სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    18.05.2017

     ცხინვალში ჩასულმა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა და ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერმა "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს "არჩევნებში გამარჯვება" მიულოცა, რასაც თბილისში მოჰყვა განცხადებები, რომ ეს მიუღებელია.

    საგარეო უწყებაში დაიბარეს ევროკავშირის ელჩიც, თუმცა მთავარი მოთხოვნა - ზალბერი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელმყოფი განცხადების ავტორი, აღარ იყოს ჟენევაში თანათავმჯდომარე, ხელისუფლების მხრიდან რატომღაც არ გახმოვანებულა.

    "რეზონანსის" შეკითხვაზე, რატომ არ ითხოვს საქართველო დიპლომატ ზალბერის არადიპლომატიური განცხადების გამო თანათავმჯდომარეობიდან ჩამოშორებას ან თუ ითხოვს, საჯაროდ რატომ არ კეთდება განცხადება, პასუხი მხოლოდ ისაა, რომ "მუშაობა მიმდინარეობს" და "ადეკვატურ რეაგირებას ელოდებიან ევროკავშირის მხრიდან".

    ცნობისათვის, 16 მაისს ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდნენ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი და ჟენევის დისკუსიის სხვა თანათავმჯდომარეები მორიგი რაუნდის დასაგეგმად და ამ ვიზიტისას გერმანელმა დიპლომატმა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

    შეხვედრის კადრები და მილოცვის ვიდეო ადგილობრივმა სააგენტოებმა გაავრცელეს.

    "პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ არჩევნების შედეგები და მოგილოცოთ მუშაობის დაწყება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, რომელიც ახლა გაქვთ", - განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.

    ჟენევის თანათავმჯდომარის ამ განცხადების შემდეგ ატყდა ხმაური თბილისში. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი. შეხვედრიდან გამოსულმა ევროკავშირის ელჩმა შაბლონური განცხადება გააკეთა იმაზე, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებსა და, შესაბამისად, მის შედეგებს.

    "დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის პოზიციას იზიარებს ჰერბერტ ზალბერიც და განმარტებას თავად გააკეთებს", - აღნიშნა ჰერმანმა. შაბლონური განცხადებები გაკეთდა ხელისუფლების მხრიდანაც. ითქვა, რომ ეს განცხადება "მიუღებელია".

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ჟენევის თანათავმჯდომარის განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, "მიუღებელი და გაუგებარია" და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

    "კავშირზე ვართ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და იმედი გვაქვს, რომ ამას სათანადო რეაქცია ექნება ბრიუსელიდან", - განაცხადა დავით დონდუამ. საგარეო უწყებაში არ პასუხობენ შეკითხვაზე, რატომ არ ითხოვს საქართველო ჟენევის თანათავმჯდომარედ გერმანელი დიპლომატის გაწვევას. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ იმ განცხადებებით ვიხელმძღვანელოთ, რაც გავრცელდა.

    ასეთივე ზოგადი იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავას განცხადება, რომ აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.

    "ჩვენ ამასთან დაკავშირებით რეაგირებასა და განმარტებას აუცილებლად მოვითხოვთ, რადგან ეს არა მხოლოდ ჩვენს სუვერენიტეტს, არამედ ევროკავშირის პოლიტიკასაც ეწინააღმდეგება და ეს ცალსახაა. ამ თემასთან დაკავშირებით საგარეო უწყება ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობს", - განაცხადა ქაცარავამ.

    "რეზონანსის" შეკითხვაზე, უნდა მოითხოვოს თუ არა ქართულმა მხარემ, რომ ზალბერი აღარ იყოს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე, პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და თქვა მხოლოდ ის, რომ "მოლაპარაკება მიმდინარეობს" და "ელოდებიან ადეკვატურ რეაგირებას ევროკავშირის მხრიდან".

    პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კი გერმანელი დიპლომატის არადიპლომატიურ განცხადებას საერთოდ "წამოცდენა" უწოდა.

    "მგონია, რომ სიტყვა წასცდა ან იფიქრა, რომ თავისი განცხადებით რაღაც ურთიერთობას მოაგვარებს და ჟენევაში ამ პროცესის განვითარებას ხელს შეუწყობს, რაც სიღრმისეული შეცდომაა.

    "არ მინდა, ეს საკითხი ან მისი ეს გადაცდომა საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკას დავუკავშირო, რადგან არასწორი ვიქნები. მაგრამ ამ პიროვნებამ განცხადება თავად უნდა გააკეთოს", - განაცხადა ვოლსკიმ.

    "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, ზალბერის თანათავმჯდომარეობიდან გაწვევა მოითხოვა ოპოზიციამ. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველომ ჰერბერტ ზალბერი "პერსონა ნონ გრატად" უნდა გამოცხადდეს.

    "მორჩილად არ უნდა დაველოდოთ ბრიუსელის რეაგირებას ან რამე მობოდიშებას, არამედ დროულად მოვითხოვოთ მისი უკან გაწვევა. დიპლომატიას თავის მკაცრი წესები გააჩნია და ამ შემთხვევაში ჰერბერტ ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტის პრინციპი და ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენა.

    "მას ერთი პასუხი აქვს - პერსონა ნონ გრატად გამოცხადება. ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება და ყველასთვის გაფრთხილება", - აცხადებს ზურაბიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter