თამთა ჩაჩანიძე
25.04.2024

ევროპარლამენტმა „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ" რეზოლუცია შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმეტში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებს, დემოკრატიულ პრინციპებს და საქართველოს წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამასთან, შესწორებების ტექტსში საუბარია, მათ შორის, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გადახედვასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნაზე.

თბილისში ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის, მათ შორის საფრთხის ქვეშაა ვიზალიბერალიზაციის საკითხი, ამას კი „ოცნება" გამორიცხავს და ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია „ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს - ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია".

ევროპარლამენტმა რეზოლუცია 425 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო, ხოლო 30-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. ევროპარლამენტი ბლოკს მოუწოდებს, განიხილონ „ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება. ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის" კანონის გავლენა ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია „ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვის კანონპროექტზეც.

კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტი თვლის, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის სასარგებლოდ.

ამის პარალელურად საქართველოში 126 საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაცია საზოგადოებას მოუწოდებს 28 აპრილს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ. როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, „რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას" და პირობას დებენ, რომ „არასოდეს, არავითარი ფორმით არ დარეგისტრირდებიან ღირსების შემლახავ რეესტრში."

„მინავლებული პროტესტის სტიმული" თუ რეალური საფრთხე

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში გამაფრთხილებელი რეზოლუციაა და თუ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონს მაინც მიიღებს, ბევრად მკაცრი რეაქცია იქნება და არაა გამორიცხული, ვიზალიბერალიზაციასაც შეეხოს.

„ნებისმიერ შემთხვევაში ეს გამაფრთხილებელი რეზოლუციაა, იმ შემთხვევაში თუ კანონს მაინც მიიღებენ, რეზოლუცია მერე ბევრად უფრო მკაცრი იქნება და პირდაპირ მოითხოვს ყველას დასანქცირებას. მოითხოვს ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების შეჩერებას, რასაც შეიძლება მოჰყვეს ამერიკის დახმარების შეჩერებაც. ასევე საუბარს დაიწყებენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზეც.

„საბოლოო ტექტს უნდა დაველოდოთ და იქ გამოჩნდება რა საკითხებია შესული, ყველა ვარიანტში რეზოლუცია „უცხოური აგენტების კანონზეა" და ქვეყანას აფრთხილებს, რომ არავითარ მოლაპარაკებებზე საუბარი არ შეიძლება იყოს, ეს ასევე ქვეყნის ევროპული მისწრაფებების ღალატია. პირდაპირ ღალატს ასახელებს, რასაც ურთიერთობების ძალიან ცუდი გართულება მოჰვება საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია ნებისიერ შემთხვევაში სარეკომენდაციო დოკუმენტია, მაგრამ თუ „აგენტების კანონს" ვიზალიბერალიზაცია მიაბეს, არაა გამორიცხული, რომ ევროკავშირის რომელიმე სახელწიფომ შეჩერების პროცესი დაიწყოს, საკითხი ევროკომისიაში წავიდეს და შემდეგ უკვე ევროკავშირის საბჭოში განსახილველად. შესაძლოა ამან (რეზოლუციამ) ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროვოცირება მოახდინოს.

„ევროპარამენტი თვითონ გადაწყვეტილებას არ იღებს, მაგრამ აძლევს რეკომენდაციას და წევრმა ქვეყებმა უნდა გადაწყვიტონ. არაა გამორიცხული, რომ წევრმა ქვეყნებმა რომელიმე საკითხს მხარი არ დაუჭირონ და ამიტომ ვერ მიიღონ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს მაინც დამოკლეს მახვილივით იქნება.

„ყველა ნორმალურ ქვეყანაში მმართველი პარტიისთვის ეს საარჩევნო კარასტროფა იქნებოდა. ქვეეყნის მოსახლეობის 85%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ხელისუფლებაში პარტიაა, რომელიც ევროპარლამენტმა დაასახელა, როგორც ევროსკეპტიკური, რა თქმა უნდა ამან არჩევნებზე გავლენა უნდა იქონიოს",- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ რეზოლუციაში დიდი ფულია გადახდილი, რომელიც არის სტიმული მინავლებიკენ წასული საპროტესტო აქციების გასამწვავებლად.

„ევროპარლამენტის მორიგი ყბადაღებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა საქართველოს ეპყრობა როგორც მაფიის ნათლიმამა დონ ვიტო კორლეონე. ანუ გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია რომ საქართველო უარს ვერანაირად ვერ იტყვის. ხოლო თუ იტყვის - გაანადგურებს. თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ აქაც, ისევე როგორ წინა რეზოლუციებში, დიდი ფულია გადახდილი და ამასაც მალე გავიგებთ

„რა უნდა იფიქროს და იგრძნოს საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, როდესაც ამერიკელი და ევროპელი კონგრესმენები, პარლამენტარები, მინისტრები, პოლიტიკოსები, დიპლომატები და ექსპერტები მას ეუბნებიან, რომ სააკაშვილის და ნაცმოძრაობის მმართველობის დროს საქართველო ევროპულ რეფორმებს ატარებდა და ახლა თურმე ევროპული გზიდან გადაუხვია. ანუ, დასავლეთის ლოგიკით საქართველოს მოსახლეობამ თურმე შეცდომა დაუშვა, რომ 2012 წელს ნაცმოძრაობა ხელისუფლებას ჩამოაშორა. ეს რეზოლუცია არის სტიმული მინავლებისკენ წასული საპროტესტო აქციების ხელახლა გამწვავებისთვის", - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

პოლიტიკური შეფასებები

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება, მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება, რეზოლუცია „ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას" და საერთო ევროპასთან და ევროპელობასთან არაფერი აქვს. მდინარაძე "აბსოლუტურად ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია".

„ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას (მსგავსი საკითხის ინიციირებასაც კი), სჭირდება კონსესუსი, ანუ ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან და მეტი არაფერი!

„იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პროცედურის დაწყებაც კი შეუძლებელია, რადგან მას სამართლებრივი საფუძველი ჭირდება და ეს საფუძველი შეკვეთილი და ათასგზის გაუფასურებული რეზოლუცია ვერ იქნება, რომელსაც არავითარი ძალა ისედაც არ გააჩნია! მოკლედ, ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება!

„ამავე დროს, რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის სანქცირების და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ასევე გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების კანონპროექტების გაწვევის მოთხოვნას ეხება!

„ეს ნიშნავს, რომ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია, ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და მას საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს და ის ქართული საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია!", - წერს მდინარაძე.

სრული მობილიზაციაა საჭირო ქვეყნის ისტორიული არჩევანის გადასარჩენად, - წერს „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. ხაზარაძე ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ".

„ან ევროკავშირი, ან საქართველო პუტინის რუსეთში - ამ არჩევანის წინაშე დაგვაყენა ბიძინამ. სრული მობილიზაციაა საჭირო ქვეყნის ისტორიული არჩევანის გადასარჩენად", - წერს ხაზარაძე.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ კი განაცხადა, რომ შემაშფოთებელია ვიზალიბერალიზაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

„მოცემულობაში, როდესაც ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში პირობა ჰქონდა დადებული, რომ 9 ევროპულ ნაბიჯს შეასრულებდა, აქედან გამომდინარე დეკემბერში საქართველო შეძლებდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებას, ამ ტიპის რეზოლუცია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ არის იმის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ "ქართული ოცნება" ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, ნატოსა და ევროკავშირის წევრი. მათ შორის, ყველაზე შემაშფოთებელია ევროკავშირისგან გამოყოფილი დახმარების პირობითობის კონტექსტი.

„იმიტომ, რომ ევროკავშირი ძალიან დიდ ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს მიმართულებით და კიდევ უფრო შემაშფოთებელია ვიზალიბერალიზაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, როდესაც ცალსახად ვიზალიბერალიზაციის გადახედვის და შეჩერების პირობებში არის ერთი მხრივ, ევროკავშირთან საგარეო ურთიერთობების დაზიანება და მეორე მხრივ, ფუნდამენტური უფლებების გაუარესება ქვეყნის შიგნით. ამ მოცემულობას ქმნის "ქართული ოცნების" ის კანონი, რომელსაც აბსოლუტურად სამართლიანად შეერქვა "რუსული კანონი", რადგან მხოლოდ რუსეთის ინტერესშია, რომ დღეს საქართველო ჩამოშორდეს დასავლურ ოჯახს, ნატოსა და ევროკავშირში წევრობას. ასევე, მხოლოდ რუსეთის ინტერესშია, რომ საქართველო გადაიქცეს ავტორიტარულ ქვეყნად ისე, როგორც არის რუსეთი. ამ მოცემულობაში ვერანაირი ყალბი გამჭვირვალობა ამას ვერ გაამართლებს.

„რაც არ უნდა ჩალის ფასი უწოდონ ევროპარლამენტის რეზოლუციას, მოცემულობაში ჩვენ გვაქვს ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, ჯოზეფ ბორელის განცხადება და სახელმწიფო დეპარტამენტის რვა განცხადება", - განაცხადა აქუბარდიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×