რამდენიმე თვის წინ გამორთული "ჭკვიანი კამერები" მოულოდნელად და ერთბაშად ჩაირთო
ირაკლი ლომიძე
23.12.2020

ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვამ ბოლო 4 დღეში 4-ჯერ და მეტადაც მოიმატა. ამის მიზეზი არც მეტი, არც ნაკლები ე.წ. ჭკვიანი კამერებია, რომელიც პანდემიის პერიოდში ისე გამოირთო და ისე ჩაირთო, რომ არავინ საქმის კურსში არ ყოფილა. მძღოლებს მოულოდნელად უამრავი ჯარიმა მიუვიდათ, რამაც ავტომფლობელები იძულებული გახადა ტექდათვალიერების საკითხი მოეგვარებინათ. პანდემიის გამო, როდესაც თითქოს ყოველგვარი მოძრაობა და აქტიურობა შეჩერებულია, ინსპექტირების ცენტრები რიგებს ვერ აუდიან. 

მძღოლებს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა უწევთ, რადგან არ არის გამორიცხული, ტექდათვალიერების ორგანოში მოსვლამდეც დაჯარიმდეს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, თუ ჭკვიანი კამერის ობიექტივში ის მანქანა  მოხვდება, რომელსაც გავლილი არ აქვს ინ სპექტირება, ჯარიმას ექვემდებარება.

სულ ცოტა ხნის წინ ტექინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი  ვაჟა იორდანაშვილმა აცხადებდა, რომ 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმართვიანობა თითქმის განახევრდა შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ვადებთან დაკავშირებით შეღავათი დასრულდა და პროცესი ჩვეულებრივ გრძელდება, მოთხოვნა მაინც დაბალ დონეზე იყო, თუმცა ახლა ჭკვიანი კამერები ჩაირთო და მდგომარეობაც რადიკალურად შეიცვალა.

,,მანქანების ნაკადის დიდი მატება შეინიშნება.  კომპეტენტური არ ვარ და ვერ შევაფასებ მთავრობის გადაწყვეტილებას რამდენად სწორია, რომ ასე მოულოდნელად გააძლიერეს კონტროლი, თუმცა ცხადია, ამან მობილობა გაზარდა. წინა კვირის ბოლოს ჩაირთო კამერები, როგორც ჩანს, ბევრი დაჯარიმდა და ახლა ყველა ცდილობს, რომ საახალწლოდ მოასწრონ და გაიარონ ტექდათვალიერება. ეს აქტიურობაზეც აისახება, 4-ჯერ და მეტადაც  გაიზარდა მიმართვიანობა. კიდევ უფრო მეტი მოთხოვნაა რეგიონებში, სადაც რიგები დგას. 

აქამდე მძღოლები ვალდებულების შესრულებას თავს არიდებდნენ, კონტროლი შესუსტდა და ამით სარგებლობდნენ. 60 ლარია ინსპექტირების საფასური, ჯარიმა კი - 50 ლარი. წესით, არ უნდა არიდებდნენ თავს, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც  გაუმართავი მანქანები ჰყავთ და ჯარიმის გადახდა უღირთ ტექინსპეტირებისთვის გასაწევი ხარჯის გათვალისწინებით,  თუმცა ასეთი ბევრი არ უნდა იყოს. 

შეიძლება ითქვას, ტექინსპექტირების ორგანოებში ახლა პიკია და მერე ალბათ, ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებაყველაფერი. ცხადია,  დაჯარიმდება ყველა, ვინც   ჭკვიანი კამერის თვალთახედვის არეალში მოხვდება, ამიტომ მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ“, - აღნიშნა "რეზონანსთან" იორდანაშვილმა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველგან ერთნაირი სიტუაცია არ არის. გაზზე მომუშავე ავტომობილების ინ სპექტირების ცენტრებში ამბობენ, რომ მოთხოვნა ამ ეტაპზეც დაბალ დონეზეა. შპს ,,აირბალონის" წარმომადგენელი ნოდარ რამიშვილი ამბობს, რომ ვისაც ძველი მანქანა ჰყავს, ურჩევნია ჯარიმა გადაიხადოს.

