სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    09.08.2018

     გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნილია. მისი მკვლელობის ბრალდებით უკვე მეორედ ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია დააპატიმრეს, თუმცა მას ბრალი ჯერჯერობით იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის აქვს წაყენებული. ჭანტურია რუსთავის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ის რვა თვის წინაც დააკავეს გენერლის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით, თუმცა საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო გაათავისუფლეს.

    მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 500-მდე ვაზნა, სამი ავტომატი და ასევე 21 მჭიდი. დაკავებულის ოჯახი აცხადებს, რომ სახლიდან ამოღებული საბრძოლო მასალა და ავტომატები ადგილზე სამართალდამცველებმა მიიტანეს.

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გამოძიებამ რვა თვის განმავლობაში საკმაო მტკიცებულებები შეაგროვა იმისთვის, რომ ჭანტურიას დაკავება მომხდარიყო. მისი თქმით, დაკავებულმა გენარალი ქუთათელაძე ე.წ. "სტამბოლის ბაზრის" გამო მოკლა. მეზვრიშვილი ამბობს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილსა და გენერალს გარკვეულ ფინანსებთან დაკავშირებით დავა ჰქონდათ და მათი კონფლიქტის შემსწრე არაერთი მოწმე არსებობს.

    "რეზონანსთან" ე.წ. ბაზრის თანამშრომლები ჰყვებიან, რომ არსებობენ მოწმეები, რომლებმაც დაინახეს, როგორ შევიდნენ გენერალი და ჭანტურია კაბინეტში. ასევე დაინახეს, ის კაბინეტიდან მარტო როგორ გამოვიდა. ამის შემდეგ მათ გენერალთან შესული არავინ უნახავთ და თავად ქუთათელაძეც კაბინეტიდან არ გამოსულა. სწორედ ჭანტურიას წასვლის შემდეგ ის უკვე გარდაცვლილი აღმოაჩინეს. გამოძიებას, სავარაუდოდ, ასევე აქვს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, სადაც ჭანტურიას გადაადგილება და მოქმედება ჩანს.

    ერთ-ერთმა მოვაჭრემ, რომელიც გენერლის კაბინეტთან ახლოს იმყოფება, გიორგი ჭანტურია ამოიცნო, რომელიც გენერალს ხმამაღლა ეკამათებოდა. სავარაუდოდ, გამოძიებას გენერალსა და ჭანტურიას შორის არსებული დაპირისპირების შესახებ მისმა ოჯახის წევრებმაც მისცეს ჩვენებები. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. "სტამბოლის ბაზრის" 28%-იანი წილის მფლობელმა ებრაელმა იუზიელ ნონიმ მისცა ჩვენება, სადაც ჭანტურიასა და ქუთათელაძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

    ე.წ. "სტამბოლის ბაზრის" დირექტორი მამუკა ცხოვრებაძე "რეზონანსთან" ასევე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჭანტურიასა და გენერალს ბოლო დროს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და შესწრებია, როდესაც ისინი ცხარედ კამათობდნენ. მისი თქმით, მათი ჩხუბი ბაზრის წილებს უკავშირდებოდა.

    "მათი კონფლიქტის მომსწრე მეც და სხვა ბევრი ადამიანი ყოფილა. გასული წლის ნოემბრის თვეში სერიოზული კონფლიქტი მოუვიდათ. არის ხალხი, ვინც დაინახა, რომ კაბინეტში ერთად შევიდნენ. სიკვდილის წინ ერთად არიან რამდენიმე ხნის განმავლობაში, იქ სხვა არავინ არ ყოფილა. მისი წასვლის შემდეგ კაცი მკვდარი იპოვეს. ახლა ალბათ გაამყარა შსს-მ, იმუშავა და აქვს რაღაც მტკიცებულებები და ეგრე სულელივით ხომ არ დაადებს ბრალს. ბევრი მოწმე არსებობს, რომ გენერალი და ჭანტურია კაბინეტში ხმამაღალი კამათით შევიდნენ", - უთხრა ცხოვრებაძემ "რეზონანსს".

    გიორგი ჭანტურიას და, მარიამ ჭანტურია "რეზონანსთან" ამბობს, რომ თავისი ძმის დაკავება და იარაღის ამოღება წინასწარ იყო დაგეგმილი. მისი მტკიცებით, პოლიციამ სახლში იარაღი თავადვე მიიტანა, რადგანაც ეს სახლი რვა თვის წინაც გაჩხრიკეს და მაშინ ვერაფერი იპოვეს. ამიტომაც, მარია ჭანტურიას თქმით, აბსურდია, რომ თავის ძმას ასეთ სიტუაციაში იარაღი სახელში შეენახა.

    "წინასწარ დაგეგმილი აქვთ ყველაფერი. ახლა ეს იარაღი შეიტანეს, ამ იარაღზე დაიჭერენ და მერე ალბათ, შიგადაშიგ რაღაცას მოიფიქრებენ. მთელი რვა თვის განმავლობაში ვერაფერი დაუმტკიცეს, ამიტომ ახლა ყველანაირი ხერხით ცდილობენ, რომ მისი დაკავება გაამართლონ.

    "იმ სახლში, რომელსაც ორჯერ ჩხრეკენ და ასეთი სიტუაციაა, როგორ ფიქრობთ, იარაღს გავაჩერებდით?" - განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.

    მარიამ ჭანტურია აცხადებს, რომ სამსონ ქუთათელაძეს კონფლიქტი ბევრ მეწილესა და ადამიანთან ჰქონდა, თუმცა გენერლის მკვლელობის მოტივი მის ძმას არ გააჩნდა.

    გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალდებას უარყოფს. გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ ქუთათელაძე მას არ მოუკლავს. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მოინახულა. ადვოკატის მტკიცებით, გიორგი ჭანტურიას საქმესთან შემხებლობა არ აქვს და ის უკანონო პატიმარია.

    რაც შეეხება სამსონ ქუთათელაძის ოჯახის წევრებს, ისინი მედიასთან კონტაქტისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, თუმცა გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved