სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    09.08.2018

     2008 წლის ომის მე-10 წლისთავზე კვლავ აქტუალურია კითხვა, ვინ დაიწყო ომი, მისი შედეგები და შეცდომები, რა გაკვეთილი გამოვიტანეთ 5-დღიანი ომიდან, შეეძლო თუ არა საქართველოს ამ ომის თავიდან აცილება. "რეზონანსს" ამ კითხვებზე გენერალი და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე პასუხობს.

    მისი თქმით, დაუშვებელია, როდესაც საქართველოს რუსეთთან ორ საერთაშორისო სასამართლოში დავა აქვს და ვამტკიცებთ, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. მოსამართლეები ყველა ამ განცხადებებს ეცნობიან და ითვალისწინებენ, შესაბამისად, ეს სასამართლოს ვერდიქტზე ზეგავლენას მოახდენს.

    გენერალი ამბობს, რომ ომის დროს საქართველომ შეცდომები დაუშვა. კერძოდ, მცდარი იყო გადაწყვეტილება, როდესაც ქართულმა ჯარმა შეტევით სამხედრო ტაქტიკა აირჩია თავდაცვითი მოქმედებების ნაცვლად, არ მოხდა რისკების შეფასება, როდესაც კარგად ვიცოდით, რუსეთი საქართველოში რა სამხედრო ძალით შემოჭრას აპირებდა.

    ამირან სალუქვაძე: ომამდე აქტიურად ვწერდი ლოკალური ომების გამოცდილების შესახებ, რადგან არსებული ვითარების ანალიზი ცხადყოფდა ომის საშიშროებას. 2008 წლის დასაწყისში რამდენიმე სტატია მივუძღვენი ისრაელ-არაბეთის 6-დღიან ომს, რადგან კონფლიქტის შემთხვევაში სწორედ ხანმოკლე ომს მოველოდი.

    ხშირად მესმის საუბარი და აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ 7 აგვისტოს საქართველომ 23 საათსა და 30 წუთზე ცხინვალზე საარტილერიო დარტყმები მიიტანა და ომიც მაშინ დაიწყო. ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ეს ეპიზოდი გამოსაკვლევია. ჩვენი მხრიდან დემონსტრაციული განცხადებები და შემდეგ აქტიური მოქმედებები გაუთვლელი იყო. ჩვენ ვერ მოვახერხეთ რუსეთის შემოჭრის მხილება და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება მანამ, სანამ ჩვენ დავიწყებდით მასშტაბურ მოქმედებებს.

    "რ": საქართველოს ორ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთთან დავა აქვს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ამ ფონზე, ჩვენი ქვეყნიდან წასული განცხადებები იმოქმედებს თუ არა მოსამართლეების გადაწყვეტილებაზე?

    ა.ს: 2008 წლის ომზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ორ უმნიშვნელოვანეს სასამართლოში დავობს. ეს არის ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოები. გაზაფხულზე თავად მეც ვესწრებოდი სასამართლო სხდომას. ამიტომ ასეთი სახის განცხადებები, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საკმაოდ საფრთხილოა. ამან შეიძლება, ჩვენს ქვეყანას ზიანი მიაყენოს. იქ ყოფნის დროს დავრწმუნდი, რომ მოსამართლეები ომის შესახებ ყველა განცხადებებს კითხულობენ. აკვირდებიან და სწავლობენ პოლიტიკოსების შეფასებებს, ჟურნალისტურ გამოძიებებსა და ანალიტიკურ სტატიებს დეტალურად ეცნობიან. ამის შემდეგ მას გადაწყვეტილების მიღებაში იყენებენ. ეს გადაწყვეტილება შემოდგომაზე უნდა იქნას გამოტანილი, ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომლებიც სახელმწიფოს პოზიციას ეწინააღმდეგება, სასამართლოზე უარყოფითად იქნება გამოყენებული.

    საბრძოლო მოქმედებები რვასა და შვიდში არ დაწყებულა. სროლები იყო როგორც აგვისტოს პირველ რიცხვებში, ასევე მანამდეც. რუსეთს აწყობს, ამას 5-დღიანი ომი დავარქვათ და ათვლა მხოლოდ იმ ფაზიდან დავიწყოთ, როცა ჩვენმა არტილერიამ დაიწყო მოქმედებები.

    საქართველოს რა უნდოდა და რისი თავიდან აცილება შეეძლო, ეს კიდევ ცალკე განსახილველი საკითხია, რომელზეც სერიოზულად ჩვენვე უნდა ვიმსჯელოთ. საქართველომ რა გააკეთა იმისთვის, რომ ამ პროვოკაციაზე არ წამოგებულიყო და თავი მაქსიმალურად შეგვეკავებინა? მე ვერ შევამჩნიე მაშინდელ ხელისუფლებას, რომ ომის თავიდან აცილების სურვილი ჰქონდა.

    არც პოლიტიკოსთა მხრიდან მესმოდა სერიოზული შემაკავებელი გაფრთხილებები. ახლა იოლია მსჯელობა. ჩვენი არც რიტორიკა იყო ომის შემაკავებელი, არც მოქმედებები. მაგრამ, მიუხედავად იმ შეცდომებისა, რომლებიც, ჩემი შეფასებით, ჩვენ დავუშვით, რუსეთს არ ჰქონდა არც მორალური და არც სამართლებრივი უფლებები, ისე ემოქმედა, რაც ვიხილეთ.

    "რ": კონკრეტულად რაში დავუშვით შეცდომები, რა ვერ გავთვალეთ, ხომ ცნობილია, რომ რუსეთის ჯარი როკის გვირაბთან, ფაქტობრივად, უკვე მობილიზებული იყო?

    ა.ს: ვფიქრობ, რომ ის სცენარი, რაც აგვისტოს ომის დროს ავირჩიეთ, იყო არასწორი. ჩვენს ქმედებებს შეტევითი ხასიათი ჰქონდა. იქიდან გამომდინარე, როცა გვქონდა ინფორმაცია, რა ძალებით აპირებდა რუსეთი ჩვენთან შემოსვლას, მათთან შეტევით, შემხვედრ საბრძოლო მოქმედებებში შესვლა გაუმართლებელი იყო. ჩვენ არ გვქონდა ამის რესურსი და შესაძლებლობა. უნდა შეგვეფასებინა, რა შედეგი მოჰყვებოდა როგორც სამხედრო, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. არ ვსაუბრობ იმაზე, ვინ დაიწყო ომი, არამედ - როგორ ვაწარმოეთ ომი.

    ჩვენ უნდა დაგვეკავებინა ის პოზიციები, რომლებსაც ვაკონტროლებდით, შეგვექმნა თავდაცვის ზღუდეები და ფეხი არ მოგვეცვალა ამ პოზიციებიდან საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის მოლოდინში. ამას საექსპერტო გამოძიება სჭირდება, არა იმიტომ, რომ ვინმე გავასამართლოთ, არამედ იმიტომ, რომ გაკვეთილები გამოვიტანოთ და კიდევ იგივე არ დაგვემართოს.

    დავუშვათ, პირობითად, კონფლიქტი ჩვენ განვაახლეთ, ეს რუსეთის ქმედებას ამართლებს? ამაზე რატომ არავინ საუბრობს? რისთვის იდგნენ იქ რუსეთის სამშვიდობოები, რა მანდატით და რა უფლებებით? რუსეთს მორალური ან სამართლებლივი უფლება ჰქონდა, რომ ცალმხრივად განესაჯა და გადაეწყვიტა კონფლიქტი? ამაზე არავინ საუბრობს, მათ შორის არც ის ადამიანები, რომლებიც რუსეთში დადიან. რუსეთს ჰქონდა მანდატი, რომ ძალა გამოეყენებინა, თუმცა მას არ ჰქონდა უფლება, რომელიმე მხარის პოზიცია დაეკავებინა. მას მშვიდობის იძულების ვალდებულება ჰქონდა და არა - რომელიმე მხარის დაკავება და მის სამხედრო ფორმირებებთან ერთად მეორე მხარის წინააღმდეგ ომის წარმოება. ეს ელემენტარულია.

    "რ": ალბათ, იცნობთ გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვის ინტერვიუს, სადაც ის ადასტურებს, რომ თბილისის აღების ბრძანება ჰქონდა მიღებული, თუმცა კრემლმა გადაწყვეტილება შეცვალა. როგორ ფიქრობთ, რატომ გადაიფიქრა პუტინმა?

    ა.ს: რუსეთის სამხედრო მანქანას კარგად ვცნობ და ზუსტად ვიცი, რომ ყველა მათი მოქმედება წინასწარ გაწერილი და დაგეგმილია. ვითარებიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ რაღაც სპონტანურად გააკეთონ, თუმცა ეს იშვიათად ხდება. თქვენს კითხვაზე, რატომ არ შემოვიდა რუსეთი თბილისში, ერთი მთავარი მიზეზი არსებობს - ის საქართველოს მთლიან ოკუპაციას ვერ შეფუთავდა.

    სრული ოკუპაციის შემთხვევაში, მათ, ადრე თუ გვიან, სრული დეოკუპაცია მოუწევდათ. სამართლებლივად ვერანაირ საფუძველს ვერ დაუდებდნენ, თუნდაც ათასჯერ მტყუანი ვყოფილიყავით. მათ უბრალოდ სურდათ, რომ "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა ეცნოთ და ეს გაემართლებინათ, რაც მშვენივრად გამოუვიდათ. ეს იყო კარგად დაგეგმილი სცენარი, რომელშიც მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია შედიოდა.

    "რ": არსებობს თუ არა ომის გამეორების ხელახალი რიკსი?

    ა.ს: საქართველოს მსგავსი სცენარი უკრაინაში გამეორდა, თუმცა რუსეთმა აგვისტოს ომის სერიოზული ანალიზი გააკეთა, გამოავლინა საკუთარი არმიის ხარვეზები და დღეს აბსოლუტურად განსხვავებულ შეიარაღებულ ძალებთან გვაქვს საქმე. უკრაინაში, განსაკუთრებით ყირიმში, მან საქართველოში მიღებული გამოცდილებით იმოქმედა, ამიტომ ვაბობ, რომ ყველაფრის ანალიზი უნდა მოხდეს. ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, რომ შესაძლო საომარ სცენარებზე საუბარისგან თავი შეიკავონ. ეს რუსეთის საინფრომაციო ომს უფრო ადგება, ვიდრე ჩვენს ინტერესებს. შესაძლო სცენარებსა და მოსახლეობის დათრგუნვას დიდი ანალიტიკური უნარი არ სჭირდება. ეს მოწოდება მედიამაც უნდა გაითვალისწინოს.

    მხოლოდ ერთს დავსძენ. რუსეთის ამჟამინდელი მუქარა არ უკავშირდება ბრიუსელის სამიტს. ეს მხოლოდ საბაბია. ბევრჯერ დაგვიწერია "რეზონანსის" ფურცლებზე, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მოსალოდნელი იყო რუსეთის გააქტოურება როგორც უკრაინის, ასევე კავკასიის მიმართულებით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    პეტრე   (09.08.2018)
    რამდენ რამეს უნდა გაუძლოს ქართველის გულმა, ჯერ დამპყრობი რას გვიშვება, 30-წელია გვებრძვის, გვჟუჟავს, გვართმევს, გვანგრევს, იტაცებს ადამიანებს და შიგნითა მტრები უარესს გვიშვება...ხელოვნურად ხდება სახელმწიფოს გაკოტრება, ხალხის ნაშრომ-ნაამაგარს ხარბად ნთქავენ ჩინოვნიკები, მიზანმიმართულად ხდება ხალხის გაღატაკება, რომ ადამინებს დაეკარგოთ რწმენა ხვალინდელი დღისადმი, ჩვენი არჩეული გზისადმი, რომ მუდმივად გვქონდეს ნოსტალგია, რომ ხალხს შეუქმნან რწმენა, რომ ეეხ, რა კარგი იყო სსრკ...გვთავაზობენ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც საქართველოს ადანაშაულებენ დამპყრობთან მიმართებაში...განკითხვის ჟამი დადგა, მეტის მოთმენა დაღუპვის ტოლფასია...აღსდექ საქართველო!!!

    li   (09.08.2018)
    ამ უსინდისო კანდიდატებს - ფქვილოვნას და მეორე არარაობა- ზვიადის წინააღმდეგ ყველაფრის გამკეთებელი სალო, ეს სამარცხვინო არარაობები, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ქვეყანაც ფეხზე ჰკიდიათ და ხალხიც, ოღონდ პრეზიდენტობა ეღირსოთ! სადამდე მიდის ადამიანებად წოდებულების ბუნება. სალომე სხვას, რომ გიჟს უწორებს ეს ფსიქოპატი არსება არ გაგეცინება კაცს!. ნინაჩკას საპრეზიდენტო დაპაირებები მთლიანად მიშას დაპატიმრების მოთხოვნაა, ვაი თქვენს პატრონს თქვე უჯიშო მატრაკვეცებო, თქვენი ადგილი სანახვეზეა ბოღმით გაბერილო ტაკიმასხრებო!!!!! ვაი იმ ქოცებს და ე.წ. დემოკრატებს, ვინც ამ ქვეყნის მოღალატეებს მისცემს ხმას!! მიჭა უნდა ეშლებოდეთ ფეხქვეშ ამ გარეწრებს!!!!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved