სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    14.03.2019

     „ჯერ ექსპერტიზას დაველოდოთ, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი წამებით იქნება მოკლული," - აცხადებს აფზახეთის უშიშროების ყოფილი უფროსი ლევან კიკნაძე „რეზონანსთან" საუბრისას გალში ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

    „ასეთი ვითარება და ჩვენს მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა არასდროს. ამდენს ჩვენ ვერ გვიბედავდნენ. არ ვამბობ იმას, რომ იმ დროს ყველაფერი დაწყობილი იყო, მაგრამ, როდესაც ისინი ასე გვექცეოდნენ, პასუხსაც ადეკვატურს იღებდნენ.

    „ახლა ყველაფერს ბედავენ. გადაბრალება იმაზე, რომ ამას რუსი აკეთებს, რუსი, რომ აკეთებს, ეს ვინ მიუშვა იქამდე? აფხაზმა და იმავე სეპარატისტებმა, რომელთაც არაფერი საერთო ჩვენთან არ უნდათ.

    „ეს თემა იმდენადაა დახურული, რომ, ვისაც დავუკავშირდი, არავინ არაფერი არ იცის თუ რა მოხდა. შემთხვევა რუსეთის ბაზაზე რომ მოხდა, ეს უკვე ვიცით. რადგან იქ მოხდა, თვითონ აფხაზებსაც არ უნდათ სიმართლე თქვან, გასაგები მიზეზის გამო.

    „იმ ფაქტს, რომ მან თავი მოიკლა, გამოვრიცხავ. ვინ გეტყვის სიმართლე, რა მოხდა და როგორ. თვითონ ეს ფაქტი იმდენად შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლების თუ სხვების მხრიდან, დიდი რეზონანსი უნდა მოჰყვეს. როგორ შეიძლება ადამიანი გაიტაცო და წამებაში მოკლა?

    „ერთადერთი, რაც ახლა გვაქვს, ოთოზორიას სიას უნდა მივუმატოთ, მაგრამ იმ სიას, რომ მივუმატებთ, გვეცოდინება კონკრეტულად ვინ აწამა, ვინ გაიტაცა და ა.შ. ამ სიის რომ მათ არ ეშინიათ, ესეც ვიცით. უფრო მეტად აგრესიულები ხდებიან. არავითარ დათმობაზე არ მოდიან, რომ იმედი გვქონდეს შემდგომი მოლაპარაკებების. ახლა იმის ძახილი, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, მეტი რა უნდა გააქტიურდეს?" - განაცხადა ლევან კიკნაძემ.

    ცნობისათვის, ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გადმოასვენეს. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, ამოქმედებული იქნება ყველა საერთაშორისო ბერკეტი.

    „ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიღებისთანავე, მაქსიმალურად ავამოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს.

    „ექსპერტიზის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნება ეს დასკვნა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, მყისიერად გვქონდა კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო აქტორთან, მათ შორის ევროკავშირისა და გაეროს სპეციალურ წარმომადგენლებთან, ჟენევის ყველა თანათავმჯდომარესთან.

    „ყველა ჩვენს საელჩოს მიეცა ინსტრუქცია, რომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ხვალ ჩანიშნული მაქვს შეხვედრა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, რომელიც სოხუმიდან დაბრუნდება და მისგან მოვისმენ, რა ინფორმაცია გააჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აღმაშფოთებელი შემთხვევაა. აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა,"- განუცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved