თამარ შუკვანი
28.03.2020

აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, კორონავირუსუს საფრთხის გამო, რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე გადმოვიდა. ხუთშაბათს კორონავირუსის ნიშნებით ერთი ოჯახის ორი წევრი გადმოიყვანეს ზუგდიდში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველაზე საგანგაშო ვითარება გალის რაიონშია, რადგანაც სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გალის საავადმყოფოს უცხოური ორგანიზაციების ნაჩუქარი კორონავირუსისგან თავდაცვის საშუაებები წაართვა და სოხუმში გადაიტანა - ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ განუცხადა.

მისი ცნობით, აფხაზეთში არცერთი ინფექციური საავადმყოფო არ არის და მთელს რეგიონში მხოლოდ ერთი ინფექციონისტი ჰყავთ. ამასთან, არც აფხაზეთში და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ აქვთ კორონავირუსის გამოსავლენად საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა.

არეშიძის ინფორმაციით, აფხაზეთიდან გადმოსულთა უმრავლესობას გალელი ქართველები შეადგენენ.

მისივე თქმით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ იმაზე ადრე დაიწყო ზუგდიდში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მომზადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოსახლეობისთვის, ვიდრე ამის შესახებ ვინმე ინიციატივას გამოთქვამდა.

„რაოდენობის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია, მითუმეტეს რომ, ძირითადად ქართველები არიან. საქართველოს ხელისუფლებამ თადარიგი წინასწარ რომ დაიჭირა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია. „რუხის" მომზადება დაიწყეს იმაზე ადრე, ვიდრე ვინმე ხმას ამოიღებდა და რამეს იტყოდა. ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო პირადად ჩემთვის.

„ბევრი ადამიანი გადმოვიდა, მაგრამ თვითონ ვირუსთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი ჯერჯერობით. გუშინწინ გადმოიყვანეს ერთი ოჯახის ორი წევრი, რადგან ადგილობრივებს ეჭვი შეეპარათ, პანიკაში არიან.

„აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის საავადმყოფოს წაართვა ის დახმარება, რომელიც ჩაიტანეს ამერიკელებმა, ჯანდაცვისა მსოფლიო ორგანიზაციამ და „იუ-ეს-აიდ"-მა. აფხაზებმა, ოსებისგან განსხვავებით, მიიღეს ეს დახმარება და განაწილდა მთელი რეგიონის საავადმყოფოებზე. შემდეგ გალელებს უკან წაართვეს და ისევ სოხუმში წაიღეს - პირბადეები, ანტისეპტიკური საშუალება და ა.შ.

„მთელ აფხაზეთში ინფექციონისტი მხოლოდ ერთი ჰყავთ და აქედან გამომდინარე, არ იციან როგორ მოიქცნენ. ინფექციური საავადმყოფო არ აქვთ და ამიტომაც გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა.

„უამრავი რუსია ჩამოსული აფხაზეთში, რადგან ეს რუსებიც ვერსად ვეღარ მიდიან. მთელ აფხაზეთში კორონავირუსი არის თუ არა, ვერავინ დაადგენს. ფილტვების ანთების დადგენა კიდევ შეუძლიათ, არიან თერაპევტები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ დაადგინონ ვინ არის დაავადებული.

„ბიოლოგიური მასალაც რომ აიღონ და გააგზავნონ, უნდა გააგზავნონ კრასნოდარის მხარეში. წარმოგიდგენიათ, რამხელა გზა უნდა გაიაროს და რამდენი ხანი უნდა ელოდონ? თანაც რუსებს სოჭისთვის ვერ მოუვლიათ, იქ კორონავირუსის ათეულზე მეტიშემთხვევაა და ჯერჯერობით ვერაფერს ახერხებენ გარდა იმისა, რომ რეჟიმი გაამკაცრეს. რაოდენობა შეიძლება იყოს ასი, შეიძლება - არცერთი.. ამას აფხაზეთში ვერავინ დააგენს, რადგან სპეციალისტები არ ჰყავთ.

„კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანია გადმოსული თავისი ნებით, თავის დაზღვევის მიზნით. ზოგიერთი აბსოლუტურად ჯანმრთელია, არ აქვთ არანაირი სიმპტომი ან კავშირი კორონავირუსთან, მაგრამ რამე რომ მოხდეს, იციან - გალში საერთოდ დაუცველები არიან, ასევე სოხუმში. ამიტომ ამას აკეთებენ იმისთვის, რომ თავი დაიცვან.

„მომავალში,მაქსიმუმ სამ კვირაში, რუხის საავადმყოფოში რა ამბავი იქნება, თქვენი თვალით ნახავთ," - აღნიშნა არეშიძემ.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ზუგდიდში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფად ამოქმედებას სხვა დატვირთვა აქვს, ვინაიდან საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი მისია სწორედ ეს არის," - თქვა გახარიამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ რუხის მრავალფუნქციური კლინიკა არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული მაღალი სტანდარტის სამედიცინო ინფრასტრუქტურით.

„მუდმივად გვაქვს კონტაქტი, ყოველდღიურად ფაქტობრივად. არის გარკვეული ინფორმაციები, მაგრამ თვითონ დიაგნოსტიკის შესაძლებლობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ძალიან მწირი, ამიტომ რეალურად რა სურათია - ამის შეფასება ძალიან რთულია. საკმაოდ მაღალი რისკებია იქიდან გამომდინარე, რომ ფსოუდან, საქართველო-რუსეთის საზღვრის იმ მონაკვეთიდან, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ, ძალიან დიდი ნაკადის შემოსვლა ხდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში.

„ახლა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის ე.წ. არჩევნების თუ საარჩევნო კამპანიის დროს, ადგილი ჰქონდა ძალიან დიდ თავყრილობებს, ადამიანების გაუკონტროლებელ შემოდინებას და რა თქმა უნდა, ეს რისკის ფაქტორებს ზრდის.

„ამიტომ ჩვენი თხოვნა, მოწოდებაც, ინფორმაციაც, რასაც საქართველოს ხელისუფლება ავრცელებს არის ის, რომ მოსახლეობამ დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული და ასევე საქართველოს ხელისუფლების, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები. იმიტომ, რომ ეს მათთვის, მათი ოჯახების და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის და სიცოცხლისთვის არის აუცილებელი," - აღნიშნა ციხელაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×