„იგი საჯარო განცხადებებს იმ იმედით აკეთებს, რომ პარტიის რიგითი მხარდამჭერები ენმ-ის მენეჯმენტზე ზეწოლას მოახდენენ"
ნატალია ჯვარიძე
20.04.2024

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მორაობის" წევრებს საჯაროდ მიმართავს, რომ უახლოეს დღეებში პარტიის მმართველი ბორდი შექმნან და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო მის მოადგილედ - სოფო ჯაფარიძე. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ სააკაშვილს პარტიაზე კონტროლი საბოლოოდ დაკარგული აქვს და იგი საჯარო განცხადებებს იმ იმედით აკეთებს, რომ პარტიის რიგითი მხარდამჭერები ენმ-ის მენეჯმენტზე ზეწოლას მოახდენენ.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ექსპრეზიდენტი საჯაროდ ითხოვს მაღალ პოლიტიკური თანამდებობას ენმ-ში. პირველად ასეთი იდეით ის გასული წლის შემოდგომაზე, პარტიაში მწვავე შიდა დაპირისპირების დროს გამოვიდა, თუმცა უშედეგოდ.

სოციალური ქსელით გავრცელებულ თავის ვრცელ მიმართვაში სააკაშვილი ძირითადად სოფო ჯაფარიძის დამსახურებაზე საუბრობს. ასევე ეხება საარჩევნო სიის შედგენის საკითხსაც. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „რეჟიმს იზოლირებული ჰყავს", მზად არის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთოს.

„რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ საზოგადოებასთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, წინ უნდა წამოვწიოთ ბევრი ახალი სახე და წამოვაყენოთ ახალი იდეები.

„მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმს ახლაც იზოლირებული ვყავარ და ჩემს მიმართ ახალ რეპრესიებს ამზადებს, მე მზად ვარ კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთო და ყველა ხელოვნური დაბრკოლება გადავლახო. ამასთან დაკავშირებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ სოფო ჯაფარიძე აირჩიონ. სოფო ამ ბოლო დროს განსაკუთრებით წარმოჩინდა, როგორც წამყვანი და გამწევი ძალა. ის ახალი თაობის პოლიტიკოსებში უმნიშვნელოვანესი ახალი ლიდერი იქნება. ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის", თავისი უშიშრობით, კომუნიკაბელურობით, დაუღალაობით პარტიის არსებულ ლიდერშიფთან ერთად ერთიანობისთვის მუშაობას შეძლებს. ასევე, მე პირადად მიმაჩნია, კარგი იქნებოდა, რომ ის იმ დელეგატთა შორის პირველი ყოფილიყო, ვისაც ჩვენ საერთო ოპოზიციური გაერთიანების სიაში წარვადგენთ, რაც პარტიის სხვა ლიდერების დამსახურებასა და მნიშვნელობას არ ამცირებს.

„სოფოს თავისი ძალიან საინტერესო აქტივისტების ჯგუფი ჰყავს და ახალი ხალხის მოზიდვის უნიკალური უნარი აქვს, რომელიც ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის ეფექტური ნაწილი გახდება. მე მას სრულად ვენდობი, რაც მის საქმიანობაზე მრავალწლიან დაკვირვებასა და ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას ეფუძნება.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, უახლოეს დღეებში რუსული რეჟიმის პოლიტიკური ხერხემალი უნდა გადავტეხოთ! მათ პროტესტისა და ჩვენი ხელახლა დანაწევრების საშუალება არ უნდა მივცეთ!

„ახლა „არა რუსულ კანონს" და „არა რუსულ რეჟიმს" განუყოფელი ლოზუნგებია.

„ამის გარდა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებებსა და ნამდვილი, სანდო ადამიანებით დაკომპლექტებას უნდა მივაღწიოთ. ივანიშვილი რამდენჯერმე დაუძვრა ქართულ საზოგადოებას და ამჯერად, მას მოტყუებისა და ჩვენი მოშვების სივრცე არ უნდა დავუტოვოთ", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, სააკაშვილს დიდი ხანია ენმ-ზე კონტროლი დაკარგული აქვს და პარტიის მენეჯმენტი არც ამჯერად აპირებს მისი აზრის გათვალისწინებას.

„სააკაშვილი ფიქრობს, რომ საპროტესტო ტალღა უფრო გაძლიერდება და ცდილობს ამ დაწყებული მოძრაობის სათავეში ისევ მოექცეს და თავისი პოლიტიკური ამბიციები ამით გამოხატოს. რეალურად ახლა სააკაშვილი არც „ნაციონალურ მოძრაობაშია" და არც ოპოზიციაში, თუმცა მას ამ რეალობის აღქმა უჭირს. როგორც ჩანს, პარტიის პირველ პირებთან უშუალო ლაპარაკით ამ შედეგს ვერ მიაღწია. ისინი ამას არ ან ვერ დათანხმდნენ და გააკეთა საჯარო განცხადება იმ იმედით, რომ პარტიის რიგითი მხარდამჭერები ზეგავლენას მოახდენდნენ პარტიის მმართველ გუნდზე, რაც ფაქტობრივად გამორიცხულია. სააკაშვილის ეს განცხადება კიდევ ერთი ფუჭი გასროლაა.

„სააკაშვილმა პარტიაზე კონტროლი დიდი ხანია დაკარგა. მისი რეიტინგი ნელ-ნელა მცირდება და პარტიაშიც არავის უნდა, რომ მის ბრძანებებს დაემორჩილოს. ეს არის რეალობა და რაც უფრო სწრაფად შეეგუება ამას, მით უკეთესი იქნება მისთვის.

„სხვათა შორის, თუ ამ საკითხს პრაგმატულად შევხედავთ, სააკაშვილის ხელმძღვანელად დანიშვნა „ოცნების" პროპაგანდისთვის მომგებიანად იმუშავებს და რასაკვირველია, „ნაც.მოძრაობისთვის" წამგებიანი იქნება. ისინი დიდი რაოდენობით ამომრჩეველს დაკარგავენ. ამ პარტიას ჰყავს ამომრჩევლები და სააკაშვილის შემობრუნება არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. ამ საფრთხეს პარტიის დღევანდელი გუნდი კარგად აცნობიერებს და ამ ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს.

„რატომ უნდა იარონ სააკაშვილის დაკრულზე? იმის შიშით, რომ ამომრჩეველი არ დაკარგონ? თუ სააკაშვილი მოვა, მაინც დაკარგავენ და რა აზრი აქვს? თუ ის ფიქრობს, რომ ისეთივე მხარდაჭერა აქვს, როგორც ადრე, შეუძლია ცალკე პოლიტიკური ჯგუფი შექმნას თავის სოფო ჯაფარიძესთან ერთად და ნახავს რა ხმებს მიიღებს". - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ სააკაშვილი პარტიაზე კონტროლს არ კარგავს და მას „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს. იგი არც იმას გამორიცხავს, რომ სააკაშვილი პარტიის ხელმძღვანელად დაინიშნოს.

„მე არ მგონია, რომ სააკაშვილი პარტიაზე კონტროლს კარგავს. პარტიის წევრებთან მას მუდმივი კომინიკაცია აქვს. მას თავისი იდეები აქვს და ახლაც ეს გააჟღერა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ერთიანი სიით წარდგეს, რადგან არ დაიკარგოს არც ერთი ხმა. მას სხვადასხვა მოსაზრებები გააჩნია და აქედან გამომდინარე ითხოვს თავმჯდომარეობას, რომ ეს იდეები უფრო კარგად გაუზიაროს.

„დღეს „ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი ხმას სწორედ სააკაშვილის გამო აძლევს. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ის ხელმძღვანელად დანიშნოს. პარტიაში თუ ის არ აირჩიეს, ეს იმიტომ, რომ მას მოქმედების საშუალება შეზღუდული აქვს. პირველად არ დაინიშნა იმიტომ, რომ ამ საკითხზე პარტიის წევრებს სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდათ, ოღონდ მათ შორის რაიმე კონფლიქტი არ იყო, სააკაშვილთან კონფლიქტი არავის არ აქვს.

„არ არის გამორიცხული სააკაშვილმა საარჩევნო სიის შედგენაში მონაწილეობა მიიღოს, რადგან მას გარკვეული ინიციატივები გააჩნია და დიდი ალბათობით, მასთან კონსულტაციები იქნება. იგი წინასაარჩევნო კამპანიაშიც მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×