თამთა ჩაჩანიძე
22.04.2024

„ქართული ოცნება" 29 აპრილს საყოველთაო- სახალხო შეკრებას აანონსებს და იმედოვნებს, რომ პარლამენტის წინ 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს მიმდინარე აქციების ფონზე, დაპირისპირების რისკს ზრდის, რაზედაც საპასუხოდ მმართველი პარტია აცხადებს, რომ თუკი „დაპირისპირება და რადიკალიზაცია მოხდა, ყველა კანონის უმკაცრესი ფორმით აგებს პასუხს".

როგორც „ოცნება" აცხადებს, მომავალ ორშაბათს პარლამენტის წინ აქციის გამართვა, ეს მხარდამჭერების თხოვნის გათვალისწინებაა. განცახდებაში „ქართული ოცნება" მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ „ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!".

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დაგეგმილი აქცია მართლაც მხარდამჭერების მოთხოვნა იყო. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პარტიაში კრიზისია და ამ შეკრებით იგივე სცენარებს იმეორებს, რაც ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში იყო და რაც წამგებიანი აღმოჩნდა სახელისუფლებო პარტიებისთვის.

„ოცნების" დეპუტატი ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ 29 აპრილის აქციაში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიღებს მონაწილეობას, ამასვე ადასტურებს უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე და დასძენს, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ელოდება შეკრებაზე.

„გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები იქ ვერ იქნებიან, იმიტომ, რომ იქნება 100 ათასზე მეტი ადამიანი და პროვოკაციისთვის თუ ვინმე მოვა, პასუხს გასცემს იმას პოლიცია და განარიდებენ იქიდან, რა პროვოკაცია უნდა იყოს?! ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია და ის დაესწრება აქციას",- აცხადებს მდინარაძე.

რას ამბობს „ოცნება" და ოპოზიცია 29 აპრილის აქციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ქუთაისში ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის საყოველთაო- სახალხო განხილვისას იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით მთელი საქართველოს მხარდაჭერა იქნება.

„შეიძლება აქ ბრძანდებით ბევრი ადამიანი, ვინც უჭერთ ჩვენს პოლიტიკურ კურსს მხარს. 29 აპრილს არის შეკრება, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება და საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი ძალა, რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ეროვნულობას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას და სწორ ქართულ მყარ ეროვნულ კურსს და ამაში თქვენი და მთელი საქართველოს მხარდაჭერის იმედი გვექნება, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბრობს იმ მიზეზებზე, რისთვისაც დააანონსა 29 აპრილის აქცია.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა, უკვე ცხადია, რომ შარშანდლისგან განსხვავებით, წელს რადიკალურმა ოპოზიციამ შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილის შეყვანა შეძლო.

პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9,500 შეადგინა. აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძის და მდიდარი „ენჯეოების" არაკეთილსინდისიერი დონორების მიერ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაში ჩადებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციამ არ გაამართლა. ქართული საზოგადოება უკვე იმდენად არის პოლიტიკურად მომწიფებული, რომ ვერავითარი ფულით მას შეცდომაში ვერ შეიყვან.

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, დღეს „ქართული ოცნების" რეიტინგი 60 პროცენტს აჭარბებს, ხოლო ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ბარიერის გადალახვას ახერხებს, მხოლოდ 12-პროცენტიანი რეიტინგი აქვს. ამ ფონზე, პოლიტიკურად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები" და ე.წ. პრეზიდენტი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რაც ჩვენი მხარდამჭერების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს.

ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას.

„პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ პოლიტიკურ უმცირესობას ვერ მივცემთ სპეკულირებისა და ხალხის სახელით საუბრის უფლებას. ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები - მამული, ენა და სარწმუნოება.

„ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!",- ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება საზოგადოებას ერთმანეთს აპირისპირებს.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა უზრუნველყოს, ეს არის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას ერთმანეთთან აპირისპირებს. რაც არ უნდა მოხდეს, ერთ ადამიანს ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს, ეს იქნება პერსონალურად ივანიშვილის და პერსონალურად ამ ადამიანების დამსახურება, რომლებმაც მწვანე ღილაკს დააჭირეს ხელი.

ამ ხალხს თუ ჰგონია, რომ მხოლოდ ივანიშვილის სახელს ამოეფარებიან და ინდივიდუალურად არ იქნება პასუხისმგებლობა მათზე, მათ შორის, პირველ რიგში, მორალური პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებაზე, ძალიან ცდებიან. ისტორია იწერება ახლა და არქივი ყველაფერი ინახავს," - განაცხადა ბუჩუკურმა.

რა მიზანი აქვს „ოცნების" აქციას

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებიდან ჩანდა, რომ „ოცნების" განცხადებაში აღნიშნული მიზეზების გამო, შეკრების სურვილი მართლაც იყო. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ აქცია მასშტაბური იქნება.

„ფეისბუქს" რომ ჩავხედოთ, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიმდინარე აქციების ავტორების (ოპოზიციის თუ ახალგაზრდების) საქციელს აპროტესტებს და კანონის შემოტანას ემხრობა. ასეთი განცხადებები უდაოდ არის. მოწოდების სახით არ მინახავს, რომ არიქა აუცილებლად უნდა გამოვიდეთო, მაგრამ იყო ისეთი ფრაზები, რომ „აი, ჩვენც რომ გამოვიდეთ, მაშინ ვინ იქნება მეტი" და რაღაც ამდაგვარი.

„მარტივი არითმეტიკითაც „ოცნების" მხარდამჭერები ოპოზიციისას რომ შევადაროთ, „ოცნებისა" მეტია. ამის გარდა, ალბათ ისიცაა შესადარებელი თუ ვინ უჭერს მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლს. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში მართლა უზარმაზარი საქმე აქვთ გაკეთებული ბევრი მიმართულებით, მაინც მათდამი დამოკიდებულება არაა ისეთი, როგორიც ხშირად ითქმება ხოლმე, რომ ესაა სამოქალაქო ნაწილის, ხალხის ხმა - ხალხს ეს განცდა არ აქვს.

„პარტიებზე არ აქვს ხალხს ეს განცდა, რომ მათ ინტერესებს გამოხატავენ და ენჯეოებზე ექნებათ? რომლის შესახებაც ინფომაციაც კი არ აქვთ საზოგადოებას. პარტიები მაინც პროპაგანდას ეწევიან, ხალხში აქტიურობენ და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ჩრდილში სხედან და არავინ არ იცის რას აკეთებენ. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ცუდ რამეს აკეთებენ, ძალიან ბევრი ბრწყინვალე და საშვილიშვილო საქმე გააკეთეს, მაგრამ ამის შესახებ ღარიბი ინფორმაციაა და ამიტომ გასაკვირი არაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ აღფრთოვანებული დამოკიდებულება არაა და ნეიტრალურია.

„თუკი დადგა საკითხი „ოცნების" მხარდამჭერების თავმოყრაზე, ბევრ ხალხს ველოდები. ამ ბოლო ხანებში ერთი ასეთი დიდი გამოსვლა იყო და არცისე ცოტა ხალხი იყო. იმ გამოსვლას მერე გაგრძელება აღარ ჰქონდა, მაგრამ ეს საყურადღებო იყო იმით, რომ მიანიშნებდა - თუკი „ოცნების" მომხრეებმა ქუჩაში გამოსვლა გადაწყვიტეს, იქ შეიძლება ქუჩაში სხვისი ადგილი აღარ დარჩეს.

„არა მგონია, რომ ახლა აქცია განგრძობითი ხასიათის იყოს, ასეთი ხანგრძლივი მიტინგები მარტო ზვიადის დროს მახსოვს, სხვა შემთხვევა ასეთი ხანგრძლივი აქციისა არ მახსენდება. იქ ძალიან ბევრს ენდომება რომ შეტაკება მოხდეს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ. ისევ საწყალი პოლიციელების კისერზე გადაივლის ასეთი მიტინგების სიჭარბე",-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეაონანსთან".

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, საქართველოში პრაქტიკულად ყველა ხელისუფალი ერთსა და იმავეს აკეთებს, როცა შეატყობს, რომ კრიზისი აქვს, ხალხის მობილიზებას ახდენს. მისი თქმით, მსგავსი სცენარი იყო გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში.

„ალბათ აქცია გაგრძელდება და ამის ფონზე დაიწყებენ კანონის მიღებას - ეს ერთ-ერთი სავრაუდო ვარიანტია, რაც შეიძლება ამ შეკრებას მოჰყვეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველა ხელისუფალი ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს და იგივეს იმეორებს, როცა კრიზისია. შევარდნაძის დროს ბათუმიდან ჩამოყვანილი ხალხით მთელი რუსთაველი გადაჭედილი იყო, მაშინ ამ ჯგუფს სააკაშვილო-ჟვანია ებრძოდა და გაიმარჯვეს.

„სააკაშვილის დროსაც გვახსოვს მთელი სტადიონი გაავსეს 60 ათასი კაცით და იძახდნენ მხარდაჭერა გვაქვსო და წააგეს. ანალოგიური იყო გამსახურდიას დროსაც. ეს ხდება მაშინ, როცა ხელისუფლება თავს მყარად ვერ გრძნობს, როცა კრიზისი აქვს და იცის, რომ მას რეალური საყრდენი არ აქვს. აქციაზე ვინ იქნება გასაგებია, სახელისუფლებო რესურსს გაუკეთებენ მობილიზებას. ფული აქვთ, რაიონებიდან ჩამოიყვანენ გაავსებენ და იტყვიან, რომ აი, ხალხის მხარდაჭერა გვაქვსო.

„იგივეს აკეთებს, როგორც წინა ხელისუფლებები აკეთებდნენ, მაგრამ შედეგი ისაა რომ, ან ისევ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიდიან. თუ სტრატეგიული სივრცე დაკავებული იქნება ხელისუფლების მხარდამჭრების მხრიდან, ორშაბათს თუ დაიწყეს აქცია სამშაბათს უკვე თვითონ გააგრძელებენ და ამასობაში კანონს მიიღებენ. ასევე იმის დემონსტრირება უნდათ, რომ მხარდაჭერა გვაქვს და იმ ხალხს, ვინც ამ კანონს რუსულს ეძახის, აჩვენონ, რომ ასე არაა და ა.შ.

„ამ ქვეყანაში ყველა რესურსი იმდენად ამოიწურა, რომ ყველა ხელისუფალი ერთსა და იგივე სვლას აკეთებს, რადგან სხვა უკეთესი ვარიანტი მათ უბრალოდ აღარ აქვთ. მთავარი აქციის ასაკობრივი შემადგენლობაა ძალიან საინტერესო, დღეს ამ აქციას ვინც აპროტესტებს, ძირითადი ბირთვი, დაახლოებით 80% ახალი თაობაა. სულ რაღაც ხუთი წლის წინ, აქციაზე მომიტინგეთა ასაკობრივი შემადგენლობა გაცილებით ხანდაზმული იყო, ვიდრე დღესაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ ხალხის ასაკობრივი შემადგენლობა როგორი იქნება, ვისაც ხელისუფლება მობილიზებას გაუკეთებს. ეს ძირითადად სახელისუფლებო სტრუქტირებში დასაქმებული ხალხი იქნება და შესაბამისად, ეს არის ლაკმუსი და გამოაჩენს ადამიანები თავისით მოვიდნენ ამ მიტინგზე თუ იძულებულები იყვნენ. ყველამ ვიცით, რომ იძულებულები იქნებიან რომ მივიდნენ.

„თუ ეტყვიან, რომ საჭმელ-სასმელი და ტრანსპორტირება იქნება, რეგიონებიდან ხალხი წამოვა, მაგრამ იქ რამდენი კაცი დარჩება, ეს იქნება ძალიან საინტერესო. მახსოვს სააკაშვილის მიტინგზე როგორ ჩაუკეტეს სტადიონის კარი, რომ ხალხი არ გაპარულიყო, მაგრამ მაინც გაძვრნენ და ბევრი აღარავინ დარჩენილა. ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლების დაორგანიზებულ აქციაზე ძალიან ბევრი იქნება გადაცმული მომიტინგე, ანუ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ჩვეულებრივ სამოქალაქო ფორმაში.

„ოღონდ ეს უკვე ხელისუფლებას ვერ უშველის, ახალგაზრდობა, რომელიც ქუჩაში გამოვიდა, მათ გაცნობიერებული აქვთ რა პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა და ამ მუხტის ჩახშობა და ახალგაზრდების უკან შებრუნება არაფრით არ გამოვა. გინდაც ეს კანონი მიიღონ, პროტესტი მაინც გაგრძელდება, რაც ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო დამანგრეველი იქნება. ჩვენი ვალია, რომ ამ ხელისუფლებას ქვეყანა არ გადავაყოლოთ", - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე აქციების მონაწილეებმა და ძირითადად ახალგაზრდობამ უნდა შეძლოს და სამოქალაქო დაპირისპირება თავიდან აირიდოს.

„ხელისუფლებას დაანონსებული აქვს, რომ ამ კანონს მეორე მოსმენით აპრილის ბოლოს მიიღებს, სხვათა შორის, 29 აპრილიდან არის სასესიო კვირაც. ამიტომ ხელისუფლება ამას ცდილობს, რომ სტრატეგიული ადგილი დაიკავოს, პარლამენტთან და კანცელარიასთან. თუ მძლავრი პროტესტი იქნება, ისევე დასრულდება, როგორც შევარდნაძის მიერ ასლანის მხრიდან გამოგზავნილი დამხმარე ჯგუფებით შექმნილი აქცია.

„ეს ხალხიც მართლა იმისთვის ხომ არ მივა, რომ ეს კანონი მართლაც ძალიან მოსწონთ, იმისთვის იქნებიან, რომ იძულებულები არიან მივიდნენ. ახალგაზრდობამ უნდა შეძლოს და სამოქალაქო დაპირისპირება თავიდან აირიდოს. პროტესტის გამოხატვა სხვაგანაც შეიძლება, ისე, რომ ამათთან კონფლიქტში არ შევიდნენ. ხელისუფლება იმდენ ხალხს მობილიზებას ვერ გაუკეთებს, რომ მთელი რუსთაველი გაავსოს",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×