მთავრობამ შეზღუდვების შესახებ ახალი გადაწყვეტილებით ისევ წელში გაწყვეტილ ხალხს მოუსპო მცირედი შანსი
რეზონანსი
22.12.2020

დაპირებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან, ფაქტობრივად, არ იხსნება, პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში მისი გამკაცრება ხდება. ხვალიდან მუშაობის გაგრძელების უფლება მხოლოდ სავაჭრო ცენტრებსა და ავეჯის მაღაზიებს მიეცემათ. მთავრობამ საახალწლოდ უნუგეშოდ დატოვა ბაზრობების, რესტორნების, სასტუმროებისა და უამრავი სხვა მომსახურების ობიექტში დასაქმებული ადამიანები.

შეზღუდვები რომ არ შემსუბუქდებოდა, ამის შესახებ „რეზონანსი“ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ წერდა. მიუხედავად ამისა, მთარობა გეგმას არ ცვლიდა და თითქოს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში უნდა გახსნილიყო ღია და დახურული ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები, აღდგენილიყო როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, თუმცა უპირატესობა ე.წ. მოლებს მიენიჭა.

მეტიც, გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები. კერძოდ: მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე; მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც მაღაზიის ფართის ყოველ 20 კვ/მ-ზე დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი; მაღაზიების როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს, ძირითადად, დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვებით; ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებს გასახდელები. 

მკაცრი აკრძალვების ძალაში დატოვება დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებში, ასევე _ მოსახლეობაში. მართალია, შეზღუდვების შემსუბუქება რამდენიმე დღით უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს გარემობა მაინც მომგებიანი იქნებოდა, რადგან პანდემიის პირობებში ზარალი ძალიან დიდია. 

ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მმართველი კომპანიის, „ჯითის“ დირექტორ თეა ანდრიაძის განცხადებით, მისთვის, როგორც ბაზრობის წარმომადგენლისთვის, მთავრობის მიერ შეზღუდვების მხოლოდ სავაჭრო ცენტრებისთვის მოხსნა მოულოდნელი იყო. თუ მათ დართეს გახსნის უფლება, გარკვეული შემსუბუქება ბაზრობებზეც უნდა გავრცელებულიყო.

„არსებობს როგორც მაღაზიის ტიპის ბაზრობები, ასევე არის დახლური ბაზრობა. რადგან მაღაზიებს ხსნიან, შესაძლებელი იყო დიფერენცირება, რომ ელიავას ბაზრობაზეც გახსნილიყო მაღაზიები და არ გახსნილიყო დახლები, რადგან ისინი უფრო მჭიდროდ არის განლაგებული ერთმანეთთან. ელიავაზე 90% მაღაზიებია, ხოლო 10% _ დახლები. ვფიქრობ, შეიძლებოდა, ამ მაღაზიების მფლობელებისთვის შეღავათი მიეცათ“, - განაცხადა თეა ანდრიაძემ „ბიზნესმედიასთან“ და დასძინა, რომ ე.წ. მოლების გახსნის გადაწყვეტილება ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის და 15 იანვრიდან ყველანაირი ტიპის სავაჭრო ობიექტის გახსნას კითხვის ქვეშ აყენებს.

„როდესაც დახურეს ბაზრობები და მოლები, ვიცოდით, რომ მხოლოდ შაბათ-კვირაზე გავრცელდებოდა ეს შეზღუდვები, თუმცა მეორე დღეს თქვეს, რომ სრულად დაიკეტებოდა და დააანონსეს, რომ 24 დეკემბრიდან ყველაფერი გაიხსნებოდა, თუმცა მოახლოვდა შეზღუდვების მოხსნის თარიღიც და გვეუბნებიან, რომ ხსნიან მხოლოდ მოლებს და არ ხსნიან ბაზრობებს. მინდა გითხრათ, რომ დიდ დახურულ სივრცეში ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი სავაჭრო ობიექტების გახსნით ვირუსის გავრცელების საფრთხე მატულობს და თუ ველით, რომ ბაზრობები 15 იანვარს გაიხსნება, შესაძლოა, ეს უკვე ასე აღარ მოხდეს და გახსნის პერიოდმა კიდევ გადაიწიოს“, - დასძინა კომპანია „ჯითის“ დირექტორმა და განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიას 11-მდე მეწილე ჰყავს და იქ 15 000-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო ბაზრობებზე ონლაინ-ვაჭრობის რიცხვი ძალიან მცირე, დაახლოებით, 3%-5%-ია.

