სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    14.01.2020

     „ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ შეუძლია, რომ ეს ყველაფერი შეცვალოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ ის არ არის პლახოტნიუკი, მას ამის დრო ჯერ კიდევ აქვს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი ოპოიზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოლდოველი ოლიგარქის ვლადიმერ პლახოტნიუკი ბედს გაიზიარებს.

    ცნობილ მოლდოველ ოლიგარქსა და მოლდოვის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ პლახოტნიუკს, რომელიც ქვეყნიდან არაფორმალური მმართველობისა და კორუფციული გარიგებების გამო გააძევეს, აშშ-მა სანქციები დაუწესა და შავ სიაში შეიყვანა.

    „ვლადიმერ პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა ძირი გამოუთხარა და დიდი ზიანი მიაყენა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას მოლდოვაში. მე დღეს იგი ოფიციალურად შევიყვანე სანქცირებულ პირთა სიაში. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლდოვას", - წერს ამასთან დაკავშირებით „ტვიტერში" აშშ-ის სხელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

    ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პლახოტნიუკი „ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა", ვიდრე ივანიშვილი, თუმცა მათ შორის მსგავსებები არის.

    „მე პირდაპირ ანალოგიას არ დავიწყებდი იმიტომ, რომ პლახოტნიუკი, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო მძიმე შემთხვევა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მსგავსებები არის. მთავარი მსგავსება გახლავთ ამ ე.წ. ჩრდილოვან ავტორიტარიზმში.

    „მოგეხსენებათ, რომ პლახოტნიუკი მოლდოვაში არანაირ ფორმალურ თანამდებობას არ იკავებდა, ის პარტიის თავმჯდომარე იყო, მაგრამ აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს. ვიღაცამ შესაძლოა ივანიშვილთან პირდაპირი ანალოგია დაინახოს ამ ყველაფერში.

    „მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის ბევრად უფრო უკეთესი მოვლენაა, ვიდრე პლახოტნიუკი იყო მოლდოვაში, მაგრამ თვითონ მმართველობითი სტილი/მოდელი სამწუხაროდ ანალოგიურია და აბსოლუტურად შეუსაბამოა ფასეულობათა იმ სისტემასთან, რასაც შეერთებული შტატები ცდილობს დაამკვიდროს თავის პარტნიორებთან .

    „ასე რომ, ამ ტიპის თეორიული რისკი არსებობს, მაგრამ პროცესი არაა შეუქცევადი, ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ შეუძლია, რომ ეს ყველაფერი შეცვალოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ ის არ არის პლახოტნიუკი, მას ამის დრო ჯერ კიდევ აქვს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქიებს უწესებს პლახოტნიუკის ოჯახის წევრებსაც. მათ აშშ-ში შესვლა ეკრაძალებათ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    medea   (14.01.2020)
    ავის და კარგის გარჩევა დაგიკარგავს გია ბატონო, დაანებე ანალიტიკობას თავი, მიკერძოებული და მიმხრობილი ხართ საეჭვოდ. ზაალ ანჯაფარიძე, ბატონი რამაზი და სხვებიც უფრო პროფესიონალურად გამოიყურებიან ამ საქმეში. "პალიტრა ნიუსმა" დიდად წააგო თქვენი არჩევით. არასანდო ანალიზს აკეთებთ,"მოყვარეს პირში უძრახეო"-ხომ გაგიგიათ.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×