„პროვოცირება თუ დაიწყო, მერე მისი გაკონტროლება ძალიან რთული იქნება თუ შეუძლებელი არა“
თამთა ჩაჩანიძე
25.04.2024

„ოცნების" დაანონსებულ აქციამდე, პრემიერი ირაკლი კობახიძე უნგრეთში ჩავიდა და კონსერვატიულ პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ამასთან, „გავლენების" კანონის მოწინააღმდეგეები ყოველდღიურად მართავენ აქციებს. ოპოზიციის ნაწილი კი აანონსებს, რომ 29 აპრილი „პარლემენტის შიგნით თუ გარეთ მწვავე იქნება". ეს კი ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ პროცესი თანდათან მართლაც მწვავდება და შესაძლოა უმართავი სიტუაციაც კი შეიქნას.

აღნიშნულ რისკებზე საუბრობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან", მისი თქმით, ახლა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ოპოზიციის ფუნქცია ისაა, რომ თავი მაქსიმალურად შეიკავოს.

„ქართული ოცნება" მიდის იმაზე, რომ პროცესი რაც შეიძლება დროზე ადრე გამწვავდეს, მათ სურთ, რომ ეს ყველაფერი არჩევნებამდე მოამთავრონ. ამიტომაც საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ოპოზიციის ფუნქცია ისაა, რომ ყველაფერი არჩევნებამდე მივიდეს. რასაც დღეს „ოცნება" აკეთებს, ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობს - ის განცხადებებიც კი, რასაც კობახიძე და უმრავლესობის წარმომადგენლები აკეთებენ და ა.შ. რა თქმა უნდა ამით შეიძლება პროცესი გაამწვავონ, მაგრამ ეს ოპოზიციის ინტერესებში არ შედის.

„ოპოზოციაშიც არიან ცხელი თავები, ძალები თუ ცალკეული პერსონები, რომლებიც პროვოცირებას და პროცესის გამწვავებას ეცდებიან, რომელიც კაცისშვილმა არ იცის, ვის ინტერესებში შედის, მაგრამ ზოგადად ქვეყნის და ოპოზიციის ინტერესშია, რომ ეს პროცესი იყოს უკიდურესად მშვიდობიანი. რადგან „ოცნებამ" ეს ნაბიჯები გადადგა, ის კიდევ უფრო მეტ რადიკალური ნაბიჯებზეა წამსვლელი. ამ ყველაფერს დრო სჭირდება, რომ ქართულმა საზოგედოებამაც, ჩვენმა პარტნიორებმაც პროცესი დაინახონ და აღიქვან.

„ამიტომაა აუცილებელი, რომ ოპიზიციამ თავი შეიკავოს დაპირისპირებებისგან, პოლიციასთან ძიძგილაობას მოეშვას, საპროტესტო აქციები გააგრძელოს და ეს პროცესი და ზაფხული პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად, არჩევნებში ელექტორატის მობილიზებისთვის გამოიყენოს. სამოქალაქო ორგანიზაციებმა კი გამოიყენონ იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას აუცხსნას ვინ ვინაა.

„მოსახლეობას დრო სჭირდება იმისთვის, რომ რეალობაში აღიქვას, რა ხდება, დრო უნდა ასევე ჩვენს პარტნიორებს, რომ დღეს თუ რაღაც წინადადებას წამოაყენებენ, სექტემბერ-ოქტომბერში რა გაგრძელება ექნება. ეს გაგრძელება კი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ ამ პერიოდს ზოგადად საზოგადოებრივი ოპოზიცია როგორ გაივლის. საფრთხე რა თქმა უნდა არის, მაგრამ ოპოზიციას უნდა ეყოს ამის მოთმინება, გამბედაობაც და ტვინიც, რომ ხელისუფლებასთან კონფლიქტში არ შევიდეს. ეს ყველაზე სწორი გამოსავალია.

