსტთან დაკავშირებული ინციდეტიც ამის გამოძახილია. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაწერა, ვინ დაპოსტა და განათავსა სოციალურ ქსელში - მედვედევმა თუ სხვამ. ესაა აზრი, რომელიც რუსულ საზოგადოებაში ტრიალებს და რომლის კულტივირებას პოლიტიკური ელიტა მაქსიმალურად ცდილობს. ეს პოსტი კი ამ ყველაფრის კიდევ ერთი დასტურია", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×