სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    კავკასია შესაძლოა ახალი ტერორისტული ორგანიზაციის სამოქმედო არეალად იქცეს
    თამარ შუკვანი
    07.11.2018

     საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით, ორი ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოსა" და „ალ-ქაიდას" გაერთიანებამ შესაძლოა მსოფლიოს სერიოზული საფრთხე შეუქმნას, მათ შორის ისეთ ძლიერ სახელმწიფოსაც, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.

    „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი არის საკმაოდ ძლიერი და ავტორიტეტული ლიდერი და მისი ხელმძღვანელობით ამ ორი ტერორისტული დაჯგუფების გაერთიანება ხდება. ჯიჰადიზმის გავრცელებას ახალი დინამიკა მიეცემა გლობალურ და რეგიონალურ დონეებზე," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

    ამ ორი დაჯგუფების გაერთიანება ანალოგიური საფრთხის შემცველია რუსეთისთვისაც, რომელიც სწორედ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხზე ალაპარაკდა.

    „რეგიონალური ფილიალების საფუძველზე ქსელურ საორგანიზაციო მოდელზე გადასვლამ „ისლამური სახელმწიფოს" ხელმძღვანელობა შესაძლოა აიძულოს „ალ-ქაიდასთან" გაერთიანება მოახდინოს. „ალ-ქაიდა" ასევე დაინტერესებულია ძალებისა და საშუალებების მიღებაში აქტიური ტერორისტული საქმიანობის განსახორციელებლად," - აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა.

    მისი განცხადებით, ამ ორი დაჯგუფების გაერთიანება საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას.

    „აღნიშნულის შედეგად ეს ორი ტერორისტული ორგანიზაცია უფრო ეფექტურად შეძლებს თავისი რეგიონალური ფილიალებისა და აფილირებული სტრუქტურების მართვასა და კონტროლს," - განაცხადა მან.

    ვახტანგ მაისაიას თქმით, აღნიშნული საფრთხის შესახებ აშშ-სგანაც მივიღეთ გაფრთხილება, - ამ ორი ჯგუფის გაერთიანება საფრთხის შემცველია, როგორც აშშ-სთვისა და რუსეთისთვის, ასევე ევროპის კავშირის ქვეყნებისთვის და კავკასიის რეგიონისთვისაც.

    „ეს სავსებით რეალური საფრთხეა და ამაში ახალი არაფერია. რეალური საფრთხეზე ამერიკის შიდა უსაფრთხოების სამინისტროც საუბრობდა. რუსეთმა იგივე გაიმეორა ახლა. ეს არის რეგიონალური ჯიჰადიზმის საფრთხე, რომელიც შეიძლება ამ პერიოდში იყოს განვითარებული. ამერიკისა და რუსეთის მესაზღვრეებს გააჩნიათ ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია, რომლებიც ამ მიმართულებით საკმაოდ ინტენსიურად მუშაობენ.

    „ამ ახალმა გაერთიანებამ არა მარტო რუსეთს, ამერიკასა და ევროპული კავშირის ქვეყნებსაც შეიძლება ანალოგიური საფრთხე შეუქმნას. მთავარ სამოქმედო სახელმწიფოებად შეიძლება აღვიქვათ კავკასიის რეგიონიც," - დასძინა მან.

    მაისაიას განცხადებით, დღესდღეობით ეს ორი დაჯგუფება ცალცალკე შესუსტებულია და ძალების მობილიზაციის მიზნით, მათი შერწყმით, მივიღებთ ახალი ტიპის გაერთიანებას, რომელიც ამჯერად უფრო ძლიერი სახით მოგვევლინება და მეტი საფრთხის შემცველიც იქნება.

    „თავის დროზე აღნიშნულთან დაკავშირებით მეც ვთქვი; როდესაც სირიაში და ერაყში მათ სერიოზული დარტყმები მიიღეს რუსული და ამერიკის მხრიდან. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ორი ფრთა გაერთიანდეს და ჩვენ მივიღოთ ახალი ტიპის გაერთიანება.

    „ავღანეთში „ალ-ქაიდა" და „დაეში" მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. მათ შორის გაფორმდა დროებითი ზავი. ერთობლივი ღონისძიებაც განახორციელეს და შესაბამისად, მათი გაერთიანება სავსებით შესაძლებელია. ეს ორი დაჯგუფება ერთნაირია და განსხვავება ძალიან მცირეა, - კონცეფტუალური და იდეოლოგიური თვალსაზრისით.

    „ეს ორი დაჯგუფება საკმაოდ გააქტიურდა; მათ გარკვეულწილად შეძლეს ერაყში გარკვეული ტერიტორიების დაბრუნება, სირიაში საკმაოდ წარმატებული ოპერაცია განახორციელეს, ავღანეთსა და პაკისტანში მათი ურთიერთობის იდენტიფიკაცია მოხდა,"- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved