სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    10.08.2018

     უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის ყოფნის პერიოდს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აფასებს და აცხადებს, რომ, შესაძლებლობის ფარგლებში, გვენეტაძეს მისი როგორც ინსტიტუციური, ასევე ადამიანური და მორალური მხარდაჭერა ჰქონდა.

    "ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველთვის ჰქონდა როგორც ინსტიტუციური, ასევე ადამიანური და მორალური მხარდაჭერა.

    "ეს არის რეალობა. როდესაც ნინო გვენეტაძეს ჯანმრთელობა ამის საშუალებას მისცემს და დადგება კამერების წინაშე, იმედი მაქვს, ამას დაადასტურებს. ის დღეს არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადამდგარი ხელმძღვანელი. ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცნობ საქმეში და ვფიქრობ, მიუხედავად ყველაფრისა და პოზიციაზე მოკლევადიანი ყოფნისა, ბევრი რამ შეძლო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

    მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებას ელოდება.

    "ადვილია, ფართო კონსულტაციები აწარმოო, ადვილია, შეხვდე ყველას, ხელი ჩამოართვა და გვითხრა, ეს არის საუკეთესო კანდიდატიო, მაგრამ ასევე ადვილი უნდა იყოს, როდესაც ეს ადამიანი გადადგება, მისი საქმიანობა და შენივე გადაწყვეტილება შეაფასო. პირველ რიგში ამას ველოდები და შემდეგ შეგვიძლია, მომავალზე ვისაუბროთ", - განაცხადა წულუკიანმა.

    პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა წულუკიანის განცხადებას უპასუხა და განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრს "პოლიტიკურ კინკლაობაში" არ აჰყვებიან, რადგან წულუკიანის მიზანია, მიმდინარე პროცესი შეაფერხოს.

    "არ ვაპირებთ, მას ავყვეთ ამ პოლიტიკურ კინკლაობაში და დავკარგოთ ძირითადი ფოკუსი. ჩვენი მიზანი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, დავხარჯოთ დრო და ენერგია ამ ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე საუკეთესო კანდიდატის მოსაძებნად. მინისტრის ეს განცხადებები ვერ აგვაღებინებს ხელს იმ სახელმწიფოებრივ მოქმედებებზე, რომლებიც არის ჩვენი საქმე ამ კონკრეტულ მოცემულობაში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა და ამის მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

    თავად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 6 აგვისტოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად ფართო კონსულტაციები დაიწყო და აკადემიური წრეებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მარგველაშვილთან შეხვედრა უკვე გაიმართა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გია   (10.08.2018)
    ძროხა დედაკაცს,ვინმე ნაცვლიშვილს,ნამდვილად არ უნდა აყვეს წულუკიანი და არც აყვება...


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved