რეზონანსი
31.03.2020

ეპიდემიის დასრულების შემდეგ, პოლიტიკური თვალსაზრისით, მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც ახალ კორონავირუსამდე იყო. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ვირუსმა არა მხოლოდ დღევანდელი დღე შეცვალა, არამედ მომავალიც განსაზღვრა. მისივე თქმით, მოსალოდნელია ისეთი დიდი, საერთაშორისო გაერთიანების შესუსტება ან საერთოდ გაქრობა, როგორიც არის ევროკავშირი, რადგან ყველა ქვეყანა თავისი ძალისხმევით ცდილობს, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს კორონავირუსს, რაც სერიოზული გარდატეხის მოლოდნის ქმნის.

„გზაჯვარედინზე არის ბევრი რამ, მათ შორის გლობალური განვითარების ვარიანტებიც. ერთი მხრივ, არსებობს ის ვარიანტი, რომელიც წამოაყენა ინგლისის ყოფილმა პრემიერმა - რომ შეიქმნას დროებითი მსოფლიო მთავრობა ვირუსის დასაძლევად. თუ ასეთი რამ გაკეთდება, ის ყოველთვის ეცდება თავისი თავი შეინარჩუნოს და იპოვის იმ პრობლემები, რომლის დასაძლევადაც მსოფლიო მთავრობა იქნება აუცილებელი. ერთი გზა არის გლობალიზაციის და ინტეგრაციის პროცესების გაძლიერება მსოფლიოში.

„რაც შეეხება მეორე გზას, ყველა სახელმწიფო ცდილობს თავის პრობლემებს დამოუკიდებლად მოუაროს. იმდენად გამოკვეთილია ეს ტენდენცია, რომ ბევრი ევროპელი ჩივის, რომ ევროპის მთლიანობა იშლებაო. მაკრონმა გამოაცხადა, რომ შენგენის ზონამ პრინციპში დაამთავრა არსებობა.

„ერთამენეთის მიმართ საყვედურები გაჩნდა - რომ ერთი ქვეყანა მეორეს არ ეხმარება, ყველა ერთად ამერიკას საყვედურობს და ა.შ. ეს არის მეორე გზა, რომ ის გაერთიანებები, რომელიც არის, მაგალითად, ევროკავშირი, შესუსტდეს და გაძლიერდეს ქვეყნების იზოლაციური განვითარების ტენდენცია.

„ამ ორი ვარიანტიდან მეორის ნიშნები მკაფიოდ ჩანს. ვფიქრობ მოხდება ეროვნული სახელმწიფოების გაძლიერება - აქცენტი გაკეთდება ეროვნულ სახელმწიფოზე და არა გლობალურზე და ეს იქნება წამყვანი „პოსტკორონალურ" ეპოქაში," - აღნიშნა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×