"რთული და უსიამოვნო პროცესია სახელმწიფოსათვის, მიუხედავად იმისა, რომ, ამ ეტაპზე, წამგებიან პოზიციაში ნამდვილად არ არის"
თამარ მუკბანიანი
30.07.2020

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და ბობ მეიერი საქართველოსგან ერთ მილიარდ დოლარს ითხოვენ. მოდავე მხარე ხელშეკრულების ჩაშლას ივანიშვილის ინტერესს უკავშირებს, მთავრობა კი კონსორციუმის საჩივარს ახალი ინვესტორის მოძიებაში ხელის შეშლის მცდელობად აღიქვამს.  იმის გარკვევას , რა გადაწყვეტილებას მიიღებს არბიტრჟი და დადებს თუ არა კონსორციუმი 1 მილიარდად შეფასებულ ლელოს, მინიმუმ, 1 წელი და ბევრი ხმაურიანი პროცესი დასჭირდება.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და მთავარ უცხოელ ინვესტორს შეაქვთ საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ. სარჩელები ეხება საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების პროცესში, მთავრობის ძირგამომთხრელი კამპანიის შედეგად, ანაკლიის კონსორციუმისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებას.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და მისმა ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 9 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ, ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ორი სარჩელით კონსორციუმი  და ბობ მეიერი ითხოვენ პროექტში მათი დარღვეული უფლებების აღდგენას. ამ მოთხოვნების ოდენობა არის დიდი მოცულობის, სცდება 1.0 მილიარდ აშშ დოლარს და შედგება ADჩ-ისა და ბატონი მეიერის დანაკარგისგან, რომელიც პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიის, ძირი გამოეთხარა ანაკლიის პორტის პროექტისთვის…” - აღნიშნულია კონსორციუმის განცხადებაში.

,,რეზონანსი“ დაინტერესდა, როგორია საკითხის ეკონომიკური და სამართლებრივი პერსპექტივა. სამართლის სფეროს სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, რომ გამოქვეყნებულ ტექსტში არბიტრაჟისათვის დამახასიათებელი ენა არ არის გამოყენებული და აქცენტიც ეკონომიკურ მხარეზე არ ისმება კონსორციუმის მხრიდან. 

,,ის, რაც გამოქვეყნდა კონსორციუმის მიერ, არ არის სრული და არც სასარჩელო დასაბუთება ახლავს თან. ამიტომ, უნდა ვისაუბროთ მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომლებიც უკვე გაცხადებულია. ამ ტიპის ტერმინოლოგია, რაც სარჩელშია, რომ სახელმწიფომ აწარმოა ძირგამომთხრელი კამპანია კონსორციუმის წინააღდეგ, ცოტა არ ჯდება იმ საარბიტრაჟო ენაში, რაც ზოგადად არსებობს ასეთ ურთიერთობებსა და პრაქტიკაში. აქ უნდა ყოფილიყო კანონიერი და სამეწარმეო უფლებების შეზღუდვაზე ყურადღება გამახვილებული, რამაც გამოიწვია ეკონომიკური ზიანი. 

გარდა იმისა, რომ არსებობდა კონსორციუმი, ასევე სახელმწიფოს ჰქონდა სიპ-ი, რომლითაც სახელმწიფო არეგულირებდა  ურთიერთობებს კონსორციუმთან. გვინდა თუ არა ეს, მაინც სრულად იურიდიულ ჭრილშია უკვე დავა და, შესაბამისად, ენა და შინაარსიც უნდა იყოს იურიდიული. 

საკმაოდ მძიმე სარჩელია შინაარსობრივადაც და ღირებულებითაც სახელმწიფოსათვის. როგორც უნდა დასრულდეს დავა, მაინც ძალიან ცუდია, როცა არბიტრაჟი მსგავსი ტიპის სარჩელს განიხილავს საქართველოდან. ასევე, თუ დადგა გამამტყუნებელი შედეგი, ყველას კარგად გვესმის, რომ გადახდა ისევ ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს მოგვიწევს ჩვენი გადასახადებით, ანუ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან.