,,ჩვენი კომპანიის მდგომარეობით ვერ ვიტყვით, რომ აქტიურობაა. მოთხოვნა მაინც დაბალ დონეზეა. პანდემიაა, თანაც საახალწლო პერიოდი და და ხალხს არც ჯარიმა აინტერესებს, არც მანქანა. ერთ ხანს მთავრობამაც თვალი დახუჭა, იფიქრეს, რომ  ეპიდემიურ პერიოდში არ მიექციათ ამისთვის ყურადღება და კამერებიც კი გამორთეს. ახლა, როგორც ჩანს, ფული სჭირდებათ და ყველა საშუალებით ცდილობენ, რომ ჯარიმების სახით ამოიღონ მოსახლეობისგან. 

ქვეყანაში ბევრი ძველი მანქანაა. მფლობელებმა იციან, რომ ვერ გაივლიან ტექდათვალიერებას და ურჩევნიათ, ჯარიმა გადაიხადონ. ჩვეულებრივ პერიოდში, ეპიდემიამდე, დღეში, საშუალოდ, 25 მანქანა გადიოდა ტექდათვალიერებას, დღეს, მაქსიმუმ 3 ან 5, თუმცა ცოტა ხნის წინ საერთოდ ნულამდე იყო დასული მოთხოვნა“, - აღნიშნა რამიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

ჭკვიანი კამერების მოულოდნელი ჩართვა და ტოტალური ჯარიმები მიუღებელია ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებისთის, რომლებიც მთავრობის ამ ღონისძიებას ნეგატიურად აფასებენ. ორგანიზაცია ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“  დირექტორის, ირაკლი იზორიას განცხადებით, კამერების ჩართვის წინ აუცილებელი იყო საინფორმაციო კამპანიის წარმართვა, რომ მოსახლეობას კონტროლის გამკაცრების და მოსალოდნელი ჯარიმების შესახებ ინფორმაცია ჰქონოდა და დროულად დაეჭირა თადარიგი. 

,,ვიცით, რთულ პანდემიურ პერიოდს გავდივართ.  მიუხედავად ამისა,  ტექდათვალიერების გადავადება არ მომხდარა, ჩვეულებრივ სავალდებულო იყო, თუმცა ცენტრები ფაქტობრივად არ მუშაობნენ. არც მაღაზიები გახსნილა, რის გამოც დახარვეზებული მანქანებისთვის მომსახურების მხრივ პრობლემა რეალურად არსებობდა და დღესაც ასეა. ასეთი სიტუაციაში ჭკვიანი კამერების ჩართვა არასწორი გადაწყვეტილებაა, ისევე როგორც მათი გამორთვა, რადგან არც ერთ შემთხვევაში მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო.  

ახლა ხუთმაგად გააძლიერეს კონტროლი და მოქალაქეებს  აჯარიმებენ.  თავიდანვე არ უნდა გამორთულიყო კამერები ან საინფორმაციო კამპანია წარემართათ - გაეფრთხილებინათ მოქალაქეები თუნდაც 1 კვირის წინ და ეცნობებვინათ, რომ დააჯარიმებენ. ხალხიც შესაბამის  ზომებს მიიღებდა, რაც არ მოხდა. სამწუხაროა, რომ  ავტომობილების მფლობელების მიმართ, რომელთაგან ზოგი შეიძლება გაჭირვებულია,  ხისტი დამოკიდებულება  შეირჩა“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ ირაკლი იზორიამ. 

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდა. პანდემიის გამო ტექდათვალიერების პროცესი შეჩერებული იყო მხოლოდ 2 თვით, თუმცა ვადა 21 ივლისს ამოიწურა და კანონმდებლობით ამ ეტაპზე არანაირი შეღავათი არ მოქმედებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )