სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    08.11.2019

     ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის რადიკალური ჯუფების მხრიდან დაანონსებული ჩაშლის მიუხედავად, საზოგადოების ინტერესი მაღალია, რადგან კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ფილმის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

    „შვედურ-ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია „და ჩვენ ვიცეკვეთ" 8 ნოემბერს უნდა გამოვიდეს თბილისის ეკრანებზე. მაყურებლის ინტერესი ფილმისადმი ძალიან დიდია და, შესაბამისად, ყველა ბილეთი გაყიდულია. ეროვნული კინოცენტრი, ისევე როგორც ბევრი მაყურებელი მთელს მსოფლიოში, გულშემატკივრობს ამ ფილმს, რომელიც შვედეთმა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინა. ფილმმა უკვე მოიპოვა არაერთი საერთაშორისო აღიარება. მას კომერციული წარმატებაც აქვს.

    ეს ფილმი სწორედ ადამიანთა თანასწორობას და საკუთარი იდენტობის ხმამაღლა გაცხადებას ეხება,ეროვნული კინოცენტრი მიესალმება ფილმის ირგვლივ მსჯელობას, კრიტიკულ განხილვას, დისკუსიას საზოგადოების ყველა ფენაში, თუ ასეთი დისკუსიები ერთმანეთის მიმართ პატივისცემისა და საპირისპირო აზრის შეწყნარების ატმოსფეროში გაიმართება", - ნათქვამია კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში

    ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ფილმის მიმართ გარკვეული ჯგუფების მხრიდან შექმნილი პროტესტი ხელოვნურია.

    „კურიოზული და დრამატულია, რომ დღეს ჩვენ ადამიანთა ჯგუფის მხრიდან ფილმის ჩვენების ჩაშლის მცდელობაზე ვსაუბრობთ. არსებობს კანონი და უფლება, საერთოდ არავინ კრძალავს იმას, რომ ვინმემ რამე გააპროტესტოს, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი ჩარჩოები აქვს. დღეს შეურაცხმყოფელია იმისი მტკიცება, რომ ორჯერ ორი ოთხია, დაახლოებით ამ რეჟიმში ვართ, როდესაც ელემენტარული უფლებების თემაზე ვსაუბრობთ.

    „ფილმის ჩაშლა, თავისთავად მშვიდობიანი აქცია ვერ იქნება, არავინ საუბრობს იმაზე, რომ არ შეუძლიათ, რომ გამოვიდნენ, განცხადებები გააკეთონ, გააკრიტიკონ, პერფორმანსი მოაწყონ ან ა.შ., მაგრამ ეს არის კანონის ფარგლებში დაშვებული ღონისძიება და დაუშვებელია, რომ ადამიანს რაღაცა უფლების გახორციელბა უკანონო გზებით შეუშალონ.

    „ეს ყურადღების გადატანაა მეორეხარისხოვან პრობლემებზე, მათი ენერგია რეალურად რომ იყოს მიმართული ყოფით პრობლემებზე, ბევრად დიდი სარგებელი იქნებოდა სახელმწიფოსთვისაც და ხალხისთვისაც.

    „ეს გარკვეულწილად ხელოვნური აჟიოტაჟიცაა და სახელისუფლებო ინტერესებშიც ჯდება იმიტომ, რომ ბოლო პერიოდის პრობლემებიდან (ეკლესიაში ხელისუფლების ჩარევა, ივანიშვილის პირადი ფაქტორები, და ა.შ) უცბად საზოგადოების ყურადღების გადატანა ასეთ თემებზე ხდება, ფაქტია, რომ დღეს ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ და წინა თემები უკვე მოძველდა, რაც ბუნებრივია სახელისუფლებო პროპაგანდის ინტერესში ჯდება."-აცხადებს გამზარდია.

    "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ფილმტან დაკავშირებით ორგანიზაცია ფილარმონიასთან მშვიდობიან პროტესტს აპირებს, რასაც მისივე თქმით, სხვა ორგანიზაციებიც შეუერთდებიან.

    „4 საათზე ფილარმონისთან „ქართული მარში" აბსოლუტურად მშვიდობიანად შევიკრიბებით, ამ გეი ფილმის ჩვენებას გავაპროტესტებთ და ჩავშლით, რადგანაც ჩვენი ღრმა რწმენით ეს მამათმავლობის და გარყვნილების პროპაგანდაა, ადამიანებს, რომლებსაც ჩვენდა სამწუხაროდ თავისი სექსუალური ორიენტაცია აქვთ, არაფერს არ ვერჩით, მაგრამ გარყვნილების პროპაგანდას ჩვენ ჩვენს ქვეყანაში არ დავუშვებთ, რომელსაც საუკუნოვანი მართლმადიდებლური ტრადიციები აქვს.

    „მე ერთ-ერთ უცხოურ საიტზე ფილმის ფრაგმენტები ვნახე, და თუ თქვენ ნახავთ ამ ფრაგმენტებს დარწმუნდებით, რომ ეს ჩვეულებრივი გეი პორნოგრაფიაა, რომელიც პროპაგანდისკენაა მიმართული.

    „ხალხს და მაყურებელს არაფერს არ ვერჩით, რომლებმაც ბილეთი იყიდეს და რომლებიც შეცდომაში შეყვანილი არიან,ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ ამ ფილმის მესვეურების, დამფინანსებლების, პირველ რიგში პროდიუსერების და შემოქმედებითი ჯგუფისა და კინოთეატრის ხელმძღვანელობის მიმართ,პროტესტი გვაქვს ასევე ხელისუფლების მიმართაც,რომ მათ დაუშვეს ეს ფილმი და ამით პირველ რიგში ქართველ ერს მიაყენეს შეურაცხყოფა."-აცხადებს იგი.

    მისივე თქმით, პროტესტს, გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ვასაძე და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

    „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გაპროტესტებას დაახლოებით 10-15 ორგანიზაცია აპირებს. ეს ძალიან კარგია, რაც უფრო ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია გააპროტესტებს, მისასალმებელია, ამას აპროტესტებს გურამ ფალავანდიშვილისა, ლევან ჩაჩუას ორგანიზაცია, რამდენადაც ვიცი ამას ბიზნესმენი ლევან ვასაძეც აპროტსტებს.

    „ჩემი ღრმა რწმენით და მოლოდინით არცერთი ჩვენება არ შედგება, მაგრამ თუ შედგა ეს იქნება ქართველი ერის შეურაცხყოფა და გაუგონარი სირცხვილი, მე პირადად კინოთეატრში შესვლას არ ვაპირებ, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი არიან ადამიანები, რომლებსაც დარბაზშიც ექნებათ სერიოზული პროტესტი."- განაცხადა ბრეგაძემ.

    ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში, თბილისსა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს შედგება,ჩვენება თბილისში კნოთეატრ ამირანში 19:30 წუთზე დაიწყება.

    „კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. ცხადია, მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე, სწორედ ამიტომ ვთხოვთ მათ, ვინც შეიძინა „და ჩვენ ვიცეკვეთ" ბილეთები, ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე ადრე, რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად", - აღნიშნულია კინოთეატრ „ამირანის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ფილმის ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×