თავისთავად, თანხის ნაწილშიც არ ჩანს დასაბუთება სარჩელით, რა დაიხარჯა, რამდენი უნდა ყოფილიყო სრული მოგება და ა.შ. არ ჩანს, რომ ეს ციფრობრივი მაჩვენებელი 1 მლრდ იყოს.  გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროცედურები დაახლოებით 1 წელი გაიწელება და მხოლოდ შემდეგ დაიწყება არსებითი დავა. ასე რომ, წინ რთული და უსიამოვნო პროცესია სახელმწიფოსათვის, მიუხედავად იმისა, რომ, ამ ეტაპზე რაც ჩანს, წამგებიან პოზიციაში ნამდვილად არ არის“, - განუცხადა ჩარგეიშვილმა ,,რეზონანსს“.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ტედ ჯონასი აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, მთავრობამ უბიძგა კონსორციუმს, დაიწყოს საარბიტრაჟო დავა. კონსორციუმმა შეაჩერა სარჩელების შეტანა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რათა ხელი არ შეეშალა მთავრობისთვის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. ჯონასი აღნიშნავს იმასაც, რომ შესაბამის წერილზე, რომელიც მათ მთავრობას გაუგზავნეს, სრულიად მოულოდნელი, აგრესიული პასუხი დაუბრუნდათ.

შეფასებიებისაგან თავს იკავებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი ანრდია გვიდიანი. სპეციალისტი ,,რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა დავა უკვე სამართლებრივ ჭრილშია გადასული. 

,, დავა უკვე სამართლებრივია და ეკონომიკურ შეფასებებს ვერ გავაკეთებ. რაც ჩანს, არის ის, რომ ხელისუფლება საკმაოდ მძლავრი არგუმენტებითაა წარმოდგენილი და მას ზურგს უმაგრებს გარემოებები, რომლებიც არ მეტყველებს კარგად კონსორციუმზე“, - განაცხადა გვიდიანმა. 

გაცილებით კატეგორიული აღმოჩნდა ეკონომიკის მინისტრის პოზიცია. როგორც ნათია თურნავა აცხადებს, ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია და ეს არის მხოლოდ საკითხის პოლიტიზებისა და იმის მცდელობა, რომ მთავრობას ხელი შეუშალონ ახალი ინვესტორის მოძიებაში. 

"კონსორციუმმა ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები და თუ ვინმეს მიმართ შეიძლება ჰქონდეთ მათ პრეტენზია, უნდა ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ. მათ ვერ შეაგროვეს დაფინანსება და ვერ შეძლეს პროექტის განხორციელება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა გეგმაზომიერად მუშაობს საინვესტიციო-სატენდერო პაკეტის განახლებასა და ახალი ინვესტორის მოძიებაზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2015 წელს, ახლა არის 2020 წელი, როდესაც, ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს უკვე უნდა ჰქონოდა ახალი, მოქმედი ანაკლიის პორტი, მაგრამ კონსორციუმმა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მთავრობის ხელშეწყობის მიუხედავად, ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
-----   (01.08.2020)
ბიძინას მონური მორჩილება ისევ ქვეყანამ უნდა აანაზღაუროს? პუტინის ბიძინას აშანტაჟებს და ამას ქართველი ხალხი იხდის, კარგია ვერაფერს იტყვი, იმის ნაცვლად აგვეშენებინა ეგ პორტი, სარგებელი გვენახა, ბიძომ მოღალატეობრივად დაატორმუზა პროცესი და ხვალ ისევ ჩვენი გადასახდელი გახდება. ვფიქრობ ბიძოს უნდა წავართვათ ეგ ფული და ქვეყნის საიმიჯო ზარალის ანაზღაურებაც.

ოპერაცია პოპკორნი   (01.08.2020)
ცქიტიშვილი მომიკითხეთ და ხაჭაპურის ცხობაში ივარჯიშოს- საკანში გამაადგება🤣🤣🤣

კაი ერთი...   (01.08.2020)
აუფ ერთი მაროდიორი ბანკირი ლამუკა ხაზარაძის მეპატრონე ბობი მეიერი მეორე მაროდიორ ბანკირს გრიგორიჩ მილიარდზე ეჩალიჩება.. ჩვენ ამით რა რო...?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×