ინფექციისადმი შიში ჯერ კიდევ ძლიერია და სოფლებიდან ხალხი ქალაქებში დაბრუნებას არ ჩქარობს
ნინა გარდაფხაძე
07.09.2020

პანდემიის პირობებში, რეგიონებში გადასახლებული მოსახლეობის ნაწილი დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში დაბრუნებას აღარ გეგმავს. მათი დიდი ნაწილი 60 წელს გადაცილებული ადამიანები არიან, რომლებსაც ზრდასრული შვილები ჰყავთ. არიან ისეთებიც, ვინც, დიდი ტაიმაუტის შემდეგ, რეგიონებსა და სოფლებში 6 თვე გაატარეს, ქალაქებში დაბრუნებას გეგმავენ, მაგრამ ამაში ხელს მოახლოებული მეორე ტალღა უშლით. 

პანდემიის პირველი  ტალღის დაწყებისთანავე, სასურსათო დეფიციტისა და ვირუსის შიშმა ხალხი რეგიონებში, მამაპაპისეულ სახლებში დააბრუნა. ადამიანები, რომლებიც ორი ათწლეულის განმავლობაში, ზაფხულის გარდა, საკუთარ კარმიდამოში არ ჩასულან და არც კუთვნილი მიწები დაუმუშავებიათ, ერთბაშად შეიცვალნენ. მათი აქტიურობის შედეგად, გაზრდილია დამუშავებული სახნავ-სათესი ფართობები. ახლა მთავრია, რამდენად ხანგრძლივია ეს პროცესი და ხომ არ გაგრძელდება ის პოსტპანდემიურ პერიოდშიც. 

“ბიზნეს-რეზონანსი” ერთ-ერთ ასეთ მოქალაქეს, ზურაბ კოპალიანს გაესაუბრა. მას სოფლად დარჩენა ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, თუმცა ზუსტად იცის, რომ ამ ზამთარსაც ლეჩხუმში გაატარებს. 

“ძალიან პატარა ვიყავი, როცა 17 წლისამ უმაღლესში სოხუმში ჩავაბარე და მერე ომამდე იქ დავრჩი. ლტოლვილი უკვე თბილისში გადავსახლდი და მშობლიურ ლეჩხუმში მხოლოდ აგვისტოში, რამდენიმე დღით ან ძალიან ახლობლების დაკრძალვებსა და ქორწილებზე ჩამოვდიოდი. უკვე 67 წლის ვარ და ამ წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა, სანამ კორონა არ დაგვატყდა თავს. იქამდე, ვიდრე საგანგებო რეჟიმი გამოცხადდებოდა, მთელი ოჯახით, შვილებითა და შვილიშვილებით “გავიხიზნეთ” ლეჩხუმში. 

მერე საგანგებო გამოცხადდა და ნათელი გახდა, რომ ამ უბედურებას ასე მარტივად და მცირე დროში ვერ დავამარცხებდით. მეორე ტალღის შიშმა მიწის დამუშავება გადაგვაწყვეტინა და ვფიქრობდი, რომ მოსავლის აღების შემდეგ თბილისში მივბუნდებოდი. ჩემი შვილები ოჯახებით მაისში უკან, ქალაქში დაბრუნდნენ, მაგრამ ახლა მეორე ტალღის იმხელა რისკი არსებობს, რომ ზამთარშიც დარჩენა გადავწყვიტეთ. შეიძლება, ისევ მოუწიოთ მათაც ჩამოსვლა. 

ვერ ვიტყვი, რომ აქ ჩემსავით ძალიან ბევრი ოჯახია, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანისგან მესმის, რომ ადრე საერთოდ არ ჩამოდიოდნენ და ახლა რამდენიმე თვეა, ლეჩხუმში არიან, სახლების მოწესრიგება დაიწყეს, მიწის დამუშავება და საკუთარი კერის მნიშვნელობა გავიაზრეთ ყველამ ნელ-ნელა”, - აღნიშნა ლეჩხუმში დროებით დაბრუნებულმა ზურაბ კოპალიანმა. 

განსხვავებულია თინა გიორხელიძის პოზიცია, რომელსაც პანდემიამ სკუთარ რეგიონში დაბრუნება არა ქალაქიდან, არამედ ემიგრაციიდან გადააწყვეტინა. 

“ბოლო 12 წელია, იტალიაში ვიყავი წასული. იქამდე, სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში ვცხოვრობდი. პანდემიამ მართლა იმდენი რამ შეცვალა, არა მხოლოდ  ცხოვრების წესი ან რეჟიმი, არამედ შინაგანი სამყაროც, რომ ისე აღარასოდეს ვიცხოვრებ, როგორც 2020 წლის თებერვლამდე ვცხოვრობდი. 

საშინელებაა, როცა ეპიდემიის ეპიცენტრში ხარ, საკუთარ სამშობლოში სიმშვიდეა, მაგრამ ვერ ბრუნდები. მაშინ გადავწყვიტე, როგორმე მომეხერხებინა საქართველოში ჩამოსვლა და სხვაგან აღარც გავიხედავდი. მართალია, ამ თორმეტ წელში თბილისში ბინის შეძენა მოვახერხე, თუმცა იქ ჩემი შვილი და თავისი ოჯახი გააგრძელებენ ცხოვრებას, მე კი მამისეულ სახლში დავრჩები ბოლომდე. აქ არ იგრძნობოდა ის შიში, რაც ჩვენ გავიარეთ, თუმცა ქალაქებიდან ჩემს სოფელში დაბრუნებული ადამიანებიც არიან და პანდემიამ ამ მხრივაც მოიტანა ცვლილება", - განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” გიორხელიძემ. 

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პირველი ინფიცირებულის დადასტურებისთანავე რაიონში დაბრუნდა, დათა მებონია დაბეჯითებით აცხადებს, რომ მოსავლის აღების შემდეგ კვლავ დედაქალაქს დაუბრუნდება და მეორე ტალღის შემთხვევაშიც კი არ აპირებს ზამთრის სამეგრელოში გატარებას. 

“ალბათ მომავალ წლებშიც, ისევე როგორც ახლა, კვლავ დავამუშავებ მიწას და 6-7 თვეს სამეგრელოში, მშობლიურ სახლში გავატარებ, მაგრამ არც კი ვუშვებ, რომ ქალაქში არ დავბრუნდე და ზამთარი ისევ სოფელში გავატარო. 27 თებერვალს წამოვედი აქეთ და მიწაც დავამუშავე, მაგრამ მერწმუნეთ, შორიდან რომანტიკულად ჩანს აქ  12 თვე ყოფნა და რეალურად არ არის მარტივი”, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მებონიამ. 

“ეს ყველაფერი არის დროებითი პროცესი”, - ასე აფასებს პროფესორი პაატა აროშიძე მოსახლეობის სოფლად დაბრუნებას პანდემიის პირობებში. მისი აზრით, ვირუსისაგან განსხვავებით, ამ ტალღას გამეორებითი ხასიათი აღარ ექნება. 

“პანდემია, საწყის ეტაპზე, იყო აბსოლუტურად უცნობი და ამიტომ ხალხის ქცევაც იყო პანიკური  და ფორსირებული. არავინ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინათ და პირველი ნაბიჯი მათი მხრიდან, ვისაც წასასვლელი ჰქონდათ, ხალხმრავალი ადგილებიდან გაცლა და სოფლებში წასვლა იყო. 

შემდეგ თავისი როლი ითამაშა სოფლის დახმარების პროგრამებმაც, რომელიც მალევე ამუშავდა. ამან გამოიწვია თავისი დადებითი როლის დაფიქსირება სოფლის მეურნეობის განვითარებაში, თუმცა, ჩემი აზრით, ეს იყო ერთჯერადი ტალღა და პანდემიისაგან განსხვავებით, ამ პროცესს ე.წ. მეორე ტალღა აღარ ექნება. 

ამაზე, გარკვეულწილად, ისიც მოქმედებს, რომ ხალხმა უკვე მეტ-ნაკლებად ისწავლა თანაცხოვრება ვირუსთან. მსხვილ ქალაქებში სამუშაო ადგილების დიდი ნაწილიც უკვე აღდგენილია. ასე რომ, მორიგ დიდ გადაადგილებას რეგიონებისკენ არ ველი", - განუცხადა პროფესორმა “ბიზნეს-რეზონანსს”. 

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, გასულ წელთან შედარებით, 5.6 ათასი ჰა-ით მეტი, ანუ 208.8 ათასი ჰა მიწა დამუშავდა. ამ შედეგს ადასტურებს “საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობების შესახებ ექსპრესმონაცემები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×