სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    16.04.2018

     მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი ინიციატივით გამოდის, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდავეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ერთობლივი განაცხადი გააკეთონ. მისი თქმით, კიშინიოვს, თბილისსა და კიევს ერთობლივი ძალებით შეუძლიათ, დაარწმუნონ ევროპა საკუთარი განზრახვების სერიოზულობაში.

    ქართველი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ინიციატივა კარგ გაანალიზებასა და შესწავლას მოითხოვს, რადგან სამივე ქვეყანას ევროკავშირის წევრობაზე სხვადასხვა დონის მზაობა აქვს. შესაბამისად, უნდა დათანხმდეს თუ არა საქართველო აღნიშნულ წინადადებას, ცალსახა პასუხი არ აქვთ.

    პაველ ფილიპი მიიჩნევს, რომ მოლდავეთმა, საქართველომ და უკრაინამ ასოცირების შესახებ ხელშეკრულება შეასრულეს, უვიზო მიმოსვლასაც ერთნაირად მიაღწიეს, ამიტომ, ამ სამმა ქვეყანამ სპეციალური მექანიზმებითა და ფინანსური ინსტრუმენტებით უნდა ისარგებლოს.

    მოლდავეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია შიდაპოლიტიკური საკითხიცაა და აუცილებელია, სახელმწიფომ ევროპული რეფორმები განახორციელოს.

    თუმცა, იქვე დასძინა, რომ მიუხედავად დიდი მისწრაფებისა, მომდევნო 2 წლის განმავლოაბაში მოლდავეთს ევროკავშირში ვერ ხედავს, რადგან ქვეყანა ჯერ ამისთვის მზად არ არის.

    აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით "მთელი კვირა" საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას დაუკავშირდა, თუმცა მას მოლდავეთის პრემიერის ინიციატივაზე ინფორმაცია არ ჰქონდა.

    საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ შინაარსის გასაცნობად საინფორმაციო წყაროს გადაგზავნა ითხოვა, რათა შემდეგ კომენტარი გაეკეთებინა. "მთელმა კვირამ" მისი თხოვნაც შეასრულა, თუმცა მოგვიანებით ქაცარავამ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.

    რაც შეეხება საგარეო და ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტების "ქრთული ოცნების" სხვა წევრებს, "მთელი კვირის" მცდელობის მიუხედავად, ვერც ერთ დეპუტატთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

    საქართველოს საგარეო უწყებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვებით ოფიციალურად უნდა მივმართოთ, თუმცა, უქმე დღეების გამო, პასუხს ორშაბათამდე ვერ გაგვცემენ.

    საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სამ ქვეყანას ევროკაშირის წევრობაზე ერთნაირი მზაობა არ აქვს, მოლდავეთის შეთავაზება კარგად შესწავლასა და გაანალიზებას მოითხოვს.

    თუმცა, არ გამორიცხავს, რომ სამი ქვეყნის ერთობლივი განაცხადი საქართველოსთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

    "ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერა ამა თუ იმ სტრატეგიული მიზნის მიღწევის პროცესში, თავისთავად, დამატებითი ინსტრუმენტია და თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს, უნდა გამოიყენო. თუმცა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, როდესაც საუბარია სამ ისეთ ქვეყანაზე, რომელთაც ევროკავშირის წევრობაზე განსხვავებული დონის მზაობა აქვთ, ცალსახად რამის მტკიცებას ვერ დავიწყებთ.

    "ამას კარგად გათვლა და გაანალიზება სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ, ეს სწორი ნაბიჯი იქნება თუ არა. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი მიდგომა ჩვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდეს", - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.

    პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ეს სამი ქვეყანა, გარდა ერთობლივი მისწრაფებებისა, სუამ-ის წევრიცაა, ამიტომ ამ ორგანიზაციის გააქტიურება ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატზე მუშაობასაც წაადგება.

    "ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს შორის უნდა ამოქმედდეს კოორდინირებულული მუშაობის გარვეული მექანიზმები. არასამთავრობო ორგანიზაციების დონზე ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ მოლდავეთისა და უკრაინის შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მაგრამ ბუნებრივია, საერთო ჯამში, გადაწყვეტილება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ. მით უმეტეს, რომ სამივე ქვეყანა გახლავთ სუამ-ის წევრი.

    "ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებელია აღნიშნული ორგანიზაციის რეაბილიტაცია, რადგან ოთხივე წევრ ქვეყანას საერთო პრობლემები გააჩნია. მისი რეაბილიტაციის პირობებში კი შესაძლებელია იგივე ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატის შემუშავება, ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება. თუ აზერბაინჯანის შემთხვევაში არა, ამ სამ ქვეყანას მაინც გამოადგება ერთმანეთის გამოცდილება", - აცხადებს პოლიტოლოგი.

    რაც შეეხება კონკრეტულად სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა აუცილებლად უნდა გამოეხმაუროს მოლდავეთის ინიციატივას და კოორდინირებული მუშაობა დაიწყოს.

    "შესაძლოა, ერთობლივი დეკლარაცია იყოს მიღებული, სადაც საუბარი იქნება, რომ სამივე ქვეყნის პრიორიტეტია ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია. თუმცა, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოლდავეთი ნეიტრალური სახელმწიფოა და ის არ ისწაფვის ნატო-ში გაწევრიანებისკენ. მიუხედავად ამისა, ქვეყნებმა შეიძლება გამოთქვან ერთობლივი მზადყოფნა, რისთვისაც აუცილებელია, ჩვენი საგარეო უწყება რაც შეძლება მალე გამოეხმაუროს ინიციატივას", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved