მიხეილ ჭელიძე: „ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, მინიმუმ, ორი წელი მაინც დაგვჭირდება“
თიკა სიბოშვილი
19.01.2021

პანდემიის პირობებში კომპანიებს უდიდესი პრობლემა შეექმნათ და საკმაოდ დიდმა ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა, ხოლო რომლებმაც ასეთ მძიმე ვითარებაში გადარჩენა მოახერხეს, უამრავი ვალი დაუგროვდათ. უკვე გაჩერებულია 4100-ზე მეტი ფირმა, ზოგი - დროებით, ზოგიც - სამუდამოდ. ახლა საინტერესოა, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოახერხებენ თუ არა ძველებურად მუშაობას და ფეხზე დადგომას. ამის პროგნოზირება დღესდღეობით არავის შეუძლია.

2020 წლის 1-ლი მარტიდან დღემდე საქართველოში 1100-ზე მეტმა კომპანიამ ოპერირება სრულად შეწყვიტა, 3000-მდე იურიდიულმა პირმა კი დროებით შეაჩერა. რეგულაციების მოხსნის შემდეგ ბიზნესმენებისთვის წლის პირველი კვარტალი რთული იქნება, რადგან შესაძლოა, ისედაც გაკოტრებულ კომპანიებს ვერაფერი მოუხერხონ და საბოლოოდ დაკეტვა მოუწიოთ. 

როგორც მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ ჭელიძემ „რეზონანსთან“აღნიშნა, ბიზნესი ნამდვილად რთულ სიტუაციაშია. პირველ ტალღას ისინი, ასე თუ ისე, გაუმკლავდნენ და შეძლეს ფეხზე წამოდგომა, ახლა ეჭვქვეშაა მათი საქმიანობის გაგრძელება, რადგან თანხები საერთოდ აღარ აქვთ.

„მცირე და საშუალო საწარმოებში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ძირითადად, ნაღდი ფულის პრობლემებია. რეალურად გაყიდვაც აღარ არის. როცა ეს კრიზისი გადაივლის, განაგრძობენ თუ არა საქმიანობას დროებით გაჩერებული ფირმები, ესეც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსური რესურსი, უბრალოდ, აღარ აქვთ, რომ განაახლონ საქმიანობა.

მეორე ტალღა, პირველთან შედარებით, ძალიან კრიტიკული იყო. პირველი „ლოქდაუნის“ დროს დაიკეტა ყველაფერი და, ასე თუ ისე, გადავიტანეთ. ბიზნესმა აღსადგენად სახსრები მოიძია და რაღაცები შეძლო, მაგრამ მეორე დაკეტვამ ბიზნესი ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, ფიზიკურად აღდგენა ვეღარ შეძლეს, რაც ძალიან ცუდია“, - უთხრა „რეზონანსს“ ჭელიძემ.

ამ კრიტიკულ სიტუაციაში აუცილებელია, სახელმწიფო სპეციალური პროგრამებით დაეხმაროს ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა არ მოუწიოთ საბოლოოდ საქმიანობის შეჩერება.

„მოცემულ სიტუაციაში სახელმწიფო პროგრამების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის პროგრამებმა მაქსიმალურად უნდა შეძლონ ბიზნესების დახმარება და მათი აღდგენა.

ჩემი აზრით, ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, მინიმუმ, ორი წელი მაინც დაგვჭირდება, ახლა კი 90-იანი წლების ბოლო პეროდის შეგრძნებები მაქვს. ბაზარზე დარჩნენ ისინი, რომლებიც უშუალოდ პირველადი საჭიროებებისთვის აუცილებელი პროდუქციით ვაჭრობენ“, - დასძინა  მიხეილ ჭელიძემ.

რეგულაციების შემსუბუქებას მთელი ქვეყანა ელოდება, თუმცა, ალბათ, ეს ყველაზე დიდ სარგებელს ჰორეკა ბიზნესის წარმომადგენლებს მოუტანს, რადგან უმრავლესობას საქმიანობა შეზღუდვების გამო დროებით შეწყვეტილი აქვს. დღეის მდგომარეობით, საქართველოში 50 059 აქტიური კომპანიაა რეგისტრირებული, მათგან  ეკონომიკურად აქტიური მხოლოდ 66%-ია. 

როგორც კომპანია ბია.ჯი-ს დირექტორი აიეტ კუკავა ამბობს, მათი პორტალი ოპერატიულად ახდენს იმ ბიზნესების აღრიცხვას, რომლებიც საქმიანობას წყვეტენ ან დროებით აჩერებენ. უკუკავშირი მარტივად მყარდება, რადგან ეს არა მარტო კომპანიის, არამედ კონკრეტული ბიზნესის ინტერესებშიც არის, რომ მათ შესახებ ინფორმაცია განთავსებული იყოს პორტალზე.

„ჩვენი ოპერატორები ყოველდღიურ რეჟიმში რეკავენ და ამოწმებენ კომპანიების სტატუსს. გარდა ამისა, როცა ბიზნესი ფუნქციონირებას წყვეტს, ისინი ინფორმაციას თვითონაც გვიგზავნიან. ზოგადად, ბიზნესის ინტერესებშიც შედის, რომ ინფორმაცია განათავსონ ჩვენს პორტალზე, რადგან ჩვენი მომხმარებლები არა მხოლოდ ქართველი ინვესტორები, არამედ უცხოელებიც არიან. მათ შორისაა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები, ინვესტორები, სატრენდო კომპანიები და ა.შ“, - განაცხადა აიეტ კუკავამ „ბი-ემთან" საუბრისას.

იმის მიუხედავად, რომ, ძირითადად, მეორეხარისხოვან კომპანიებს მოუწიათ საქმიანობის შეჩერება, დარგობრივ ჩამონათვალში (სადაც აღწერილი იყო ყველაზე მეტი კომპანია, რომლებსაც მუშაობის შეწყვეტა მოუწიათ) მაინც მოხვდა კომპანიების ის ნაწილი, რომლებსაც მუშაობის გაგრძელება, ასე თუ ისე, შეეძლოთ. ესენია: სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება; კვების პროდუქტები; დისტრიბუცია და ა.შ. 

სულ მალე ჰორეკა ბიზნესის წარმომადგენლები საქმიანობის გაგრძელებას ისევ შეძლებენ, თუმცა რთული წარმოსადგენია, როგორ მოახერხებენ ბიზნესის წარმომადგენლები გადარჩენას და საქმიანობის გაგრძელებას შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. პირველი ტალღის დროს კომპანიებს დროებით გაჩერება მოუწიათ და ფეხზე წამოდგომა ისევ შეძლეს, მაგრამ ახლა ეს გაცილებით ძნელი იქნება.

როგორც ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი მიიჩნევს, შესაძლოა, ბიზნესების დიდმა ნაწილმა ძველებურად მუშაობა ვეღარ გააგრძელოს. კრიზისულ პერიოდში ფირმები ისედაც ხშირად იხურებოდა და კორონავირუსის პანდემიის ფონზე ეს გასაკვირი, რა თქმა უნდა, არ არის.

„ქვეყანაში კომპანიების დიდმა ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა და, რა თქმა უნდა, ამ მხრივ  რთული მდგომარეობაა, მაგრამ ძალიან ძნელია იმაზე საუბარი, თუ რამდენი ხნით მოუწიათ გაჩერება. 

შესაძლებელია, ზოგიერთმა ბიზნესმა ძველებურად ვეღარ გააგრძელოს მუშაობა, ზოგმა კი ისეთი სახით ვეღარ იარსებოს, როგორითაც აქამდე. ეს არის მიზეზი, რის გამოც კომპანიების ნაწილი დაიხურება. ამიტომ უნდა გაჩნდეს ახალი კომპანიები, რათა პრობლემები არ შეიქმნას. 

კრიზისულ პერიოდში ბიზნესის დახურვა ისედაც მოსალოდნელია ხოლმე და პანდემიის პირობებში, რასაკვირველია, ეს პროცესი კიდევ უფრო გამძაფრდება", - განუცხადა „რეზონანსს“ მერაბ ჯანიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )