სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    02.12.2019

     „გვარამია ცდილობ აჩვენოს ის ხერხები, რომლითაც ზოგადად ხელისუფლება ურთიერთობს. ერთი არის სამართალწარმოება კონკრეტულ პირზე და მეორე, ოჯახზე თვალთვალი - ეს ორი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის განცხადების შესახებ საუბრისას, რომ ის საქართველოს დატოვებას აღარ აპირებს და ოჯახთან ერთად ქვეყანაში რჩება.

    ნიკა გვარამიამ „ფეისბუქზე" დაწერა, რომ პირველ დეკემბერს გადაცემა „მთავარ აქცენტებში" განცხადებას გააკეთებდა ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვების შესახებ. 26 ნოემბერს გვარამიამ თქვა, რომ მის ოჯახს პროკურატურა უთვალთვალებდა და ამის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ გადმოდიან მწვანე ფერის „პორშედან" მისი მეუღლე და ქალიშვილი, ძაღლთან ერთად. თუმცა, გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გენერალური პროკურატურის ნებართვის გარეშე მას ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს.

    არჩილ გამზარდია: გვარამია ამ შემთხვევაში ასე ღიად საუბრობს იმისათვის, რომ აჩვენოს რა დონეზე მუშაობს დღეს საქართველოს ხელისუფლება. თვალთვალი ტოტალურია, მათ შორის სასულიერო სივრცეში. თუ გვარამია არის დამნაშავე, მისი ოჯახის უსაფრთხოება და თავისუფალი ცხოვრება რა კავშირშია ამასთან?

    ვნახეთ, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლება მისი ოჯახის წინააღმდეგადაც იყენებს. ეს თვალთვალი შემდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული ამა თუ იმ სუბიექტის დასაშანტაჟებლად, ამ შემთხვევაში გვარამიას დასაშანტაჟებლად. ამიტომ, საკმაოდ მავნე მეთოდებია. ერთია, უშუალოდ რა პროცესები მიდის გვარამიასთან მიმართებაში, მაგრამ მეორეა - რა პროცესებია პოლიტიკური კონტექსტში.

    „რეზონანსი": „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას 25 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. იყო თუ არა მოსალოდნელი ეს შედეგი?

    ა.გ.: ნიკა მელიას ჰყავს თავისი მხარდამჭერები. საინტერესო სახეა და ძალიან არაადეკვატურ პასუხს ხელისუფლება არ გასცემდა. სასამართლოს განვიხილავ მმართველი პარტიის ქვეუწყებად. ამ შემთხვევაში, შუალედური, შედარებით რბილი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, ეს მისთვის (მელიასთვის) „მესიჯი" უნდა იყოს. მიჭირს ლოგიკა ავაგო ხელისუფლების ქცევებზე, მიმდინარე პროცესებსა და გადაწყეტილებებზე.

    „რ": ოპოზიცია და მმართველი გუნდი „გერმანულ მოდელზე" ვერ შეთანხმდნენ, რასაც ოპოზიცური სპექტრი ხელისუფლებისგან ითხოვდა. რამდენად რეალურია, ამ ორმა მხარემ საარჩევნო სისტემასთან დაჯკავშირებით კონსენსუსს მიაღწიონ, ანდა გაიზარდოს თუნდაც, საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლა იმისათვის, რომ მხარეთა შორის შედგეს შეთანხმება?

    ა.გ.: ეს შეხვედრები მაგონებს საკონსტიტუციო ცვლილებების შეხვედრებს, პროცედურულად საკონსტიტუციო ცვლილებების ყველა ატრიბუტი, მისი საჯაროობა თუ სხვა, იყო გაკეთებული, მაგრამ, აბსოლუტურად არცერთ კონტექსტში ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა არავის აზრი, მათ შორის არც არასამთავრობო სექტორის, არც ვენეციის კომისიის, არც მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილის და ა.შ. უბრალოდ სავალდებული შეხვედრების ასეთი რიტუალი ჩატარდა. ხელისუფლება ამ კუთხით ცდილობს აჩვენოს, როგორ იცავს პროცედურულად დემოკრატიას და იცავს თამაშის წესებს. ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება.

    საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორც წესი, აძლიერებენ ზეწოლას თუ ქვეყნის შიგნით მოსახლეობის პოზიცია აქტიურად არის გამოხატული და ხელისუფლების მდგრადობის წონასწორობა ცოტათი შემცირებულია. ამ შემთხვევაში, როდესაც ეს ყველაფერი ქაოტურად მიდის, მაინც არასაკმარისი ხმარდაჭერა არსებობს. ვეჭვობ საერთაშორისო ორგანიზაციები ზომაზე მეტად ჩაერიონ, ისინი ჯერჯერობით მედიაციის როლს ირგებენ.

    ჯერ არის შეშფოთება და რისკების დანახვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, შემდეგ ეს უკვე კრიტიკაში გადადის, თუ ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა. თუკი საზოგადოების წინააღმდეგობა ქვეყნის შიგნით არ მოძლიერდა, საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლაც შედარებით რბილი იქნება.

    „რ": 9 დეკემბრიდან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პერმანენტულ აქციებს აანონსებს. რამდენად მოსალოდნელია, ეს აქტიები იყოს უფრო მასშტაბური, მიეცეს უფრო მეტი მუხტი და ვიხილოთ საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა, ვიდრე დღეს არის?

    ა.გ.: არამგონია, რომ ამ ფორმებს და საკითხს მოჰყვეს იმაზე ბევრად დიდი მხარდაჭერა, ვიდრე დღეს არის, თუ რაღაც ახალი არ მოხდა, რომელმაც შეიძლება საზოგადოების კონსოლიდაცია და უსაფრთხო პროტესტის გამოხატვა გამოიწვიოს. ამ ეტაპზე, ამას ვერ ვხედავ.

    ძალიან რთული თემაა იმის გაანალიზება, რატომ არ გამოხატავს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარდაჭერას ოპოზიციისადმი მაშინ, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელისუფლების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებისაა. ამაზე დასკვნა თუ არ გააკეთა თავად ოპოზიციამ და რაღაც არ შეცვალა, მნიშვნელოვანი მხარდაჭერთა მობილიზება გართულდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    bosi   (02.12.2019)
    İse martsli xar gamzardia mishasavit unda knas yvelaperi


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×