სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    09.09.2019

     უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როდის დააფუძნებს "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობასა და პოლიტიკურ პარტიას.

    არსებობს მოლოდინი, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ერთ-ერთი, ვინც „ოცნებას" სერიოზულ კონკრენციას გაუწევს, მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებული პოლიტიკური მოძრაობა იქნება. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ რიგში, საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდება, ამის შემდეგ მალევე კი - პარტია. თიბისი ბანკის დამფუძნებლების თქმით, ეს პროცესი ხალხის მხარდაჭერამ დააჩქარა. უახლოეს მომავალში კი ის საზოგადოებას გუნდის წევრებსაც წარუდგენს.

    სწორედ ამიტომ, მედიაში უკვე გაჩნდა საუბარი იმაზე, ვინ იქნებიან ხაზარაძის გუნდის წევრები. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა ხაზარაძის გუნდში ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ვიხილოთ.

    უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხაზარაძის გუნდში ანა ნაცვლიშვილი და ლევან ალაფიშვილი იქნებიან. მედიაში ასევე გაჩნდა ვარაუდი, რომ ხაზარაძის გვერდით ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილიც იქნება, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებას 2020 წლის 20 თებერვალს დატოვებს. მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა უკვე დაადასტურა, რომ მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებს, თუმცა, რომელ პარტიაში და ვისთან, მისთვის ჯერჯერობით უცნობია.

    მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მას ყოფილ პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან და ყოფილ შს მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან არ ჰქონია.

    „ორ დღეში გამოვაცხადებ დაფუძნების თარიღს, საათს და ადგილს. უპირველეს ყოვლისა დავაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დავაანონსეთ. ასევე, შეგატყობინებთ, როდის დაფუძნდება პოლიტიკური პარტია. ეს ალბათ უახლოეს ხანში მოხდება. ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილთან კომუნიკაცია არ გვქონია. ის პოლიტიკიდან წავიდა და საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს", - განაცხადა ხაზარაძემ.

    ანა ნაცვლიშვილის შესახებ კი მამუკა ხაზარაძემ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

    „ეს იქნება ახალი თანამედროვე პლატფორმა, მიზნებზე და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული ძლიერი გუნდით, რომელიც მაღალი კლასის პროფესიონალებს გააერთიანებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ახალ გუნდს შემოუერთდა ანა ნაცვლიშვილი, რომელიც მოძრაობის სპიკერი იქნება. ანა მთელი მისი დიდი პროფესიული გამოცდილებით, მტკიცე ხასიათით, ობიექტურობისა და თავისუფლების მაღალი ხარისხით გუნდის ნამდვილი მონაპოვარია.

    "ის ყოველთვის მზად იქნება გაახმოვანოს მოძრაობის სიახლეები, ინიციატივები, გეგმები, შედეგები. ანა უწყვეტ კომუნიკაციაში იქნება მედიასა და საზოგადოებასთან. ჩვენთვის ამ კლასის საზოგადოებრივად აქტიური ადამიანის მოსვლა გუნდში დიდი პატივია - წარმატებები ანა ნაცვლიშვილს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ანა ნაცვლიშვილიც გამოეხმაურა, რომლის განმარტებითაც, ის მამუკა ხაზარაძის მოძრაობაში რეალურ ძალას ხედავს.

    რაც შეეხება იურისტ და კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილს, „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პოლიტკაში მოღვაწეობას არ აპირებს. თუმცა არსებობს სხვა სფერო და საქმიანობა, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა შეიცვალოს.

    „საკუთარ საქმიანობას არ ვუკავშირებ პოლიტიკურ საქმიანობას, აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ არის სხვა საშუალებები და მე არ გამოვიყენებ ამ საშუალებებს იმისთვის, რომ შეიცვალოს პოლიტიკა, შეიცვალოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ჩვენი დემოკრატია უფრო განვითარდეს.

    ჯერჯერობით რაც მოვისმინეთ, ის არის, რომ ის საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი და წინაპირობაა იმისთვის, რომ შემდეგ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს. ალბათ, ყველაფერს მომავალი და სიტუაცია აჩვენებს. რაც შეეხება მის გვერდით კვირიკაშვილის, ქუმსიშვილის და მითუმეტეს მერაბიშვილს ვერ მოვიაზრებ და არ მგონია ეს რეალურ ინფორმაცია იყოს. თავად ხაზარაძემ თქვა უკვე, რომ ის აპირებს ახალი სახეების შემოყვანას და ძირითად აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს"- აცხადებს ალაფიშვილი „რეზონანსთან".

    ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ხაზარაძის გუნდში მერაბიშვილი, კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი ტროლების მოგონილი ამბავია. მისი აზრით, ეს არის სპეცსამსახურების მიერ შემოგდებული ინფორმაცია, რათა ხაზარაძის ჯერ ჩამოუყალიბებელე მოძრაობას ჩრდილი მიადგეს. მისი აზრით, ხაზარაძეს პოლიტიკური მომავალი ან ექნება და შეძლებს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზული გარდატეხა მოახდინოს, ან კიდევ საერთოდ გაქრება.

    მისი აზრით, ხაზარაძის პოლიტიკური მომავალი იმაზე იქნება დამოკიდებული თავად მას რამდენად გააზრებული აქვს ის რისკები და წინაღობები, რომელიც მას ხელისუფლებისგან შეხვდება.

    „ძალიან რთულია წინასწარ იმაზე საუბარი, რა როლი შეიძლება მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოძრაობამ თუ პარტიამ 2020 წლის არჩევნებისთვის ითამაშოს. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით კონკრეტულად რას აპირებს. თუ ის პოლიტიკაში აქტიურად შემოვა მას ორი ვარაინტი აქვს, ან მოახდენს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რადიკალურ გარდაქმნას, ან კიდევ საერთოდ გაქრება. მასზე სერიოზული თავდასხმა დაიწყება. ეს უკვე დაწყებულია, მაგრამ უფრო გაძლიერდება. ხაზარაძეზეა ახლა დამოკიდებული ის რამდენად არის ამისთვის მზად. როგორ გაუძლებს, ვნახოთ, ყველაფერს დრო აჩვენებს.

    რაც შეეხება მისი გუნდის წევრებს ვინ იქნებიან, ალბათ მალე გავიგებთ. წინასწარ ამაზე საუბარი რთულია. მითუმეტეს, თითქოს კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი და ახლა მერაბიშვილზეა საუბარი. ეს თემა ტროლების შემოგდებული მგონია. ეს არის სპეცსამსახურების მიერ ხელოვნურად შემოტანილი.

    როგორც ხაზარაძე ამბობს, ის პოლიტიკაში ახალ სახეებს შემოიყვანს. რა თქმა უნდა, რთულია ახალი სახეებით პოლიტიკის კეთება, მაგრამ სუფთა წარსული მხოლოდ ახალ სახეებს აქვს. ამის მოთხოვნა კი საზოგადოებაში ნამდვილად არის. ამ კუთხით ხაზარაძის გათვლა სწორია",-აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან".

    მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს განაცხადა.

    26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც ცნობილია პროკურატურა მილიონიან გირაოს მოითხოვდა. საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე" გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონამდე დოლარის ტრანზაქციაზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

    მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით)".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    Giorgi   (10.09.2019)
    MoGityan bozuri gundi. Da bozuri ojaxi !

    ქეთევანი   (10.09.2019)
    მის პარტიაში იქნებიან მკვლელები,ყაჩაღები,მწამებლები ,ეს იქნება ნაცბანდა და ევროპული ხროვის დუბლიკატი,გზა ჯოჯოხეთისკენ ქართველი ხალხის მტრებს

    111   (10.09.2019)
    Ra meikalit tavi am xazarezit


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×