სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    10.06.2019

     „ოცნებაში“ ყოველთვის ბიძინას იმედზე იყვნენ. ბიძინა ჰგონიათ ფოკუსნიკი. ჩვენ კი არავინ არ ვართ, მაგრამ ბიძინა ფოკუსებს ჩაატარებს და მოვიგებთო - ამის იმედად არიან და იქნებიან  2020 წლისთვისაც,“ - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. 

    „რეზონანსი“: „ქართული ოცნება“ უკვე მერამდენედ აცხადებს, რომ განახლებული პროგრამით და განახლებული გუნდით წარსდგებიან 2020 წლის არჩევნებზე და სიახლეები დაიწყება შემოდგომიდან. თქვენი აზრით, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? 

    გია ხუხაშვილი: ეს ყველაფერი, მემგონი, ილუზიაა. თინეიჯერისთვის დამახასიათებელი კეთილი სურვილებია, როცა ყოველდღე აცხადებს, რომ ხვალიდან მეცადინეობას იწყებს, საბოლოო ჯამში კი მაინც უსწავლელი გამოდის სკოლიდან. დაახლოებით ამ სიტუაციაშია „ქართული ოცნება“.

    რა ახალ სახეებზე საუბრობენ? ერთხელ გამოაცხადეს „ახალი სახეები“ და ღარიბაშვილი დააბრუნეს, მეორედ გამოაცხადეს ახლა და მთლად ლადო კახაძე მოიყვანეს და ეს არის მათი „ახალი სახეების“ პოტენციალი თავიდან ბოლომდე. 

    ასე რომ, ახალი სახეები ასე არ მოიპოვება. ახალი სახეები თვითონ, საკუთარი სურვილით მიდიან პარტიაში რაღაც ფასეულობათა სისტემის გამო, იდეოლოგიის გამო და „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არანაირი იდეოლოგია. მისი ერთადერთი იდეოლოგიაა ძალაუფლებაში რაც შეიძლება დიდხანს ყოფნა. არც პროდასავლელები არიან, არც პრორუსები, არც საგარეო ვექტორი არ აქვთ შიგნით გატარებული, თორემ რიტორიკაში, კი, ბატონო, ბევრ რამეს იძახიან. არც საშინაო პოლიტიკა არ აქვთ, არც ეკონომიკაში და არც სხვა საკითხებში. უბრალოდ ხელისუფლებაში უნდათ ყოფნა. აი, ეს არის. 

    ასე რომ, იმის ილუზია, რომ სერიოზული განახლება მოხდება, ნამდვილად არ მაქვს. სულ გენიოსებიც რომ მოიყვანონ, მაინც არაფერი ეშველება ამას, თუ სისტემური რეფორმირება არ დაიწყება. პირველ რიგში ინსტიტუციური წესრიგი უნდა აღდგეს, რაც ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებას.

    „რ“: ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილის ხალხისადმი დაპირებაა კიდევ უფრო ინტერაქტიული გახდეს ხალხთან და შემოდგომაზე იქნება მიღებული ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება...

    გ.ხ.: 7 წელი რას ველოდებოდითო?! ე.წ. რაზგონს იღებდნენ თუ რა აკეთებდნენ ეს 7 წელი? 7 წლის თავზე მიხვდნენ, რომ პარტიის ხალხთან კომუნიკაციაა საჭირო? ეს წიგნებში წერია, ამას პარტიაში ყოფნაც არ სჭირდება.

    წიგნებში წერია, რომ პოლიტიკური პარტია უნდა იყოს ხალხთან ახლოს და 7 წლის თავზე მოუვიდათ ასეთი „გენიალური“ აზრი. მთელი ამ 7 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ერთადერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ერთადერთი მიღწევა, რაც შემიძლია ვთქვა, ისიც ტაქტიკური მიღწევა, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა, რამაც მართლაც ბევრი ადამიანი გადაარჩინა და მადლობას ვეტყვი. ამის გარდა, არც ერთი ბწკარი არ ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში ამ 7-წლიანი მმართველობის. არაფერი გაუკეთებიათ სისტემური, თორემ სულ რაღაცას კი ფაფხურობენ. მე მგონი, ვერც თქვენ მოძებნით ვერაფერს.     

    „რ“: ამბობთ, რომ ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგი უნდა აღდგეს და ეს ნიშნავს ივანიშვილის ისევ გაპრემიერებას. როცა ივანიშვილის გვერდით იდექით, გქონდათ ეს შენიშვნა, რომ ქვეყანა კონსტიტუციის მიღმა იყო მის მიერ ჩრდილოვანი მართვის გამო?

    გ.ხ.: მე ამაზე ვერ ვისაუბრებდი, იმიტომ, რომ, როცა წამოვედი, ივანიშვილი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო. რა თქმა უნდა, ვინც მეტ-ნაკლებად აზროვნებდა, ყველა წინააღმდეგი იყო, რომ მას თანამდებობა დაეტოვებინა.

    „რ“: თუმცა, მერეც აგრძელებდით მასთან კომუნიკაციას...

    გ.ხ.:ჰო, მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი ხომ არ იყო, ეს მისი გადასაწყვეტი იყო. ყველა ფორმით, ყოველთვის ვცდილობდი და ახლაც ძალიან ხშირად ვსაუბრობ, რომ პრემიერ-მინისტრად დაბრუნება არის მისი შანსი. თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ ძალიან სერიოზული კრიზისი გვაქვს წინ. დაახლოებით მოლდოვას მსგავსი სიტუაციაა, სადაც ძალიან დიდი კრიზისი ვითარდება. 

    „რ“: შუალედურ არჩევნებზე „ოცნებამ“ ყველგან გაიმარჯვა. ამით „ოცნებას“ გაუმტკიცდა რწმენა, რომ მათი დამარცხება შეუძლებელია? 

    გ.ხ.: ფაქტია, რომ „ოცნებას“ ახალი არაფერი მოუგონია, ყველა მეთოდით ცდილობდნენ ძალაუფლების შენარჩუნებას. ჩვენ კომფორმიზმის ფაზაში ვართ, როდესაც ამომრჩეველი ჩამოშორებულია პოლიტიკურ ელიტას, თვლის რომ არჩევანი არ აქვს და ამიტომ, თუ არჩევნებზე მიდის, უფრო ძალის მხარეს იხრება და ძალას აძლევს ხმას. ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი. 

    „ოცნებაში“ ყოველთვის ბიძინას იმედზე იყვნენ. ბიძინა ჰგონიათ ფოკუსნიკი. ჩვენ კი არავინ არ ვართ, მაგრამ ბიძინა ფოკუსებს ჩაატარებს და მოვიგებთო - ამის იმედად არიან და იქნებიან 2020 წლისთვისაც.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    *****   (12.06.2019)
    ბატონო გია, რაც გინდა ის ბრძანეთ, მაგრამ ფაქტი ერთია, ხომ იმარჯვებენ?, 2020 -შიც გაიმარჯვებენ


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved