მკვეთრი ზრდისგან თავის არიდების ერთადერთი საშუალება ლარის გამყარებაა, რაც ვერაფრით ხერხდება
რეზონანსი
16.12.2020

მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი რამდენიმე დღეა 50 დოლარს გასცდა. გაძვირების ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში შეიმჩნევა, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით დადებით მოლოდინს უკავშირდება. საერთაშორისო ბირჟებზე, ნავთობის გაძვირება მომავალში კიდევ მოსალოდნელია, რაც ბუნებრივია, ასახვას საქართველოზეც ჰპოვებს. ქვეყანაში საწვავის ფასი ისედაც გაზრდილია და მსოფლი ბაზარზე ბოლოდროინდელი ტენდენცია საქართველოში საწვავს კიდევ მეტად გააძვირებს, რასაც ხელს გაუფასურებული ლარიც შეუწყობს. 

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალიშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ბირჟებზე გავლენა მოახდინა. ფასის ზრდის ორი მთავარი მიზეზი არსებობს. 

`პირველი მიზეზი ისაა, რომ ოპეკის წევრთა შეხვედრა დასრულდა შეთანხმებით, რომელიც ეხება მოპოვების კვოტების შემცირების საკითხს. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, ოპეკმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ყოველდღიური მოპოვების 9,7 მილიონ ბარელამდე შემცირების შესახებ და შეიძლება ითქვას, თითქმის მთელი წლის განმავლობაში, ამ ნიშნულზე იყო დაბალანსებული. პირველი იანვირდან საუბარი იყო, რომ მოპოვების კვოტები უნდა გაეზარდათ და ასეც ხდება, მაგრამ ეს გაზრდა ნაცვლად 2,1 მილიონი ბარელისა, მხოლოდ 500 ათასი ბარელი იქნება. ეს არის უმთავრესი საკითხი. ოპეკმა, ფაქტობრივად, შეძლო ის, რომ ე.წ. ჭარბი ნავთობი ნელ-ნელა გაიწოვა ბაზარმა და მიმდინარე ეტაპზე რა ფასი ფიქსირდება, სწორედ ამ შეთანხმების საკითხია. 

მეორე მომენტი ისაა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით სასიკეთო ძვრები მიმდინარეობს. ნავთობზე ფასის კლება პანდემიიდან გამომდინარე ხდებობდა და ახლა მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო, მათ შორის ისეთ დიდი ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ა.შ. არის დიდი მოლოდინი, რომ ვაქცინა გაამართლებს და თავისთავად, ეს აჩენს იმ პოზიტიურ მოლოდინს. თუ ვაქცინაციის პროცესი წავიდა წარმატებით, თავისთავად ეს იქნება განმაპირობებლი იმისა, რომ შეზღუდვები მოიხსნება, რაც იმის საწინდარია, რომ ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება. სხვათა შორის მსოფლიო ბანკის პორგნოზით, 2021 წელს ნავთობზე ფასი იქნება შედარებით მაღალი, ვიდრე იყო 2020 წელს”, - განაცხადა “რეზონანსთან” ვანო მთვრალიშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში საწვავის ფასის გაზრდაზე მსოფლიო ბაზარზე არსებული გაძვირების გარდა, ლარის კურსიც მოქმედებს. 

“საქართველოში საწვავის მოხმარება შემცირებულია იმის გამო, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითრებაა. არ არის გადაადგილება, სწავლა, მუშაობა და ბევრი რამ გაჩერებულია, რაც საწვავზე მოხმარებას ამცირებს. თუ 2021 წლიდან მდგომარეობა გამოსწორდა, თავისთავად ეს იქნება იმის გარანტი, რომ ნავთობზე ფასი გაიზრდება. საქართველოში, ბოლო დღეებში საწვავი გაძვირდა 5 თეთრით. ის მოცემულობა, რომელიც საერთაშორისო ფასთანაა დაკავშირებული, ფასის კორექტირება მოხდება მატებისკენ. ლარის კურსსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუ ჩვენი ვალუტა გამყარებას დაიწყებს, ეს ამ ვითრებას დააბალანსებს. თუ გაუფასურდა, ეს დამატებითი წნეხი იქნება”, - აღნიშნა ვანო მთვრალიშვილმა “რეზონანსთან”. 

რადგანაც საქართველო იმპორტამოკიდებული ქვეყანაა, მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენცია გავლენას ქვეყნის შიდა ბაზარზეც ახდენს. როგორც საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა შენგელია აცხადებს, მსოფლო ბაზარზე ნავთობის ფასი, 2021 წლის პირველ-მეორე კვარტალშიც შეინარჩუნებს 50 დოლარზე მაღალ ღირებულებას. 

“ჩვენ ამის თაობაზე ერთი თვის წინ გვქონდა გაკეთებული განცხადება, რომ ნავთობის ფასი აუცილებლად მოიმატებდა და 2021 წლის პირველ-მეორე კვარტალში სტაბილურად შეინარჩუნებს 50 დოლარზე მაღალ ფასს. ამ დასკვნას ვაკეთებდით იმის საფუძველზე, რომ ჯო ბაიდენი გახდებოდა პრეზიდენტი, რადგან მის გუნდი და თანამოაზრეები ყოველთვის აკეთებდნენ განცადებას, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ჰიდროპლასტინის აფეთქების გზით ნავთობის მიღების გზის მეთოდს. თუ ისინი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, აუცილებლად შეამცირებდნენ აშშ-ს ტერიტორიაზე ფისკალური ნავთობმოპოვების რაოდენობას. აქედან გამომდინარე, რადგან გამარჯვებული არის ჯო ბაიდენი, ბირჟებმა ამაზე მოახდინეს რეაგირება და სწორედ ამის გამო ნავთობმა გადააბიჯა 50-დოლარიან ზღვარს. 

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან საწვავი გაძვირებულია და მომავალშიც მაღალ ნიშნულზე იქნება. ვინაიდან ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, გავყვებით საერთაშორისო ტენდენციას და ბენზინი და დიზელი მეთოდურად გაძვირდება”, - განუცხადა “რეზონანსს” ნიკა შენგელიამ. 

საქართველოში საწვავმა გაძვირება ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო. ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე ორ თვეში საწვავის ფასი დაახლოებით 15 თეთრითაა გაზრდილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )