"საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, ხოლო მთავრობაში კი ყველა ერთად თავს იტყუებს"
ირაკლი ლომიძე
07.01.2021

"საქსტატი" კრიტიკის ქარცეცხლშია. ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგიამ საზოგადოება იმდენად აღაშფოთა, რომ სამთავრობო უწყების ხელმძღვანელის გადადგომასაც კი ითხოვენ. ეკონომისტები სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს პირდაპირ ბრალს სდებენ ხელისუფლების მითითებების შესრულებაში, რის მიზანიც არსებული რეალობის დამალვაა.

ცნობილია, რომ დეკემბერში "საქსტატმა" ინფლაცია განსხვავებული წესით დათვალა და ერთბაშად 2.4%-მდე ჩამოიყვანა. რომ არა ეს ეფექტი, მაშინ ინფლაცია 1.94 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი იქნებოდა. იმ ფონზე, როცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიმართ კრიტიკა არ ცხრება და სპეციალისტები მას სიყალბის გავრცელებაში ადანაშაულებენ, ოფიციალური უწყების წარმომადგენლები გარკვეულ პირებს იქეთ სდებენ ბრალს იმაში, რაშიც თვითონ სცოდავენ - საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში.

"საქსტატის" განმარტებით,  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებული სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების საერთაშორისო მეთოდოლოგიის თანახმად, ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისას გამოიყენება უშუალოდ მომხმარებლის მიერ გადახდილი საფასური, ანუ სამომხმარებლო ფასი მოიცავს ყველა გადასახადს და არ მოიცავს სუბსიდიებს. აქედან გამომდინარე, მოხდა აღნიშნული სუბსიდირების შედეგის გათვალისწინება დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისას, რამაც გარკვეულწილად შეამცირა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გასული თვეების დინამიკასთან შედარებით.

კრიტიკა "საქსტატის" მეთოდოლოგიის მიმართ პირველმა  ,,ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ წამოიწყო და პირდაპირ თქვა, რომ აღნიშნული მონაცემი ამახინჯებს რეალობას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. მიქაუტაძის მოსაზრებას ეთანხმება სტატისტიკოსი გივი მომცელიძე, რომელიც ადასტურებს, რომ დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელი რეალობას ვერ ასახავს.

,,საქსტატის მიერ დათვლილ-დაანგარიშებული ინფლაციის მაჩვენებელი უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს. აშკარად ცდომილებაა და საკმაოდ მაღალიც, კრიტიკას ნამდვილად იმსახურებს და ამ პოზიციას სავსებით ვეთანხმები.  ეს არ არის რეალობა და ვერც ვერავის დააჯერებენ. მით უმეტეს, ყველამ ვიცით, როგორ მასშტაბურად გაძვირდა დეკემბერში პროდუქტი, დაწყებული ზეთით, შაქრით და ფქვილით დასრულებული და არაფრით შეიძლება 2,4%-იანი ინფლაცია ფიქსირდებოდეს. გარდა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი, მთავრობაც და "საქსტატის" წარმომადგენლებიც - ყველა ერთად  თავს იტყუებს. 

კარგად გვ ახსოვს ისიც, რომ აქამდე იტყუებოდნენ, თითქოს 11%-იანი უმუშევრობა იყო ქვეყანაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 17%-მდეა. ახლა მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებს იმიზეზებენ და ესეც ერთი დასტურია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომა ყოველთვის არ ამართლებს. სჯობს, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი, ამით გამოსავალი უფრო დროულად მოიძებნება. ნებისმიერი ხელისუფლების მცდელობაა რეალობა შეალამაზოს და შეცდომას შეცდომაზე უშვებს. 

მოსახლეობა არ არის ვალდებული ერკვეოდეს ეკონომიკურ მონაცემებში, მაგრამ ვისაც ევალება, ზომები უნდა მიიღოს, განვითარებადი ეკონომიკა გვაქვს და სწრაფი ზრდა უნდა იყოს ამოცანა, რა მიმართულებითაც სწორად უნ და ვიაროთ. თავის მოტყუება, მანიპულაციები შორს ვერ წაგვიყვანს“, - განაცხადა ,,რეზონანსთან"  მომცელიძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს უნდობლობა გამოუცხადა ეკონომისტმა სოსო სიმონიშვილმა, რომლის აზრითაც ინფლაციასთან დაკავშირებული მონაცემები რეალობის შელამაზებას ემსახურება და დამახინჯებულია. არასწორია ინფლაციის მიმართ დამოკიდებულება და ხედვა, რომელიც მის მიმართ არსებობს

,,ინფლაცია სინამდვილეში სულ სხვაა და ის, რასაც მსოფლიო ბანკის სპეციალისტები, ასევე ქართველი სტატისტიკოსები ითვლიან, აბსოლუტურად სხვაა. ჩვენთან ანგარიშობენ რა გაძვირდა და რა გაიაფდა, მარტივად რომ ვთქვათ, ასეა. სინმამდვილეში სიტყვა ,,ინფლაცია“  ნიშნავს ,,გაფუებას", ანუ ფულის მეტი რაოდენობის მოჭრას. შეიძლება იყოს მაღალი ინფლაცია, მაგრამ პროდუქტების საგრძნობი გაძვირება არ გამოიწვიოს. უბრალოდ, ფულის ბრუნვა გაიზრდება და არა ფასები. ამასთან, გაძვირება შეიძლება გამოიწვიოს არა ფულის მასის ზრდამ, არამედ ფულადი მასის კონცენტრირებამ კონკრეტული მიმართულებით. მაგალითად, ეროვნულმა ბანკმა გაყიდა ბევრი დოლარი და ფულადი მასა შემცირდა ბაზარზე, რამაც ფასების ცვლილება გამოიწვია. 

ინფლაციის მაჩვენებლით რეალურად ვერც ბიზნესი იხელმძღვანელებს, ვერც ხელისუფლება, მაგრამ ეს არის მავნე ტრადიცია, რომელიც საბჭოთა კავშირიდან იღებს სათავეს. ჩვენი სტატისტიკოსები ცდილობენ გვაჩვენონ, რომ რაღაც წინსვლა, გაუმჯობესება ხდება, მაგრამ კარგად ვიცით, რომ ე.წ. ეკონომიკური მაჩვენებლები კეთილდღეობის ვერ მოიტანს, განვითარებას, ცხოვრების პირობების შეცვლას არ უკავშირდება. ამ 30 წლის განმავლობაში პოლიტიკაში გარეულმა ეკონომისტებმა ისწავლეს ციფრებით მანიპულაცია, სადაც სტატისტიკა ძირეულ როლს ასრულებს. 

სიმართლე გითხრათ, ოფიციალურ სტატისტიკას აქამდეც არ ვენდობოდი, ახლა - მით უფრო! მიმაჩნია, რომ სულ სხვა მეთოდოოგიით უნდა მუშაობდნენ, რაც ბევრად ახლოს იქნება რეალობასთან, მაგრამ სიყალბის გზა აირჩიეს და ამიტომ ვართ ამ მძიმე მდგომარეობაში, ყველაფერი სინამდვილის შელამაზებას ემსახურება, არანაირი გამართლება ამას არ აქვს“, - აღნიშნა "რეზონანსთან" სოსო სიმონიშვილმა.

"საქსტატის" მონაცემის მიხედვით, 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება, საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტი შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
2021   (09.01.2021)
ინფლაციას თუ აყალბებს, გამოდის რომ სხვა რაღაცეებსაც აყალბებს და ვცხოვრობთ ასე სიყალბის და მოჩვენებით საოცნებო ქვეყანაში...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )