არსებობს საფრთხე, რომ საქართველომ იაფი აზერბაიჯანული საწვავის მიღება ვეღარ შეძლოს
ირაკლი ლომიძე
12.10.2020

დიზელის საწვავის იმპორტი მატულობს. ამ ეტაპზე პოზიტიური დინამიკისთვის თითქმის ყველა წინაპირობაა და ეპიდემიურ პერიოდშიც კი ბიზნესი მზარდ ტრენდს აჩვენებს. ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს პროცესი შეაფერხოს, საქართველოს საკანონმდებლო ბაზაა, კერძოდ კი, დიზელის სტანდარტის - ევრო5-თან დაკავშირებული რეგულაცია, რომელიც წესით, 2021 წლიდან შემოდის ძალაში. შესაბამისად, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, მომავალი წლიდან შესაძლებელია მოხდეს ზემოაღნიშნული იმპორტის სტატისტიკის კორექტირება ქვეყნების მიხედვით. 

რაც შეეხება იმპორტის ბოლო 9 თვის დინამიკას, საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 807,5 ათასი ტონა, რაც 28,1 ათასი ტონით ანუ 3,6%-ით მეტია  გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (779,4 ათასი ტონა) შედარებით.

ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 250,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი (მხოლოდ დიზელის საწვავი) - 159,3 ათასი ტონა (19,7%), რუმინეთი - 152,9 ათასი ტონა (18,9%), ბულგარეთი - 82,7 ათასი ტონა (10,3%);  და სხვ.

2020 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 388,0 ათასი ტონა, რაც 15,4 ათასი ტონით, ანუ 3,8%-ით ნაკლებია  გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (403,4 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 151,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 39%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 96,9 ათასი ტონა (25%), ბულგარეთი - 62,3 ათასი ტონა (16,1%); ყაზახეთი - 26,8 ათასი ტონა (6,9%),  და სხვ.

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 419,4 ათასი ტონა, 43,4 ათასი ტონით, ანუ 11,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (376,0 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 159,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 38%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 99,5 ათასი ტონა (23,7%), რუმინეთი - 56 ათასი ტონა (13,3%), თურქმენეთი - 55,9 ათასი ტონა (13,3%), და სხვ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან შესაძლებელია მოხდეს ზემოაღნიშნული იმპორტის სტატისტიკის კორექტირება ქვეყნების მიხედვით. 

კერძოდ, როგორც ცნობილია, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შედის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები  და ის გაუთანაბრდება ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავს.

,,მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ხდება როგორც ევრო-4, ასევე ევრო-5-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი. კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ხორციელდება ევრო 4 სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, მიმდინარე წელს ხორციელდებოდა არსებული ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაირაღება, რის შემდეგაც მათ უნდა ეწარმოებინათ ევრო-5-ის  სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავი. ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების გადაიარაღება უნდა დასრულებულიყო 2020 წლის ბოლომდე. თუმცა კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, რომელიც განსაკუთრებული სიმძაფრით მიმდინარეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, შეაფერხა ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაიარაღების პროცესი და მისი დასრულების ვადა გადაიწია 2021 წლის ბოლოსთვის. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ისევ ხდება ევრო-4-ის სტანდარტის შესაბამისი გაუმჯობესებული დიზელის საწვავის წარმოება. 2021 წლიდან თუ ამოქმედდება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი, ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც დიზელის საწვავის იმპორტი ვეღარ განხორციელდება, იქნება აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

რაც შეეხება აზერბაიჯანული საწვავის მნიშვნელოვანი წილს საქართველოს ბაზარზე, ეს განპირობებულია იმით, რომ ის არის 10-15 თეთრით იაფი და ასევე, საქართველოში დიზელის საწვავზე მომუშავე ავტოპარკის დაახლოებით 86%-ს შეადგენს 10 წელზე მეტი ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ძრავის მუშაობის პარამეტრიდან გამომდინარე, აზერბაიჯანული დიზელის საწვავის ხარისხი მათ სრულებით აკმაყოფილებს“, - განაცხადა მთვრალაშვილმს და დასძინა, რომ დღის წესრიგში დგება მთავრობის ახალი დადგენილების 1 წლით გადავადების საკითხი, რაც ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ბაზარზე მომავალ წელსაც კვლავინდებურად იქნება წარმოდგენილი საქართველოს საიმედო სტრატეგიული პარტნიორის პროდუქტი. 

,,ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შედარებით იაფი დიზელის საწვავის არსებობა ქვეყანაში, ვინაიდან დიზელის საწვავი გამოიყენება იმ პირთა მიერ, რომლებიც მონაწილეობენ ეკონომიკურ საქმიანობაში. კერძოდ, ასეთია გადაზიდვები, დისტრიბუცია, მშენებლობა, ენერგეტიკა, ასევე სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები და სხვ. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ წვდომა შედარებით იაფ პროდუქტზე, მით უმეტეს მიმდინარე ეტაპზე, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე  ფიქსირდება ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნა“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×