სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    დაძაბავს თუ არა ორი ქვეყნის ურთიერთობას 21 იანვარს დაგეგმილი ღონისძიება
    თიკო ოსმანოვა
    12.01.2018

     ინტერნეტ გამოცემა "ჰაქინ აზის" ინფორმაციით, 21 იანვარს აზერბაიჯანის ოპოზიციური მოძრაობა "რესპუბლიკური ალტერნატივა" - "რეალი" თბილისში ფართომასშტაბიანი ყრილობის გამართვას გეგმავს, რომელსაც ბაქოდან 100-მდე დელეგატი დაესწრება. ამავე წყაროს ცნობით, ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია.

    როგორც გამოცემასთან საუბრისას აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი აცხადებს, ქართული მხარე ამ შეხვედრის შესახებ არ ფლობს ინფორმაციას.

    "ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ამ საკითხზე თბილისს დავუკავშირდებით და თუ რაიმე ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, მოგვიანებით მოგაწვდით", - განუცხადა ადგილობრივ გამოცემას ქართველმა დიპლომატმა.

    "რეზონანსი" საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით ფლობენ ინფორმაციას, თუმცა ვინაიდან უფლებამოსილი პირი ადგილზე არ იმყოფებოდა, ვერაფერს გვეტყოდდნენ.

    იურისტ ლევან ალაფიშვილის შეფასებით, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ყველა მოქალაქეს აქვს. ამ შემთხვევაში ოფიციალურმა თბილისმა არაფერი არ უნდა მოიმოქმედოს. უფრო მეტიც, იგი საქართველოს ანალოგიურ მაგალითსაც იხსენებს, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" თურქეთში გამართა პარტიული შეხვედრა.

    "ამ საკითხში პოლიტიკურ მხარეზე მნიშვნელოვანი არის დემოკრატიულობა. საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის უცხოელსაც, გარანტირებული აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებული საფუძვლის დადგენა თავის თავშივე იქნება დისკრიმინაციული. ამ მიმართულებით კი უკვე კანონის დონეზეა დისკრიმინაციული მიდგომა გამორიცხული.

    "კანონის ფარგლებში საჯარო შეკრება როგორც შენობაში, ასევე ღია ცის ქვეშ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, არის დეკალირებული როგორც კონსტიტუციით, ასევე ადმინისტრაციული ნორმებით. ამასთან დაკავშირებით რაიმე გამონაკლისი ვერ იქნება დაშვებული. საქართველო ვერაფერს მოიმოქმედებს, თუკი მოქალაქეთა ჯგუფი კანონის დაცვით მოქმედებს. ერთადერთი აკრძალავა არის ის, რომ უცხოელი საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას ვერ განახორციელებს, ხოლო შეკრების თავისუფლება ვერ იქნება აკრძალული და ვერც შეზღუდული.

    "შეგახსენებთ, რომ ამდაგვარი რამ საქართველოს ისტორიაშიც იყო - 2012 წლის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" თურქეთში შეიკრიბა და რაღაც სხდომა გამართეს. და რა მერე?! ან ამერიკაში რომ წავიდნენ ჩვენი მოქმედი პოლიტიკოსები და "ქართული ოცნების" ყრილობა ჩაატარონ, რა მოხდება ამით?!" - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ალაფიშვილი.

    ანალოგიურად ფიქრობს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძეც.

    "თუ ჩამოდიან და კანონს არ არღვევენ, არც აზერბაიჯანის და არც საქართველოს ნორმებს, ხელი რატომ უნდა შევუშალოთ?! არ მესმის მეზობელი ქვეყნის პროტესტის", - გვითხრა შარაშენიძემ.

    თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია კი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფორმალურად ამაში არ ერევა, ამიტომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ეს საკითხი უმნიშვნელოა და რაიმე გავლენას ვერ მოახდენს.

    "ეს საკმაოდ დელიკატური საკითხია და დროდადრო წამოიწევა ხოლმე ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობაში. ფორმალურად, არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამაში ჩართული იყოს. "ოცნების" ხელისუფლება ოპოზიციის საქმიანობას ხელს არ უწყობს, პირიქით - აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტი საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

    "მაგრამ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას არ შეუძლია, ეს აკრძალოს, მით უმეტეს, მე მგონი, ისიც არ იციან, სად უნდა ჩატარდეს ეს ყრილობა. აზერბაიჯანის მხრიდან ეს თემა და ამაში "ოცნების" ხელისუფლების როლი ცოტა გაბუქებულია. არ ვიცი, ამ პარტიას რა გეგმები აქვს, მაგრამ საქართველოსთვის ეს არ არის მთავარი საკითხი, რომ ჩვენმა მთავრობამ ამაზე იფიქროს. ეს აზერბაიჯანის შიდა პოლიტიკური საკითხია, ოფიციალური თბილისი კი ამაში არ ერეოდა და არც ახლა უნდა ჩაერიოს.

    "ასე რომ, აზერბაიჯანისთვის ეს ფაქტი შეიძლება უსიამოვნოა, მაგრამ არ მგონია, რომ ამას ორი ქვეყნის ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს", - გვითხრა კაკაჩიამ.

    აღსანიშნავია, რომ მოძრაობა "რესპუბლიკური ალტერნატივა" 2009 წლის 18 მარტს შეიქმნა, აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად გამართული რეფერენდუმის წინ. მოგვიანებით მოძრაობამ პოლიტიკურ პარტიად ქცევის შესახებ განაცხადა.

    მოძრაობა "რეალ"-ის თავმჯდომარე ილგარ მამედოვი 2013 წლის თებერვლიდან შვიდი წლით დაპატიმრებულია აზერბაიჯანის ქალაქ ისმაილში მასობრივი უწესრიგობის მოწყობის ბრალდებით.

    2014 წლის მაისში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამედოვის განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულად ცნო და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისთვის 22 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა, თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას აქამდე არაფრად აგდებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved