სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ამ სარაკეტო სისტემით, რუსებს შეუძლიათ, ვოლგოგრადიდანაც მოგვწვდნენ ყოველგვარი შეტაკების გარეშე"
    ნინო ქეთელაური
    (17.02.2017)

     მოსკოვმა სამხრეთ-დასავლეთ რუსეთში ახალი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი საიდუმლოდ განათავსა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით 1987 წელს ხელმოწერილი საშუალო და მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულება დაარღვია.

    ექსპერტების შეფასებით, რუსეთის ეს ქმედება ევროპაში უსაფრთხოების სურათს ცვლის, რაც საქართველოსთვისაც რისკების შემცველია.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მმართველობის პერიოდში, ვაშინგტონმა რუსეთი დაადანაშაულა რაკეტის გამოცდით ხელშეკრულების დარღვევაში. ხელშეკრულება კრძალავს ბალისტიკურ რაკეტებს, რომელთა მოქმედების რადიუსი 500-დან 5500-მდე კილომეტრია.

    რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ხელშეკრულება შეერთებულმა შტატებმაც დაარღვია და ახალი რაკეტები საჭიროა ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად. თუმცა აღნიშნულ ბრალდებას აშშ უარყოფს.

    ამასთანავე, 10 თებერვალს ინციდენტი მოხდა შავი ზღვის ეკვატორიაში, სადაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო თვითმფრინავმა "სუ 24"-მა ამერიკის საზღვაო ძალების ხომალდს გადაუფრინა.

    სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა, რაც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთანაც პირდაპირ შეხებაშია.

    "როგოც ჩანს, პუტინი პირდაპირ წავიდა დარღვევაზე, საიდუმლო ვითარებაში მოახდინა ასეთი ტიპის სარაკეტო სისტემის მოდერნიზაცია (თუ ახალი ტიპის რაკეტის შექმნა, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია). მათ გაზარდეს სისწრაფისა და დარტყმის ეფექტი, რამაც აშშ-ს სერიოზული შეშფოთება გამოიწვია."ეს არის სერიოზული გამოწვევა, რუსეთი ფაქტობრივად შეტევის ტიპის შეიარაღების განთავსებაზე გადავიდა. ეს პირველ რიგში სახიფათოა იმიტომ, რომ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან პირდაპირ შეხებაშია. აღნიშნული სარაკეტო სისტემით რუსებს შეუძლიათ, ვოლგოგრადიდანაც მოგვწვდნენ ყოველგვარი შეტაკების გარეშე", - ამბობს ვახტანგ მაისაია.

    მისი თქმით, აღნიშული სარაკეტო სისტემის განთავსებით რადიუსი იზრდება და რუსეთს უფრო მეტი დამრტყმელი შეიარაღების პოტენციალი ექნება.

    "იმისთვის, რომ ნატომ რუსული აგრესიული ქმედებები შეაჩეროს, მოუწევს უფრო მეტი ძალისხმევის მობილიზაცია, რაც ამ ეტაპზე მას უჭირს. ეს იქნება უკონტაქტო საბრძოლო მოქმედებების შემადგენელი ნაწილი და რუსეთი თავის სახმელეთო შეიარაღებული ძალების კომპონენტების ნაცვლად სარაკეტო დაშინების პოლიტიკას გამოიყენებს.

    "სწორედ ამიტომაც იყო, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირველად გამოთქვა ასეთი განსაკუთრებული შეშფოთება", - აღნიშნავს მაისაია.

    პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში კრემლს თავისი სიმართლე აქვს და მის ამ ნაბიჯსაც თავისი წინაპირობები ჰქონდა, თუმცა, ის გადაწყვეტილებას სპონტანურად არ იღებს და ამისთვის მზადება გარკვეული ხნით ადრე დაიწყო.

    "ბირთვული შეიარაღების სფეროში დღეს ძალიან ცოტა კანონიღა მოქმედებს. როგორც მოსკოვი აცხადებს, ეს დარღვევა არ არის და არც მიკვირს, რადგან კრემლს ყოველთვის თავისი სიმართლე აქვს. თანაც, ასეთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად არ იღებენ. მპა განაცხადა, რომ რუსეთმა ყირიმი უნდა დააბრუნოს და მოსკოვმაც არ დააყოვნა. ეს არის რუსეთის დიპლომატიისთვის დამახასიათებელი პასუხი.

    "მოსკოვი ტრამპის მხრიდან სულ სხვა ქმედებებს ელოდა, ამ დროს რეალობა აღმოჩნდა არა ისეთი, როგორიც რუსეთს სურდა და საპასუხოდ ეუბნება, არ გინდათ ჩემთან მეგობრობა? კი ბატონო, მიიღე ეს. ეს კი მხოლოდ დაძაბავს ურთიერთობას მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის და ტრამპის მოწინააღმდეგეებისთვის ეს არის საჩუქარი", - ამბობს სოსო ცინცაძე და აღნიშნავს, რომ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში დასავლეთის მხრიდან ძირითადად ნატო მოქმედებდა, რაზეც რუსეთი მაინცდამაინც მკვეთრად და აგრესიულად არ რეაგირებდა.

    "თუმცა, დასავლეთ საზღვარზე თვითონაც აძლიერებდა თავის სამხედრო შენაერთებს. იმ დროს მოსკოვში ვარაუდობდნენ, რომ ტრამპი ამ ყველაფერს შეაჩერებდა და უფრო თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი გეგმების რეალიზაციას. მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა და მოსკოვი სერიოზულ ბარიერებს წააწყდა.

    "რუსეთში აანალიზებენ, რომ ტრამპს დღითიდღე სულ უფრო უჭირს თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება და მოსკოვი უბრუნდება საკუთარ ძალისმიერ სტილს.

    "მითუმეტეს, რომ რუსეთს მცირე ხნით ტაიმაუტი ჰქონდა აღებული სირიაში, სადაც მანამდე სამხედრო ქმედებებით აქტიურად იყო დაკავებული. ახლა მოსკოვმა მოიცალა უკრაინისთვის, ასევე, სამხედრო დემონსტრაციისთვის და კუნთების თამაშისთვის.

    "სწორედ ახლახან ვკითხულობდი ბრიტანელი გენერლის ინტერვიუს, რომელსაც შარშანდლამდე ნატოს მთავარსარდლის მოადგილის პოსტი ეკავა. მან 2016 წლის გაზაფხულზე საკმაოდ გახმაურებული წიგნი დაწერა, სახელწოდებით", 2017 წელი - რუსეთთან ომი". ანუ, მან დააანონსა, რომ 2017 წელს რუსეთთან ომი იქნება", - ამბობს სოსო ცინცაძე.

    რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ნატოს წევრ ქვეყნებში მიმდინარე არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

    "მე, ისევე, როგორც ნებისმიერ რიგით ადამიანს, მსურს, რომ ეს ყველაფერი არ მივიდეს ცხელ დაპირისპირებამდე და ამას არ მოჰყვეს ბირთვული კატასტროფა, მაგრამ ჯერჯერობით ესკალაცია და სამხედრო დაპირისპირება აღმავალი ხაზით მიდის.

    "აქ საკითხი იმაზეა, პირველი ვის უმტყუნებს ნერვები, ვაშინგტონს თუ მოსკოვს?! მაგრამ აქვე ისიც ყველამ ვიცით, რომ ვისაც ნერვები პირველი უმტყუნებს, ის უკვე წაგებულია.

    "აქ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება 2-3 თვეზე. მხედველობაში მაქვს საფრანგეთის არჩევნები, სადაც თუ პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვეს, მოსკოვი უფრო თავდაჯერებული იქნება. მერე ამას მოჰყვება იტალიის არჩევნები, მერე ჰოლანდიის არჩევნები, ბოლოს დამაგვირგვინებელი იქნება შემოდგომაზე გერმანიის არჩევნები.

    "ანუ, ნატოს რამდენიმე წევრ ქვეყანაშია არჩევნები და თითქმის ყველგან ერთმანეთს პრორუსული და ანტირუსული ძალები უპირისპირდებიან. ამიტომ ძალიან ბევრი რამ ამ არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული", - ამბობს სოსო ცინცაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    jaba   (17.02.2017)
    xalxo, nutu ver xvdebit rom ruseti ukan damxevi araferzear aris da arc unda iyos. is ertaderti kveyanaa romelic borotebas agudga. sanam kidev seidzleba dajdes molaparakebis magidaze hveni aferisti mtavroba, torem iseti dge dagvatydeba 2008 wlis omobana sanatrebeli gagvixdes. geyot masonebis sniroba, geyot. momavalze ifikret, bavsvebi unda gaizardon, gesmit. ra gindat amerikis gulistvis rusetma hven unda dagvavutovos, a?

    xxx   (17.02.2017)
    ყველაფერს სწყვეტს ძალა f=ma...ომი არ არის აუცილებელი, საჭიროა მისი ლოკალური დემონსტრირება, ერთი ორი დარტყმა და ნოკაუტი, ვთქვათ და სირიაში, F-35 თუ გადაუვლის S-400-S, ჰაერში უპირატესობა მოპოვებულია, ასევე თუ იქ საერთაშორისო ძალების მიერ დაწესდება ფრენის აკრძალვის ზონები და ეს განხორციელდება, ე.ი. ანტისაჰაერო თავდაცვაში მათი უპირატესობა მოპოვებულია და ომიც დამთავრებულია...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter