ბიზნესი ორ ცეცხლს შუა მოექცა - ვერც ფასს ინარჩუნებს და სიძვირის გამო რეალიზაციაც ეცემა
რეზონანსი
08.10.2020

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და ქვეყანაში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა, იმპორტული პროდუქციის გაძვირება გამოიწვია. ბოლო პერიოდში მკვეთრად ლარის არასტაბილირობამ, საბოლოო ჯამში ფასებს ზრდისკენ უბიძგა. გაძვირებული პროდუქცია კი, დახლებზე მალე გამოჩნდება. 

იმპორტული საქონლის ღირებულება ეროვნულ ვალუტაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, იმპორტიორები იძულებულნი გახდნენ, პროდუქცია გაეძვირებინათ, რადგან ასეთ მძიმე ვითარებაში, ფასის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელია. 

კომპანიების წარმომადგენლები ისედაც ამბობდნენ, რომ თუკი ეროვნული ალუტა 3.10-იან ნიშნულს გადასცდებოდა, მათ ფასის გაზრდა მოუწევდათ. საბოლოოდ ასეც მოხდა და თვის ბოლომდე მოსახლეობას დახლებზე გაძვირებული პროდუქცია დახვდება. 

სადისტრიბუციო კომპანია “გრანდის” პრეზიდენტი და დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ საბითუმო სავაჭრო წერტილებში პროდუქციაზე ფასის მატება უკვე შესამჩნევია. მაღაზიაებში კი, ეს პროცესი 2-3 კვირაში დაიწყება. 

“შემოტანილი საქონლის გაძვირების პროცესი უკვე დაწყებულია. რიგ პროდუქტებზე ფასი გაზრდილია და უკვე თვის ბოლომდე ეს დახლებზეც შესამჩნევი გახდება. საბითუმო სავაჭრო წერტილებში, როგორიც არის დეზერტირების ბაზარი, ვაგზალთან არსებული სავაჭრო წერტილები, იქ ფასი უკვე გაზრდილია, ხოლო სუპერმარკეტებში თვის ბოლომდე მოხდება ცვლილება. ამას მომხმარებელი თვითონაც შეამჩნევს.

მთვრობამ უნდა მოახერხოს ის, რომ კურსი იყოს სტაბილური. თუკი, ეროვნული ვალუტა რყევას გააგრძელებს, ბუნებრივია, პროდუქციაზე ფასი მოიმატებს. ხელიდუფლება თუ ჩაერევა იმაში, რომ ფასი არ გავზარდოთ, ბიზნესები გაკოტრდება. კარგია, რომ მთავრობა ამაში ამას არ აკეთებს. რამდენიმე თვის წინ გაკეთდა სუბსიდირების პროგრამა, რომელმაც ვერ იმუშავა. როგორმე უნდა მოხერხდეს ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იყოს სტაბილური, რათა ლარი არ გაუფასურდეს”, - უთხრა “რეზონანსს” ივა ჭყონიამ.

იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასის გაზრდა კიდევ ერთი დარტყმა იქნება ქართული ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის. კორონავირუსის პანდემიამ საქართველო ეკონომიკურად ჩაძირა და მინიმუმ, ერთი წლით უკან დახია. ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და მკვეთრად მერყეობის გამო, გაძვირება მოსახლეობას ორმაგად დააზარალებს. კარს მომდგარი ზამთრის წინ ეს კიდევ ერთი შოკი იქნება.

2020 წელი ისედაც სიძვირით დაიწყო. ამას მოჰყვა კორონავირუსის პანდემია, რა დროსაც ეროვნულმა ვალუტამ ყველანაირი ანტირეკორდი დაამყარა. ახლაც გაცვლითი კურსის არასტაბილურობის გამო, გაძვირებული პროდუქცია, არსებულ მძიმე სიტუაციას უფრო გაართულებს. 

კიდევ ერთი იმპორტიორი, კომპანია “ალფას” გენერალური დირექტორი გურამ ბროძელი, ფასის გაზრდას ადასტურებს და ამბობს, რომ თუკი ეროვნული ვალუტა დევალვაციას გააგძელებს, პროდუქცია კიდევ გაძვირდება.

“უკვე კარგა ხანია ფასებმა ზემოთ დაიწყო სვლა. უახლოეს პერიოდში გაძვირდება ზეთი, თუმცა ეს ეროვნული ვალუტის კურსზე არ არის დამოკიდებული. მსოფლიო ბაზარზე ზეთის ღირებულებამ მოიმატა. 

ვნახოთ, როგორც განვითარდება მოვლენები. თუკი კურსი კიდევ შეიცვალა და მდგომარეობა გაუარესდა, რა თქმა უნდა, იმპორტულ პროდუქციაზე ფასი გაიზრდება. ეს არის ჩვეულებრივი აქსიომა. 

ზეთის გარდა, ძალიან უმნიშვნელოდ შეიცვალა წიწიბურას ფასი. კურსი 3.05-დან 3.25-მდე ავიდა, 20 პუნქტი მცირე ხომ არ არის. დანარჩენი საქონელი მნიშვნელოვნად არ გაძვირებულა. დაველოდოთ მოვლენებს”, - განუცხადა “რეზონანსს” გურამ ბროძელმა. 

ახლა ქართული ფული იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ მას ეროვნული ბანკის მიერ გაყიდული რეზერვებიც კი ვეღარ შველის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგივე არ განიცადოს ადგილობრივმა წარმოებამ და ფასის გაზრდა მათ შემთხვევაშიც არ მოხდეს. 

არსებული ფინანსური კრიზისის მიუხედავად, პროდუქციის გაძვირებას არ აპირებს „ჩირინა“. ადგილობრივი მწარმოებელი, რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ კომპანია ძველებურად გააგრძელებს მუშაობას, როგორც აქამდე. 

„პრობლემა არის ის, თუ რა იწარმოება საქართველოში, როგორია ინვესტიციები და ა.შ. მნიშვნელოვანია, ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვალოს და საქართველოში ბევრი რამ ვაწარმოოთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიქნებით დიდად დამოკიდებული ლარისა და დოლარის კურსის ცვალებადობაზე. მართალია ადგილობრივი მწარმოებლები ვართ, თუმცა რაღაც წილად მათი შემადგენელი კომპონენტი იმპორტირებულია. სწორედ ეს ნაწილი გვიძვირდება, მაგრამ საბოლოო ადგილობრივი პროდუქციის ფასი უნდა შევინარჩუნოთ. 

სხვა გზა არ არის, პროდუქტს ძვირად ვერ გავყიდი, რადგან ხალხს ფული არ აქვს. ასე რომ, ჩვენ სტაბილურად ისევ იმ ფასად ვიმუშავებთ, რომელიც აქამდე გვქონდა“ - განუცხადა რევაზ ვაშაკიძემ “კომერსანტს”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×