რაც შეეხება მოსახლეობას, ისინი წინასაახალწლოდ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოლოდინში იყვნენ, თუმცა როგორც გუშინ გაირკვა, ეს საერთოდ არ მოხდება. ეს გარემობა ხალხში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს, რადგან ისინი შეზღუდვების შემსუბუქების მოლოდინში იყვნენ. ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ შეზღუდვების ძალაში დატოვება სოციალურად დაბალ ფენაზე მძიმედ აისახება.

„ხელისუფლების წესი გახდა, რომ სუსტ ფენას წიხლი დააჭიროს, რადგან ყველა რეგულაცია ნეგატიურად მოქმედებს ღარიბებზე. მოსახლეობა იმდენად სავალალო, ფსიქოლოგიურ და მენტალურ მდგომარეობაშია, რომ შეიძლება, ადამიანებს წინააღმდეგობის გაწევის უნარიც კი აღარ ჰქონდეთ. ტოტალიტარიზმს ახასიათებს მსგავსი მიდგომა და საზოგადოების დათრგუნვა, რაღაც დროის განმავლობაში. 

ხელისუფლების წარმომადგენლებს, ექიმებს, რომლებიც რეკომენდაციებს იძლევიან, არ აქვთ პრობლემები, ისინი ფინანსურად, სოციალურად სრულიად გამართული არიან და გულგრილად უყურებენ ადამიანებს, რომლებიც თავის გატანას ვეღარ ახერხებენ. გამიჭირდება თქმა, რომ ახლა ამას მოჰყვება რაიმე საპროტესო მუხტი, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი და რაღაც ეტაპზე ეს იფეთქებს“, - განუცხადა „რეზონანსს” გამზარდიამ. 

მოლოდინი არ გამართლდა, ხელისუფლებამ დანაპირები არ შეასრულა და შეზღუდვები არ შემსუბუქდება. მთავრობის წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ გაუმჯობესებული დინამიკა უნდა შენარჩუნდეს, რისი გარანტიც შეზღუდვების ძალაში დატოვებაა. ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე აცხადებს, რომ ქვეყანამ შეზღუდვების გზა აირჩია, შესაბამისად, საქმე ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი. 

„გასაგებია ყველაფერი. ყველას პრობლემები ექმნება, მათ შორის _ მეც, მაგრამ ახლა უმწვავესი ვითარებაა. ისევ ჩვენს, მოსახლეობის ინტერესში არის პანდემიის დასრულება და ყველაფრის მერე გახსნა. რადგან შეზღუდვებზე წავედით, მაშინ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. წინასაახალწლოდ ყველაფერი რომ გახსნას, ვირუსი ისევ აფეთქდება, რადგან ვიცით, როგორ სწრაფად და მარტივად ვრცელდება, ამიტომ სახელმწიფომ უნდა აირჩიოს ან ერთი გზა, ან - მეორე. ბუნებრივია, ორივე გზა იქნება ძალიან მძიმე ეკონომიკისთვის, ჯანდაცვისთვის, ბიუჯეტისთვის და ა.შ, მაგრამ თუ ავირჩიეთ შეზღუდვების გზა, ასეც უნდა გაგრძელდეს”, - განუცხადა „რეზონანსს” ზურაბ კუკულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (22.12.2020)
რა იცი გამზარდია შენ ტოტალირიზმის, რა ასაკის ხარ ბიძიკო, 40 წლის? რაღაც გადმოცემით გაგია და აცხობ აქ ლოზუნგებს. წადი შვილო სოფელში და დაკავდი მიწაზე მუშაობით დრობით თუ შეზღუდგები გაწუხეს. ვის რას ამადლი, სანიტრებს და ექიმებს? თუ ჩამოიშალა ჯანდაცვის სისტემა ვინ მოგხედავს? შენ ახალგაზრდა ხარ და გეტყობა არ გაწუხებს ეგ პრობლემა, მაგრამ მშობლები არ გყავს, ან დიდედები და პაპები? იმათ სასიკვდილოდ წირავ. ან გგონია ქვეყანაში კოვიდის აფეთქება თუ გექნება და გარედიან იზოლაციაში იქნები, ეკონომიკას აამუშევებ?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )