სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    12.01.2019

     დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობაში და დაანონსებული შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში - ამბოხებული დეპუტატების ბედი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გადაწყდება.

    სწორედ მმართველი პარტიის სხდომაზე გაირკვევა, დარჩებიან თუ გაირიცხებიან გუნდიდან ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ე.წ. ახლებთან დაპირისპირებული სხვა დეპუტატები. სავარაუდოდ, გუნდში სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, რადგანაც ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს ზოგმა დეპუტატმა ღიად უწოდა "ამბოხებულები".

    ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ ეკა ბესელიას კაბინეტი შეუცვალეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობას რიგითი დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში განაგრძობს.

    მიუხედავად ამისა, ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები, რომლებიც მოსამართლეთა 10-კაციანი სიას აპროტესტებენ, გეგმებს არ ცვლიან. მათი თქმით, სასამართლო სისტემის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლებენ. არც იმას გამორიცხავენ, რომ მათი თანამოაზრეების გუნდი კიდევ უფრო გაიზარდოს. ამის პარალელურად კი სულ უფო აქტიური ხდება იმაზე საუბარი, რომ შესაძლაო უმრავლესობა დაიშალოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა დღის წესრიგში დადგეს.

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ადასტურებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე სწორედ პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირება განიხილება. მისი თქმით, გუნდში ჯერ კიდევ არსებობს პოზიციების დაახლოების რესურსი. რაც შეეხება მოსამართლეთა სიას, ცქიტიშვილის ინფორმაციით, ათკაციანი სია შესაძლოა არ დაკორექტირდეს.

    მისი განცხადებით, თუ სია არ შეიცვლება, ამ საკითხზე ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, გუნდის დანარჩენი წევრებისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

    „ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები, რაში გამოიხატება ამბოხება? ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ?" - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" დეპუტატმა თანაგუნდელებს.

    მიუხედავად გუნდში არსებული მწვავე დაპირისპირებისა, გედევან ფოფხაძე უმრავლესობიდან გარიცხვას არ ელოდება. მისი თქმით, ეს საკითხი აქტუალური არ არის.

    „გარიცხვა იქნება თუ არა, საერთოდ მგონია, რომ აქტუალური არ არის. თუ ვიღაც მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიიდან განსხვავებული აზრის გამო ხალხი უნდა გაირიცხოს, მით უმეტეს სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიიდან, იმას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიის შიგნით დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

    „ქართული ოცნების" ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე კი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ გამორიცხავს. ამბობს, რომ როდესაც ხელისუფლებას საზოგადოების არ ესმის, მას სხვა მთავრობა ანაცვლებს.

    „ვინც ხალხისას ვერ გებულობს, ის მიდის ხელისუფლებისგან და მერე მოდის სხვა, ვისაც საზოგადოების უფრო კარგად ესმის. ეს იმდენად მძაფრი საკითხია, რომ ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ალბათ, შესაბამისად, ვნახეთ, უსამართლობაზე როგორ რეაგირებს ჩვენი საზოგადოება. თუ უსამართლოდ მოექცევიან საზოგადოებას, რა თქმა უნდა, პროტესტის ყველა ფორმას მიიღებენ,"- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

    „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ უმრავლესობაში სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ჩანდა. მისი აზრით, ფაქტობრივად „ოცნების" დაშლის მეორე ეტაპი დაიწყო. ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მეამბოხეებად მოხსენიება მათი დამნაშავეებად გამოცხადებას ნიშნავს. გოცირიძე ამბობს, რომ ამ დეპუტატების წინააღმდეგ დევნაა დაწყებული.

    ოპოზიციის წარმომადგენლის შეფასებით, პარლამენტი იმ სიას დაამტკიცებს, რაც „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სურს, ხოლო ურჩ დეპუტატებს სავარაუდოდ უმრავლესობიდან გარიცხავენ.

    „გუშინდლამდე ეს ადამიანები თუ იყვნენ დისციპლინის დამრღვევები, დღეს მათ უკვე უწოდეს მეამბოხეები ამ დახურულ შეკრებაზე, კაჭრეთში. მეამბოხე ნიშნავს დამნაშავეს. ფაქტია, რომ დღეს ჩვენ უკვე საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან. იქნება ის სია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაადგენს. დიდი ალბათობით, მათი მიზანი ამ სიის მთავარი ფიგურანტების გაყვანაა,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

    ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" დღეები დათვლილია და ის ხელისუფლებიდან მალე წავა, თუმცა ვადამდელ არჩევნებს არ პროგნოზირებს. მისი აზრით, კობახიძის პარლამენტში შემთხვევით მოხვედრილი ჯგუფი წამებით და წუთებით ტკბება, ამიტომაც ისინი თვითლიკვიდაციას არ დაიწყებენ და ცოცხალი თავით, რაც არ უნდა მოხდეს, საპარლამენო არჩევნებს არ დანიშნავენ.

    „ეს ხალხი პარლამენტში შემთხვევითაა მოსული. თავში ისეთი რამ დაეცათ, მთელი ცხოვრება რომ ვერ იოცნებებდნენ. თავისი „მნიშვნელობით" ყოველი წუთით ტკბებიან და ვადამდელი არჩევნების დამნიშვნელი ესენი არ არიან. თვითლიკვიდაციას ვერ გამოაცხადებენ. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა სასარგებლოდ არც მიმაჩნია. „ოცნება" მიდის ხელისუფლებიდან, წამსვლელია და არ არის სასურველი, რომ ვაკუუმი შეიქმნას. „ოცნების" ჩამნაცვლებელი ელექტორატი ჯერ არ ჩანს, ამიტომ ისევ ორპოლუსიან პოლიტიკურ სისტემაში ცხოვრება მოგვიწევს. ეს კი ქვეყანას საბოლოოდ დაღუპავს.

    რაც შეეხება ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, მგონია, რომ საერთოდ მისი არ იყო. ეს იყო კობახიძის გამონათქვამების კომბინაცია. ახალი ვერაფერი დავინახე, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობდა, ის ეწერა ამ განცხადებაშიც. ამის შემდეგ ივანიშვილს ხელის მოწერა შესთავაზეს და იმანაც მოაწერა. მეტი არაფერი მომხდარა. ივანიშვილის პროგნოზირება უკვე მიჭირს, მის ქცევებში ლოგიკას ვეღარ ვხედავ. „ოცნების" პერსპეტქივა ძალიან ბუდოვანია. ვინ ვის გადაუხერხავს სკამს და კაბინეტს აუჭედავს, უკვე საინტერესო აღარაა. მთავარია, რომ ქვეყანა ზიანდება და ამ ყველაფერს რაღაც უნდა ეშველოს", - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved