სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    02.10.2019

     ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი წურწუმიამ პირველ სექტემბერს ქუთაისის იზოლატორში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელსაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრით თავი ჩამოიკიდა.

    მათივე ინფორმაციით, დაწესებულების თანამშრომლებმა გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა, მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული გარდაიცვალა.

    „2019 წლის 28 სექტემბერს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა ბრალდებული გ.წ. (დაბადებული 1983 წ., წარსულში ნასამართლევი), რომელსაც 30 სექტემბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გ.წ.-ს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლის მეორე ნაწილის „ვ" პუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, 2019 წლის 27 სექტემბერს ზუგდიდში მდებარე სასაფლაოზე საკუთარი ძმის მკვლელობა.

    „2019 წლის 30 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ბრალდებული N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს საკანში, სადაც იგი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

    „2019 წლის 1 ოქტომბერს, 16:28 სთ-ზე ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა.

    „დაწესებულების თანამშრომლების მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პარალელურად პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მიერ დაიწყო სარეანიმაციო ღონისძიებები. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაწესებულებაში 17:30 სთ-ზე მივიდა, მაგრამ მიუხედავად მედპერსონალის მცდელობისა, 17:53 სთ-ზე დაფიქსირდა ბრალდებულის გარდაცვალება.

    „მომხდარის შესახებ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). ამჟამად საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება," - აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

    28 სექტემბერს, ბრალდებულმა ძმას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გულმკერდის არეში და დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

    ზუგდიდის სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 30 სექტემბერს შეუფარდა. მან დანაშაული აღიარა და თქვა, რომ თავის მართლებას არ აპირებდა.

    „არ მსურს ადვოკატი. არაფრის თქმას არ ვაპირებ, ისეთ რამეს შეეხო ჩემი ძმა. მე ის მიყვარს და მეყვარება," - განაცხადა მან.

    მკვლელობის მოტივად ძმებს შორის შელაპარაკება სახელდება. სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის დროს ორივე ძმა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოკლული გერმანიიდან იყო ახალი ჩამოსული. ძმები ახლობლის სასაფლაოზე ავიდნენ და იქ მოხდა დანაშაული, თუმცა რაზე იჩხუბეს, უცნობია.

    „სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

    „განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×