„ყველაზე კარგი იქნება თუ ოპოზიცია საპირისპირო აქციას არ მოაწყობს და ის ერთი დღე „ოცნებას" დაუთმოს. რატომღაც მგონია, რომ „ოცნება" იქ არ დაიშლება და მომავალი დღისთვისაც დაიწყებს მზადებას. თუ 29 აპრილს პლენარული სხდომის პარალელურად თუ სტრატეგიულ რუსთაველის პროსპექტს დაიკავებს, მაინც არ ღირს შესვლა კინკლაობაში. იქით თავისუფლების მოედანია და იქ შეიძლება საპირისპირო აქცია გაიმართოს. თუმცა უნდა ერიდონ, რომ კონფლიქტში არ შევიდნენ და ვითომ სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. „ვითომ" იმიტომ, რომ ეს სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება. გასაგებია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერთა რიგებში იქნებიან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, როგორც ფორმაში, ისე უფორმდ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულები. ამ შემთხვევაში პროვოცირების ალბათობა დიდია. პროვოცირება თუ დაიწყო, მერე მისი გაკონტროლება ძალიან რთული იქნება თუ შეუძლებელი არა და ოპოზიციამ ესეც უნდა გაითვალისწინოს", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

ძაბირაძე კობახიძის უნგრეთში გამოსვლასაც გამოეხმაურა.

„ძალიან საინტერესოა ვიცოდეთ კობახიძე ახლა გახდა მორწმუნე თუ ყოველთვის იყო და მუდმივად მარხულობდა. სანამ სხვას მოუწოდებ მორწმუნე იყავიო, თავადაც უნდა იყო. ახლა ხელისუფლების განცხადებებზე კი არ უნდა გაღიზიანდე, ის უნდა გამოიყენო. ის პერიოდი გავლილია, როცა ხელისუფლების ნათქვამი ვინმეს აღიზიანებდა, ახლა „ოცნების" ქმედებებზე გაღიზიანება სიკეთის მომტანი არაა, ამიტომ ამას იუმორით უნდა შეხვდე და გამოიყენო. მით უმეტეს სოცქსელები არსებობს, ახალგაზრდობა ძირითადად იქაა და ამის გამოყენებაც შეიძლება.

„ორბანი არანაირი კონსერვატორი არაა, ესაა ჩამოყალიბებული ავტორიტარი უნგრეთში, თუმცა ახლა ეს ვითარებაა და გაღიზიანება საჭირო არაა. ხელისუფლების ნებისმიერი ნათქვამი უნდა გამოიყენო იმისათვის, რომ საზოგადოების მობილიზება კიდევ ერთხელ განახორციელო", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ ირაკლი კობახიძის უნგრეთში კონსერვატორთა 25 აპრილის შეკრებაზე გამოსვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ წარმატებულები იქნებიან ისინი, ვინც რწმენას, ღირებულებებს და სუვერენიტეტს იცავს.

„პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საზოგადოებას კვლავ შეახსენა თუ რა ურთულესი გამოწვევების წინაშე არიან საქართველო და პროგრესული სამყაროს სხვა ქვეყნები. ფსევდოლიბერალობამ და მახინჯმა დოგმებმა წალეკეს არაერთი ინსტიტუტი მსოფლიოში. თუმცა, როგორც ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება ამ დესტრუქციულ, გლობალისტურ იდეოლოგიას, ასევე წარმატებულნი იქნებიან ისინი, რომლებიც იცავენ სუვერენიტეტს, რწმენას, ღირებულებებსა და ტრადიციებს", - წერს აბაშიძე „ფეისბუქზე".

„ორიოდე დღის წინ, ქართველმა ე.წ. ლიბერალებმა საქართველოს ეროვნული იდენტობის კონცეფციის შეცვლაც კი სცადეს და სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება სიტყვებით - მამული, ენა, ერთობა შეცვალეს", - თქვა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას და დაამატა, რომ „ე.წ. ლიბერალები განსაკუთრებული ენთუზიაზმით ებრძვიან ქრისტიანობას".

მისი განცხადებით, უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას და „თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი".

„ე.წ. ლიბერალებსა და ბოლშევიკებს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბოლშევიკები რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად უროს იყენებდნენ, ე.წ. ლიბერალები კი ქრისტიანობას პროპაგანდით ებრძვიან, რომელსაც მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში, უროზე ბევრად დიდი ძალა აქვს. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათი თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა. ორიოდე დღის წინ, ქართველმა ე.წ. ლიბერალებმა საქართველოს ეროვნული იდენტობის კონცეფციის შეცვლაც კი სცადეს და სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება სიტყვებით - მამული, ენა, ერთობა შეცვალეს და ამოიღეს რელიგია, რწმენა ამ სამებიდან.

„ე.წ. ლიბერალების კონცეფციით, არა მხოლოდ ქვეყანასა და ერს, ცალკეულ ადამიანსაც კი არ უნდა ჰქონდეს რაიმე მყარი იდენტობა. არ უნდა არსებობდეს რაიმე მორალური ზღვარი ადამიანის პირად ცხოვრებაში. ამ პროპაგანდას აქვს შემაშფოთებელი შედეგები როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში. როგორც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, აშშ-ში და ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში, 18-25 წლის მოსახლეობის, დაახლოებით, 20 პროცენტი საკუთარ თავს ლგბტ პირად აცხადებს. ეს მაჩვენებელი სამჯერ ნაკლებია 26-32 წლის ასაკის ახალგაზრდებში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპაგანდამ ლგბტ პირების რაოდენობა სულ რაღაც 7 წელიწადში გაასამმაგა...

„ე.წ ლიბერალებსა და ბოლშევიკებს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბოლშევიკები რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად უროს იყენებდნენ, ე.წ. ლიბერალები კი ქრისტიანობას ებრძვიან პროპაგანდით, რომელსაც მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში, უროზე ბევრად დიდი ძალა აქვს. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათი თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციას, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიცია „აუცილებლად ეცდება", პარლამენტის შიგნით იქნება თუ გარეთ, 29 აპრილი იყოს მწვავე.

„29 აპრილს ძალიან ბევრი ადამიანი ისედაც აპირებდა შეკრებას, რადგან საკომიტეტო მოსმენაა დაგეგმილი. ახლა, ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, რასაც ხალხი იტყვის, რაც იქნება ხალხის მოთხოვნა, იმას გააკეთებს ოპოზიცია. ჩვენ ველოდებით, რომ დილიდან საკომიტეტო მოსმენები იქნება, ამ საკომიტეტო მოსმენების პირობებში ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რომ პარლამენტის შიგნით იქნება თუ გარეთ, მწვავე იყოს ეს დღე. იქნება კიდეც იმიტომ, რომ სამშობლოს გვართმევენ და ფაქტობრივად უნდათ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ბოლომდე შეაფერხონ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის ეს განცხადება მიღებელია გახარიას პარტიისთვის. „საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი ყველას მოუწოდებს, რომ „მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებებისგან ყველამ თავი შეიკავოს."

„მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებისგან. ხალხის დაპირისპირება „ქართული ოცნების" მიზანია და არა ჩვენი გუნდის. ამიტომ, ამ მიზნის მიღწევაში ჯერ ერთი, არავინ არ უნდა დაეხმაროს „ქართულ ოცნებას" და მერე მეორე ეს სახელმწიფოსთვის დამღუპველია. როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? მართლა „ოცნება" ხომ არ ხარ? ისინი ამას კანონით აკეთებენ და კანონით აპირისპირებენ და შენ ახლა პასუხისმგებლობა თუ არ გყოფნის და მოწოდებებით დაუპირისპირე საზოგადოება, მაშინ სად არის განსხვავება? საზოგადოებას ისევ დაპირისპირებას სთავაზობ? ამიტომ, ეს არ არის გამოსავალი. მთავარია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ" თავისი სახე გამოაჩინა. ახლა ერთი კი არა ათი „რუსული კანონი" რომ მიიღოს, არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი. მთავარი გადაწყვეტილება ყველამ იქ უნდა დავაფიქსიროთ და ეს ხალხი უბრალოდ მოვიშოროთ", - განაცხადა ლილუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×