ეს რეალობა შექმნა ლარის უკონტროლოდ მიშვებამ, არანორმალურმა დევალვაციამ, რომელმაც კომპანიებიც და ხალხიც გაკოტრებამდე მიიყვანა
გვანცა წულაია
29.12.2020

მომავალი წლიდან მოსახლეობას გაძვირებული გადასახადების გადახდა მოუწევს. 2021 წლიდან იზრდება ელექტროენერგისაა და წყლის ტარიფი, რაც მომხმარებელზე მძიმედ იმოქმედებს. მათ პანდემიის გამო მიღებული შოკის დაძლევისთვის დრო სჭირდებათ, რომელიც კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

მოქალაქეებისთვის ერთი კილოვატი ელექტროენერგია 3.5 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის კი, საშუალოდ, 12 თეთრით გაძვირდა. რაც შეეხება წყლის გადასახადს, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ სულზე თვეში 4.518 ლარი იქნება, რაც არსებულ ტარიფს 0.627 ლარით აღემატება. გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე უკვე 0.50 ლარი გახდა, რაც არსებულ ტარიფს 0.171 ლარით აღემატება; არსაყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ კუბურ მეტზე 6.503 ლარით განისაზღვრა, რაც არსებულ ტარიფს 2.100 ლარით აჭარბებს. 

რაც შეეხება შპს „რუსთავის წყალს", გამრიცხველიანებული მომხმარებლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 40 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა, გაუმრიცხველიანებული მომხარებლებისთვის ტარიფი, 2.2 ლარის ნაცვლად, 3 ლარი გახდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო ნაწილში ტარიფმა 10 თეთრით მოიმატა და 3.7 ლარი იქნება.

ელექტროენერგიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება დროებით, 6 თვით იქნა მიღებული და არა, კანონის შესაბამისად, 3 წლით. გრძელვადიან ტარიფს სემეკი პირველ ივლისამდე დაადგენს. რაც შეეხება წყლის ახალ, გაძვირებულ ტარიფს, ის 2023 წლამდე იქნება ძალაში. 

2021 წელს ელექტროენერგიის გაძვირებულ გადასახადს მთავრობა დაასუბსიდირებს და მოსახლეობას გაზრდილი გადასახადის გადახდა 2022 წლიდან მოუწევს, თუმცა, მიუხედავად ამისა, პანდემიისას მიღებული ზარალის გამო, გაზრდილი გადასახადების გადახდა მოსახლეობას ძალიან გაუჭირდება. 

„საქართველოში არის სულ 1.7 მილიონი აბონენტი, საიდანაც 1.6 მილიონი აბონენტი მოიხმარს 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ოჯახების 95%-ისთვის ელექტროენერგიაზე ნაზარდი ფასი სრულად იქნება სუბსიდირებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ, პირველ რიგში, იმისთვის, რომ მძიმე კრიზისულ წელს, 2021 წელს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებსა და მათ ოჯახებს ექნებათ სხვა საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური გამოწვევები, ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა მათთვის დამატებითი გამოწვევა არ გახდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

დისკრიმინაციას უწოდებს 2021 წელს გაძვირებული ელექტროენერგიის სუბსიდირებას გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი ალექსანდრე რატიშვილი. ის მიიჩნევს, რომ ეს არის გადასახადების გადამხდელთა ფულით შევსებული ბიუჯეტის არარაციონალური და უსამართლო ხარჯვა. 

„სემეკმა ენერგოკომპანიების მოთხოვნა დააკმაყოფილა და ელექტროენერგიის საფასური კომერციული სექტორისთვის 12 თეთრით გააძვირა, რომელიც პროცენტულ გამოხატულებაში 72%-ს აჭარბებს. ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა და ამას დაერთო მთავრობის განმარტება, რომ კერძო სექტორის ხელშესაწყობად ამ გაზრდილი ტარიფის პროცენტს ბიუჯეტიდან დაუსუბსიდირებდნენ. ეს სუბსიდია არაფერს ცვლის. ძალიან ცუდი სურათი გვაქვს ქვეყანაში მთლიანად და მთავრობის გადაწყვეტილებაც არც ისე კარგია, იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტი არ არის განყენებული ცნება და ნებისმიერ დროს მოსახმარი ფული. ეს არის ისევ ჩვენი მოსახლეობისა და გადასახადების გადამხდელთა ფული, რომლის ასე განკარგვა სწორად არ მიმაჩნია.

ამასთან, მთავრობამ განაცხადა, რომ ეს შეეხება კვების მრეწველობის კომპანიებს, რაც ასევე არასწორია. რატომ მხოლოდ კვების მრეწველობის, სხვამ რა დააშავა? აშკარა დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე, ისევე, როგორც რამდენიმე ხნის წინ „თბილისი ენერჯის“ მიერ გამოცხადებული პირობა და შეღავათი, რომ პურის ქარხნებს მიეცემათ შეღავათი და სხვას - არა. მიმაჩნია, რომ ამგვარი მიდგომა დისკრიმინაციული და არასწორია“, - განაცადა ალექსანდრე რატიშვილმა. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრი გიორგი ფანგანი „რეზონანსთან” იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც ტარიფის განსაზღვრა მოხდა დროებით და არა  _ დადგენილი სატარიფო მეთოდოლოგიის მიხედვით. 

„ჩვენი სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისწინებს, რომ ახალი ტარიფის დადგენა უნდა მოხდეს 3-5 წლით, მაგრამ, კანონის თანახმად, ხდება საქმიანობის განცალკევება. რას ნიშნავს ეს, დღეს მაგალითად „თელასი” თბილისში ერთდროულად ორ საქმიანობას აწარმოებს: ერთი არის ელექტროენერგიის განაწილება, სადაც საუბარია ფიზიკურად გადატანაზე და მეორე არის ელექტროენერგიით ვაჭრობა, ანუ მისი ყიდვა და შემდეგ გაყიდვა. კანონიდან გამომდნარე, ყველა გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია, განაცალკეოს ეს ორი საქმიანობა და არ შეიძლება, ერთი კომპანიის ქვეშ იყოს ორივე.  

პირველი ივლისიდან მოხდება კომპანიის განცალკევება და ელექტროენერგიის მიწოდება იქნება სხვა კომპანიის უფლებამოსილება. „თელასს” ან „ენერგო პრო ჯორჯიას” უფლება არ ექნება, ელექტროენერგიით ივაჭროს. შესაბამისად, შემდეგი 6 თვე, ჯერ კიდევ ძველი პრინციპით, ორივე საქმიანობას განახორციელებენ და პირველი ივლისიდან მათ დარჩებათ მხოლოდ განაწილების საქმიანობის უფლება და მოგვიწვევს ახალი კომპანიისთვის ტარიფის დადგენა და „თელასისთვის” მხოლოდ განაწილების ტარიფის დატოვება”, - უთხრა „რეზონანსს” ფანგანმა.

გაძვირების მიზეზს მოსახლეობითვის დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მინიმუმ, გადასახადების შენარჩუნებაა, რადგან მათზე პანდემიამ იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ არსებული ვითარების გამკლავება ყველასთვის ძალიან რთულია. როგორც ბიზნესის სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი აღნიშნავს, გადასახადების გაძვირება მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთად იქცევა.

„მე წინა პლანზე წამოვწევდი იმ ძალიან დიდ პრობლემას, რაც შეეხება თავად ელექტროენერგიის ღირებულებას. მას სჭირდება წყალი, ქვესადგურები და ა.შ. აქედან გამომდინარე, ყველა ის მასალა, დეტალი თუ სარემონტო საშუალება, რაც უნდა შეიძინოს კერძო გენერაციის ობიექტმა, რომელიც აწარმოებს ელექტროენერგიას, თავისი ხარჯი გააჩნია, რადგან სარემონტო სამუშაოებს უნდა მიხედოს. სამწუხაროდ, ეს სარემონტო სამუშაოები დაკავშრებულია ქვეყანაში უცხოეთიდან შემოსატან მასალებთან, რომელთა შეძენა ხდება დოლარში. მკვეთრი გაუფასურების ფონზე უკვე ვეღარ ხერხდება იმ ღირებულების ანაზღურება, რაც უჯდება თავად მწარმოებელ კომპანიას ელექტროენერგიის გამომუშავება. ამიტომ ტარიფის გაზრდა უნდა მომხდარიყო ჯერ კიდევ უფრო ადრე, 2017-18 წლებში, როცა ლარი მკვეთრად დაეცა. 

მეორე მხარეა ის, რომ ამ პირობებში, როდესაც მოსახლეობის შემოსავალი იმაზე დაბალია, ვიდრე მანამდე იყო, ეს არის უმძიმესი ტვირთი უკვე თითქმის ყველა ფენისთვის”, - განუცხადა „რეზონანსს” აკაკი ჩარგეიშვილმა და იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც, მისი აზრით, მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფი დროებით დაადგინა. 

„იმ პერიოდისათვის, როდესაც კომპანიას დაუდგება ტარიფთან დაკავშირებული საკითხი, ეს ტარიფი არ არის გათვალისწინებული პირდაპირ იმ კალკულაციებითა და გათვლებით, რაც მარეგულირებელს გააჩნია. ტარიფები ასევე უკავშირდება იმას, თუ რა უნდა იყოს გათვალისწინებული ფასის დადგენის ღირებულებაში, ანუ ფასის პოლიტიკა განსაზღვრულია საინვესტიციო, საპრივატიზაციო ხელშეკრულებით. შესაბამისად, თუ ხელშეკრულების წესებს არ დაემორჩილება საქართველოს სახელმწიფო, მას როგორც „თელასის" ინვესტორს, მესაკუთრეს მიეცემა იმის უფლება, რომ მოახდინოს საქართველოს წინააღმდეგ სერიოზული პრეტენიზების წარდგენა, საერთაშორისო წესების მიხედვით. 

აქედან გამომდინარე, ტარიფის დადგენა მოხდა 6 თვით, რადგან თუ იგი კიდევ არ გაიზრდება, ენერგოკომპანიები ვერ აინაზღაურებენ დანახარჯის ღირებულებას და აღმოჩნდებიან კოლაფსის წინაშე. მარეგულირებელს ეს კარგად ესმის და სწორედ ამის გამო მოახდინეს დროებით განსაზღვრა, რადგან მესაკუთრის მხრიდან არ მოხდეს სერიოზული პრეტენზიების წარდგენა, რადგან ასეთი მოთხვნები მათ უკვე დაყენებული ჰქონდათ. ეს არის ერთგვარი პრეტენზია და, მეორე მხრივ, მოსახლეობისთვის დროებითი შეთავაზება. ეს რომ არ მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ, ინვესტორი აუცილებლად პრეტენზიებს დააყენებდა. ამიტომ მარეგულირებელმა გარკვეული ბალანსი შემოგვთავაზა, თუმცა უნდა დაველოდოთ ზაფხულს, როდესაც რეალური ტარიფი დადგინდება”, - დასძინა „რეზონანსთან” აკაკი ჩარგეიშვილმა. 

პანდემიის პირობებში, საქართველომ ექსპორტის გაზრდაზე ორიენტირება მოახდინა, თუმცა ტარიფების გაძვირებამ ეს შანსი დაასამარა და ადგილობრივ წარმოებას დამატებითი პრობლემები შეუქმნა. საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ პრობლემა, ძირითადად, იმ საწარმოებს შეექმნება, რომელთა წარმოებაში ელექტროენერგიის წილი მაღალია.

„ალბათ, თავის დროზე, ყოველწლიურად რომ გადაეხედათ ტარიფებისთვის, ასეთი ნახტომი აღარ გვექნებოდა. კომერციული სექტორისთვის ყოველწლიურად 2-3 თეთრით მატება ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა, ვიდრე ერთიანად 12 თეთრით გაძვირება. ბიზნესი კეთდება ე.წ. პროგნოზებზე. კომპანიებს ბიუჯეტში არ ჰქონდათ გათვლილი ელექტოროენერგიის ამდენად გაძვირება და, შესაბამისად, ეს პრობლემებს ყველას შეუქმნის. 

ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემა ექნება, ძირითადად, იმ საწარმოებს, სადაც ელექტროენერგიის წილი მაღალია. მაგალითად, „აზოტი"  მოიხმარს 300 მლნ კვტ/სთ-ს წელიწადში, მათთვის ერთი თეთრით ზრდაც კი წელიწადში 3 მილიონი ლარის დამატებითი ხარჯია. ეს, საბოლოო ჯამში, ძალიან დიდი ციფრია და გარკვეულ გავლენას მოახდენს”, - დასძინა „რეზონანსთან” ლევან ვეფხვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (05.01.2021)
ჰესების მშენებლობას რომ ვეწინააღმდეგებით--აი,შედეგი, გაგიძვირებს იგი,ვინც მოგყიდის დენს----შენც უნდა გაუძვირო მომხმარებელს . პატარ-პატარა ჰესებსაც ბლოკავენ,იმ იმედით,რომ--ხელისუფლებას აუჯანყდება ხალხიო.აქ არის ძაღლის თავი დამარხული.

პირტახია გიორგი   (29.12.2020)
ნარმანიავ გადაარჩინე საქართველო!!!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )