სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    13.01.2018

     "მოწმენი გავხდით, თუ რა შედეგი გამოიღო ლაფანყურის ტრაგედიის გამოუძიებლობამ", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და აღნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, ბოლო დღეებში პანკისში განვითარებული მოვლენები სწორედ "იმავე უჯრიდან ამოღებული საქმის გაგრძელება იყო".

    სოსო ცისკარიშვილი: ჩემი აზრით, მოწმენი გავხდით, თუ რა შედეგი გამოიღო ლაფანყურის ტრაგედიის გამოუძიებლობამ. საყოველთაოდ თავიდანვე ცნობილი რომ გამხდარიყო, საიდან შემოვიდნენ, სად მიდიოდნენ, ვინ შემოიყვანა, ჩატაევი ვინ ჩაიყვანა ავსტრიაში (მოგვიანებით გაირკვა, რომ მინისტრის მოადგილის რანგის პიროვნება იყო, რომელიც მერე ამ ფაქტით ხეობაში ტრაბახობდა), ასეთ შედეგს არ მივიღებდით. დარწმუნებული ვარ, პროკურატურის მიერ დადებული ახლანდელი შედეგი იქნება იგივე, რაც იყო ლაფანყურთან დაკავშირებით.

    ამიტომ პანკისში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს როგორც დღევანდელმა, ისე გუშინდელმა ხელისუფლებამ. პანკისელები წლების განმავლობაში ალბათ ფიქრობდნენ, რომ თბილისს მათთვის არ სცალია და არ აინტერესებს მათი ყოფა.

    "რეზონანსი": რამდენად სწორად მიგაჩნიათ რიგითი სპეცრაზმელის დასჯის მოთხოვნა?

    ს.ც.: რასაკვირველია, სრულიად მიუღებელია, როდესაც სპეცოპერაცია, დიდი ალბათობით, გამოუცდელი ადამიანის მონაწილეობით ტარდება. ამან გამოიწვია ისეთი დანაშაულებრივი ნაბიჯი, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვაკვირდებით. კი, ბატონო, გამოუცდელობა დასაშვებია, მაგრამ მას გვერდით უნდა ჰყავდეს ადამიანი, რომელიც დაშვებულ შეცდომაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.

    ახლა ნურც იმას ვიტყვით, რომ ბოლო დღეებში დაკავებულები მამა აბრამის ბატკნები არიან. თუ ეს ასეა, მაშინ უნდა ვეცადოთ, რომ გამოვავლინოთ სუს-ის და პროკურატურის ის წარმომადგენლები, რომლებსაც ნულოვანი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თანამდებობებზე.

    ერთი სიტყვით, ამ საქმით ჩვენ მივიღეთ საკმაოდ გაბრაზებული პანკისი. ყოველ შემთხვევაში, იქ მცხოვრებლებს ასეთი განწყობა ჩამოუყალიბდათ და საკმაოდ სამართლიანადაც, რადგან მათ არავინ არაფრად აგდებს თბილისიდან. ამდენი წლის განმავლობაში არავინ იკადრა ადგილობრივებთან დალაპარაკება, რადგან ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ როგორი გასაიდუმლოებულია ლაფანყურის წამომწყების ვინაობა და, დიდი ალბათობით, სწორედ იმავე უჯრიდან ამოღებული საქმის გაგრძელება იყო ბოლო დღეებში პანკისში განვითარებული მოვლენები.

    "რ": პირდაპირ კავშირს რუსეთთან ხედავთ?

    ს.ც.: მსოფლიოს მასშტაბით სწორედ რუსეთი საუბრობდა, რომ თურმე ყველაზე მოუვლელი შავი ხვრელი ყოფილა ჩვენი ქისტი თანამემამულეების ტერიტრია. სწორედ ის იყო, ვინც მუდმივად ცდილობდა, რომ ეს ხეობა რაიმენაირად ხელში ჩაეგდო საკუთარი ქმედებით თუ უარესი ნაბიჯებით. არცთუ დიდი ხნის წინ უკვე მოვისმინეთ ამხანაგ კადიროვისგანაც, რომ პანკისიდან რუსეთში გადადიან ბოროტმოქმედები, რომლებიც თითქოს რაღაცას ამზადებენ. ასეთი საჯარო განცხადებები იმის მიმანიშნებელია, რომ დიახ, ვიღაცას აქვს სურვილი, ასეთი შინაარსის გაცხადებები შემდგომში რეალობად აქციოს და მიეცეს საშუალება, რომ ჩვენი საზღვარი კიდევ უტიფრად გადმოიაროს.

    "რ": რაში ხედავთ გამოსავალს?

    ს.ც.: უხუცესთა საბჭო ყველაზე მთავარი რგოლია. არავის ეპარება ეჭვი მათ კეთილსინდისიერებასა და განათლებაში. ასეთ საბჭოში ადამიანი შემთხვევით ვერ ხვდება. ლაფანყურის ამბების გამოაშკარავების პროცესში მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა იქ ჩავედით და მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა. ეს ურთიერთობა მხოლოდ სიამოვნების მომგვრელია და ჩემზე ნაკლებად არ უყვართ საქართველო.

    როდესაც ვხედავთ, რომ მათთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს ჩვენს მთავრობას, ეს არასწორია. ამიტომ ტრაგიკულ რეალობას, რამაც 19 წლის ახალგაზრდა შეიწირა, რასაკვირველია, მხოლოდ მდუმარებით არ უნდა ვპასუხობდეთ. არა ფუყე ფრაზებით, არამედ მკაფიო გზავნილებითა და ქმედებით საკუთარი თავიც და ჩვენი პანკისელი თანამემამულეებიც უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ურთიერთობა, რომელიც საუკუნოვანი საგანძურია, სწორედ უხუცესთა საბჭოს საშუალებით უნდა დალაგდეს.

    "რ": რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა 40 კანონს, რომელთა შორის მაუწყებლის შესახებ კანონი არ იყო. როგორ ფიქრობთ, ვეტოსთვის ემზადება?

    ს.ც.: ბატონ პრეზიდენტს სრულიად საღი წარმოდგენა აქვს საკუთარ ფუნქციებზე. ეს საკითხი თავად საპარლამენტო უმრავლესობაშიც კი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და, რა თქმა უნდა, ამ რეალობაში ვეტოს დადება პრეზიდენტისთვის უფრო მარტივად ასახსნელი იქნება.

    პარალელურად, ზოგიერთი პარლამენტარი ცდილობს, რომ ტერმინი "ვეტო" პრეზიდენტის დამამცირებელ სიტყვად აქციოს. ვწუხვარ, რომ საკუთარი თავი ბევრ მათგანს არ გააჩნია, ხოლო "კოლექტიური თავი", 20 კაცის გამოკლებით, არაფრის მომტანია სახელმწიფოსთვის. ამიტომ, ჩემი აზრით, ამ კანონზე მხოლოდ ვეტოს დადება არ არის საკმარისი. იგი ბოლომდე უნდა შევისწავლოთ და დავადგინოთ, რომელი იდიოტის თავში დაიბადა ეს აზრი.

    "რ": როგორც იცით, ალეკო ელისაშვილი პარტიას ქმნის და არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა. თქვენი აზრით, რამდენად პერსპექტიული იქნება მისი პოლიტიკური მოძრაობა?

    ს.ც.: უპირველეს ყოვლისა, ვისურვებდი, რომ ბატონმა ალეკომ საარჩევნო სივრციდან უფრო ხანგრძლივი ტაიმაუტი აიღოს. ჯერ ამაზე საუბარი ნაჩქარევია. გულში რა სურვილიც აქვს, თავად ატაროს. რაც უფრო ადრე დაიწყებს ამაზე საუბარს, მით უფრო მეტი კონკურენტი გაუჩნდება, მათ შორის ავად სახსენებელი პირებისგანაც.

    ბევრად წარმატებული იყო ალეკო ადგილობრივ არჩევნებზე და ჯერ ისევ ამით უნდა ტკბებოდეს. მისი საჯარო გამოსვლები იქნება მრავალმხრივი შეტევის საგანი, რაც მასვე ავნებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved