მერია საკუთარ ინიციატივაზე დიდ იმედს ამყარებს, სპეციალისტები კი დარღვევების წახალისებას არ ემხრობიან
ირაკლი ლომიძე
07.04.2021

დედაქალაქის მერია სამშენებლო ამნისტიაზე დიდ იმედს ამყარებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ამით სექტორში არსებული პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება, თუმცა ამ ოპტიმიზმს არც ბიზნესი, არც დარგის ექსპერტები არ იზიარებენ. მეტიც, ისინი მიიჩნევენ, რომ, გამონაკლისი შემთხვევის გარდა, მიდგომა პრინციპულად არ შეცვლილა და მერია თითქმის იმეორებს იმ ხარვეზს, რაც 2007 წელს მიღებული სამშენებლო ამნისტიით ფიქსირდებოდა.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო ამნისტიის საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ, ექსპლუატაციაში ის შენობა-ნაგებობები შევა, რომელიც 2020 წლის 18 აგვისტომდეა დასრულებული და მათზე დამტკიცებული პროექტის მიღმა გადაცდომები დაფიქსირდა. 

ამასთან, სამშენებლო სექტორის თხოვნით, რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას, ამოქმედდება 2022 წლის პირველი იანვრიდან და გავრცელდება მხოლოდ ამ თარიღის შემდგომ გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე. პაკეტი ასევე, ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამძიმებას დაუმორჩილებლობაზე.

„ჩვენ ამნისტიით ექსპლუატაციაში ვიღებთ ასეთ შენობა-ნაგებობებს იმიტომ, რომ მათ უკან რიგითი თბილისელები და მათი ოჯახები დგანან. ეს რომ სამომავლოდ არ განმეორდეს, გვინდა, ადმინისტრაციული ჯარიმის შემდეგ თუ არ მოხდება გამოსწორება და იქნება დაუმორჩილებლობა, პასუხისმგებლობა სისხლისსამართლებრივი კუთხით დამძიმდეს, რაც აგვარიდებს იმ პრობლემებს, რომლებსაც რამდენიმე ათეული წელია, ვებრძვით და არსებობდა. შედეგად მივიღეთ მახინჯი შენობა-ნაგებობები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა რაიონში მრავლადაა“, - განაცხადა კალაძემ.

ბიზნესს კი განსხვავებული ხედვა აქვს, რის გამოც სექტორი კანონმდებლობის ინიციატორებთან ვერ შეთანხმდნენ. „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ, მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ბიზნესის მხარეს წარმოადგენდა, „რეზონანსთან“ აღნიშნა, რომ, ახალი კანონდებლობით, დეველოპერმა მერიაში ექსპლუატაციაში მისაღებად უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია. ადმინისტრაციულმა ორგანომ ეს საკითხი 6 თვის განმავლობაში უნდა განიხილოს, ხოლო თუ დოკუმენტაციაზე პასუხი არ მიიღო 6 თვეში, ეს ავტომატურად უარს ნიშნავს, რაც ძალიან მძიმე ნორმაა.

„შეიძლება, ვიღაცამ, უბრალოდ, დოკუმენტაციის წაკითხვა ვერ მოასწროს და ამის გამო კომპანია უარს მიიღებს. ჩვენ გვესმის მთავარი - კანონის მიზანი არის, რომ ყველა მშენებლობის, რომლებიც კანონიერი იყო, უკანონო, კეთილსინდისიერი თუ არაკეთილსინდისიერი, ლეგალიზება უნდა მოხდეს და სტანდარტებში მოექცეს. პროექტის თანახმად, კანონის მიღებიდან 2 წლის განმავლობაში, შენობის ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით მერიას უნდა მიმართონ როგორც უკვე აშენებული შენობების მფლობელებმა, ისე ახალი პროექტების ავტორებმა. 3 000-მდე პრობლემური მშენებლობაა და ამას ემატება, დაახლოებით, ამდენივე კერძო მშენებლობა, მათ შორის _ სახლები, ამიტომაც ვეჭვობ, ეს წარმოქმნის ე.წ. განაცხადების საცობს და მათი განხილვა დროში გაიწელება.  პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, 5-6 ათასი განაცხადი შევა და განხილვა პრობლემა იქნება“, - დასძინა ვეფხვაძემ. 

მან ასევე, აღნიშნა, რომ კანონპროექტში გაურკვევლობას ქმნის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხიც. დაგეგმილი ცვლილებით, მშენებელი, ისევე როგორც აქამდე, რემონტისას ბინის მფლობელს მიაწვდის ელექტროენერგიას, თუმცა ეს მოხდება კომერციული ტარიფით. 

სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა სამშენებლო სფეროს ექსპერტი, იურისტი უჩა ზაქაშვილიც. მისი აზრით, მიდგომა არ იცვლება და მეორდება შეცდომები, რომლებიც სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დაუშვეს.

„სასტიკად არ მომწონს მიდგომა სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით. ბიზნესმა  თუ წესები დაარღვია, ამ დროს კომპანიებს სანქციებს აკისრებენ. საჯარიმო თანხის ჩამოწერა დისკრიმინაციულ ელემენტს შეიცავს. ასე გამოაცხადეს ამნისტია 2007 წელს, 13 წელი გავიდა და ისევ 13 წლით დავიხიეთ უკან. 

დახმარება უნდა იყოს სხვაგვარი, ეს არის დარღვევების წახალისება, რაც, ჩემი აზრით, ადმინისტრაციული ორგანოს სისუსტეა და საკუთრების უფლების დაცვასთან არაფერ კავშირშია. არ მესმის, დარღვევა როგორ უნდა ვაპატიოთ ბიზნესს, ცოტათი გაურკვეველია. ლოგიკა არ შეცვლილა. იმ ადამიანებმა რა ქნან, ვინც ჯარიმა გადაიხადეს, მათ ამ ფულს არავინ დაუბრუნებს", - განაცხადა „რეზონანსთან“ ზაქაშვილმა.

იურისტის შეფასებით, სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადაიდგა ექსპლუატაციაში მიღების პირობებთან დაკავშირებით, რაც უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

„ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სავსებით სწორია. აქამდე ეს იყო აბსოლუტური ფიქცია, ამიტომ  ყველა მშენებელს ინტერესი ჰქონდა დაკარგული. ამის შედეგია ის, რომ ნახევარი თბილისი ცხოვრობს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. სწორედ იმიტომ, რომ არ ეკრძალებოდათ გაყიდვა და მოქალაქეების შესახლება. ის პუნქტი, რომ დენსა და გაზს არ მიაწოდებენ, სანამ ექსპლუატაციაში არ შევა კორპუსი, ცალსახად კარგი გადაწყვეტილებაა, რაც ამ საკითხს მეტ-ნაკლებად წესრიგში მოიყვანს", - აღნიშნა უჩა ზაქაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )