სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    14.06.2018

     პანკისში მაჩალიკაშვილის მიერ 15-16 ივნისს დაანონსებული აქციების ჩასატარებლად მზად არიან და ხეობის უხუცესები იზიარებენ მოსაზრებას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით არც ერთ კითხვაზე პასუხი გაცემული არ არის.

    ხეობის უხუცესები "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავენ, რომ მაჩალიკაშვილს ჯერჯერობით მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა, მათი აზრით, აქციების გარდა, შვილმკვდარ მამას სხვა გამოსავალი აღარ დაუტოვეს და ხეობაში მოსახლეობას განცდა აქვს, რომ ისინი ხელისუფლებისგან მიტოვებულები არიან.როგორც ერთ-ერთი უხუცესი - ხასო ხანგოშვილი ამბობს, სამართალდამცველების მხრიდან იყო გარკვეული დაპირებები, რომ ამ საქმეზე სიმართლე დადგინდებოდა, თუმცა შვილმკვდარ მამას დღემდე არა აქვს პასუხი, როგორ მოხდა მისი შვილის მკვლელობა. მისი აზრით, პანკისში აქციების ჩატარების გარდა, სხვა გამოსავალი აღარ არსებობს. ის გულდაწყვეტილია, რომ ტრაგედიიდან ამდენი ხნის განმავლობაში არც ერთ პოლიტიკოსს არ გასჩენია სურვილი, ჩასულიყო ხეობაში და ადგილობრივებს დალაპარაკებოდა.

    ხანგოშვილის განცხადებით, ხეობის მოსახლეობა პოლიტიკოსებსა და მთავრობის წარმომადგენლებს მათი პრობლემებით დაინტერესებას სთხოვს და ფიქრობენ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას პანკისელებთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს.

    "სამწუხაროდ, ამდენი ხნის განმავლობაში ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და თემირლანის საქმესთან დაკავშირებით არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. გამწარებულ მამას სხვა გზა აღარ დაუტოვეს და იძულებულია, ქუჩის აქციებით ყურადღება მიიქციოს.

    "რა თქმა უნდა, ხეობის მოსახლეობა სრულიად ვიზიარებთ მის გადაწყვეტილებას და თუ საჭირო გახდება, პანკისში აქციებსაც გავმართავთ. არც ერთი პოლიტიკოსი ამდენი ხნის განმავლობაში ამ ტრაგედიით არ დაინტერესებულა. არავინ მოსულა და ელემენტარული სამძიმარიც კი არ უთქვამს.

    "მოსახლეობის უმეტესობას განცდა აქვს, რომ ხელისუფლებას ჩვენი მოსმენაც კი არ უნდა. ფაქტი ერთია, რომ უდანაშაულო ბავშვი საკუთარ საწოლში მძინარე მოკლეს და დანაშაულის აღიარებაც კი არ ხდება", - განაცხადა ხანგოშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

    უხუცესი ზემილხან წუწაშვილი ამბობს, რომ შვილმკვდარ მამას არავინ ესაუბრება, რაც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს, პრემიერს კი მაჩალიკაშვილი სიაშიც კი არ ჰყავდა და რომ არა მედიასთან მისი კრიტიკული განცხადება, მასთან შეხვედრას არც აპირებდა.

    უხუცესის თქმით, სიმართლის დასადგენად მაჩალიკაშვილმა ყველანაირი გზა სცადა, თუმცა არაფერი გამოდის. ამიტომ ხეობას მისი დახმარება მხოლოდ აქციების გამართვით შეუძლია და ამ გზით ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების მიქცევას შეეცდებიან.

    "მაჩალიკაშვილის განცხადებას, რომ აქციებს ჩაატარებს პანკისში, სრულიად ვიზიარებთ. მას ჯერჯერობით ჩვენთან კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა აუცილებლად შევხვდებით და ამ კუთხით გარკვეულ გეგმებს შევიმუშავებთ.

    "სამწუხარო ის არის, რომ პრემიერს შვილმოკლულ მამასთან შეხვედრა არც სურდა. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება, საქმის ირგვლივ ჭეშმარიტების დადგენის იმედი გვქონდეს. ხეობაში მაჩალიკაშვილს სოლიდარობას ვუცხადებთ და როგორც შეგვეძლება, ისე ამოვუდგებით მხარში. მასთან კომუნიკაციის შემდეგ დავგეგმავთ, აქციები როგორი ფორმით ჩატარდება", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში წუწაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ - მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისში 15-16 ივნისს აქციები დააანონსა. იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

    მისი თქმით, მან პრემიერთან შეხვედრისას მიიღო დაპირება, რომ მისი შვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა, თუმცა პრემიერმა პირობა არ შეასრულა და ამ მკვლელობაზე არავინ არაფერს ამბობს.

    მაჩალიკაშვილის მოთხოვნა უცვლელია, ის შვილის უდანაშაულობის აღიარებას, დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას ითხოვს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved