სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    11.01.2019

     „ეს დღეს რომ ხდებოდეს, რა თქმა უნდა, არ დავუჭერდი მხარს. ამ ეტაპზე, იძულებული ვიქნებოდი, მხოლოდ საზოგადოების განწყობით მეხელმძღვანელა, რომელიც დღეისათვის არსებულ მოცემულობას არ ღებულობს. მე პირადად უკამრისობის გრძნობა მაქვს, გარკვეულ ინფორმაციას შესაძლოა არ ვფლობდე, თუმცა მნიშვნელოვანია დინამიკაში წარმოვიდგინოთ, საბოლოოდ რა შედეგი მოყვება," - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია „რეზონანსთან" საუბრისას.

    იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართეობის კანდიდატების საკითხმა „ქართულ ოცნებაში" საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. „ოცნების" დიდი ნაწილი წარდგენილი კანდიდატების წინააღმდეგია და ამა თუ იმ კანდიდატების საქმის საფუძვლიან გადახედვასა და შესწავლას მოითხოვს, თუმცა შესაძლოა საბოლოოდ, ამ კანდიდატთა სიის დამტკიცება მაინც განხორცეილდეს.

    მმართველ გუნდში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ „ფაქტობრივად კონსენუსი არსებობს," რაზეც მსჯელობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.

    „გუნდში ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ. ფაქტობრივად კონსენსუსი არსებობს უმრავლესობის რიგებში იმ საკითხთან მიმართებაში, რომ კანონმდებლობით უნდა იყოს გაწერილი კონკრეტული კრიტერიუმები და შესაბამისი სტანდარტები იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს იუსტიციის საბჭოს მხრიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების წარდგენა პარლამენტში. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ეს შესაძლებელია საგაზაფხულო სესიაზე. სესია კი იწყება თებერვალში," - აღნიშნა კახიანმა.

    რომან კაკულია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საზოგადოება იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატების წინააღმდეგია და პარლამენტარებმა უნდა გაითვალისწინონ, საბოლოოდ რა შედეგი შეიძლება დადგეს.

    „რამდენიმეჯერ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. ცოტა ხანი ყოველდღიურ რეჟიმში პოზიციის გამოხატვისაგან თავს შევიკავებ. თავშეკავების მიზეზი ვთქვი, თავის დროზე;

    „საბოლოო პოზიციას უკვე პროცესის ბოლოს დავაფიქსირებ, როდესაც უკვე კენჭისყრისა და უმრავლესობაში პოზიციის ჩამოყალიბების დრო დადგება. ყველას პოზიციას პატივს ვცემ, მაგრამ მე ჩემი პოზიციაც მაქვს," - დასძინა კაკულიამ.

    იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათკაციან კანდიდატთა სიას პარლამენტმა შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი საუბრობს.

    „ვფიქრობ, რომ წარმოდგენილ მოსამართლეთა სიას პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს. ეს არის ჩემი განცდა. მე ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ უმრავლესობა არის წინააღმდეგი ამ სიის მხარდაჭერის, როგორც კონკრეტული გვარების, ისე იმის გამოც, რა ფორმით მოხდა სიის შემოთავაზება პარლამენტისთვის, წინასაახალწლოდ, განუხილველად, შესაბამისი დისკუსიების და მსჯელობის გარეშე და გამოიწვია კიდეც საზოგადოების გულისწყრომა.

    „არ მგონია, რომ ჩვენ ამ სიას უნდა მივუბრუნდეთ. არ მგონია, რომ საერთოდ უნდა ვიმსჯელოთ კონკრეტულ გვარებზე, ვიდრე პარლამენტი არ მიიღებს შესაბამის კანონს, ვიდრე არ გაწერს ყველაფერს, რაც გასაწერია კანონმდებლობაში," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ პარლამენტმა წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების საკითხი საფუძვლიანად შეისწავლოს და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნას მიღებული.

    „პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნისთვის იქნება საუკეთესო. ამიტომაც, მოსამართლეებთან დაკავშირებით დაანონსებულია ძირფესვიანად შესწავლა. შეირჩევა კრიტერიუმები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევა კრიტერიუმების მიხედვით განხორციელდება.

    „ამ კანდიდატებზე საუბარი არ არის. ეს არის შესწავლის პროცესში. ჯერ უნდა დადგინდეს კრიტერიუმები. პარლამენტი მზად არის იმსჯელოს და ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე მივიდეს. შერჩეული იქნება ისეთი კანდიდატები, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება," - განუცხადა „რეზონანსს" შოთა ხაბარელმა.

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილება საგაზაფხულო სესიაზე იქნება მიღებული. მისი თქმით, „ამბოხებული" პარლამენტარები რას იტყვიან, ნაკლები მნიშვნელობისაა.

    „სწორი პროცესი წარიმართება პარლამენტში, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ხოლო ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია," - განუცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved