თეონა ვეშაგური
14.08.2022

დღეს არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რთულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12 რეკომენდაციის დათქმულ ვადაში შესრულებაზე საუბარი. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. თუმაცა, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა 2024 წლის არჩევნებზე „ოცნებამ" ხმების დიდი რაოდენობა დაკარგოს - ასე აფასებენ ექსპერტები მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებას, რომ რეფორმებზე მუშაობა გრძელდება და წლის ბოლოს ქვეყანა 12 რეკომენდაციას შეასრულებს.

ექსპერტი, კორნელი კაკაჩია „რეზონანთან" საუბრისას აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიების უთანხმოებისა და ამასთან ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ცალ-ცალკე მუშაობის ფონზე ეჭვქვეშ დგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პერსპექტივა.

„ღმერთმა ქნას წლის ბოლომდე შესრულდეს თორმეტივე რეკომენდაცია, მაგრამ იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს, რთულია ამაზე საუბარი. ერთმანეთთან არ თანამშრომლობს ხელისუფლება და ოპოზიცია, გვაქვს ორი პარალელური პროცესი. ამიტომ არ მგონია ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდეს.

„აღნიშნულ საკითხებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარეს - როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას, მაგრამ უფრო მეტია მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა, რადგან ხალხის არჩეული ისინი არიან. ამ გადმოსახედიდან, რთულია წინასწარ საუბარი შედეგებსა და ხალხის რეაქციაზეც", - განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".

როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი ამბობს, ჯერჯერობით არ ჩანს იმის ფიქრის საფუძველი, რომ აღნიშნული რეკომენდაციები გახორციელდება.

„ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ არ ვიცი რამდენად რეალურად მოხდება ეს. არსებობს რამდენიმე პუნქტი, რომელთაც ჯერჯერობით არ უჩანთ შესრულების პირი.

„ამ შემთხვევაში უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ოპოზიცია იმისთვის არის, რომ გააკრიტიკოს მმართველი გუნდი და არა იმისთვის, რომ აიღოს პასუხისმგებლობა.

„ამასთან, არ მგონია ხალხის განსაკუთრებული მღელვარება მოჰყვეს აღნიშნულ პროცესებს, მაგრამ თუ რეკომენდაციები არ შესრულდა, „ოცნება" დაკარგავს ხმების დიდ რაოდენობას 2024 წლის არჩევნებისთვის", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ წლის ბოლოს ქვეყანა შეასრულებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას, რაზეც დამოკიდებული იქნება, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

„აქ არის, რა თქმა უნდა, მითითებები შესასრულებელ სამუშაოებზე, გასატარებელ რეფორმებზე, ნაკლოვანებებზე და ასევე არის საუბარი იმ წარმატებებზე, რომლებიც, ასოცირების დღისწესრიგის ფარგლებში, ხელშესახებად აქვს საქართველოს მოპოვებული და წარმოდგენილი. საუბარია იმ განგრძობით რეფორმებზე, რომელიც დღის წესრიგიდან გამომდინარეობს, იმ წინსვლებზეა საუბარი და მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება და მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს ჩვენ, როცა შევასრულებთ ამ 12 პუნქტს, წუხილები გარკვეული მიმართულებებით ნიველირდება და გაქარწყლდება, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ამისთვის „ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს და არაფერს არ დაიშურებს," - აცხადებს ცაგარეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×