სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    (14.11.2012)

    "სესხები 3 პროცენტად 10 წლის ვადით" - ეს მცირე მეწარმეებისთვის უპრეცედენტო შეთავაზებაა, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიზნეს-სექტორის განვითარების მიზნით გეგმავს. ეს იქნება პირველი სერიოზული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ახალ შესაძლებლობას მისცემს და ეროვნულ წარმოებას განავითარებს. დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ შეიქმნება პროდუქცია და გაჩნდება სამუშაო ადგილი, რისი მიღწევაც აქამდე შეუძლებელი იყო.

    საპარლამენტი უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე ფიქრობს, რომ სოფლის მეურნეობის სფერო ყველაზე პრიორიტეტული იქნება და, სავარაუდოდ, რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობაც დალაგდება. მისი განცხადებით, მცირე მეწარმეები აქამდე მხოლოდ საკუთარი ბიზნესის გადარჩენაზე ფიქრობდნენ და დარგი ვერ ვითარდებოდა. ბიზნესისადმი საპროცენტო განაკვეთის შემცირებით კი, მეწარმეობას განვითარების ახალი გზა და პერსპექტივა გაუჩნდება.

    თოფაძე იმ წნეხსა და ზეწოლაზეც საუბრობს, რომელშიც ქართული ბიზნესი იმყოფებოდა.

    "მცირე მეწარმე ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს. ეს შესანიშნავად იცის ბიძინა ივანიშვილმაც. ხელშეწყობაც უნდა იყოს, რომ ბანკი და მთლიანად ფინანსური ინსტიტუტები მცირე მეწარმეების განვითარებაზე მუშაობდნენ. სწორედ ამიტომ ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი, რომ გააკეთებს ყველაფერს, რომ აამუშაოს სოფელი და მცირე მეწარმეები განავითაროს. თუმცა ეს ყველაფერი მაშინ მოხდება, როდესაც ეს ყაჩაღური კანონები შეიცვლება.

    მეწარმეებს მაშინ აჯარიმებდნენ, როდესაც სურდათ. ინიციატივის გამოჩენა ხალხს აღარ უნდოდა, ეშინოდათ იგივე დიდ მეწარმეებს. ყველაზე დიდი უბედურება იცით რა არის? ქართველი ხალხი არის ინიციატორი, ბუნებით მეწარმეები ვართ, მთავარია, ქართველი კაცი არ შებოჭო. აქამდე კი რა სიტუაცია იყო? იმდენად დააჩლუნგეს ხალხი, რომ აღარავინ აღარ ფიქრობდა გაფართოებასა და მოდერნიზაციაზე იმიტომ, რომ მაინც უნდა წაერთმიათ.

    დიდი ხანია ვაკვირდებოდით ჩვენ კოლეგებს და ვხედავდით, რომ ყველა გადარჩენაზე ფიქრობდა და არა განვითარებაზე. რასაც ივანიშვილი გვთავაზობს - იგივე სესხებს 3%-ად 10 წლის ვადით - ესაა გზა მცირე მეწარმეების განვითარებისთვის", - აცხადებს გოგი თოფაძე.

    მისი განმარტებით, სოფლის მეურნეობის დარგი ყველაზე პრიორიტეტული იქნება. "სოფლის განვითარება პირდაპირ მიბმულია წარმოებაზე, რამდენი ქარხანა, მეურნეობა გვქონდა? სოფელი მოსპეს ამ ავადსახსენებელი ბენდუქიძის ინიციატივით. ახლაც მიმაჩნია, რომ საქართველოში, მისი უნიკალური კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის დარგი ყველაზე პრიორიტეტული იქნება.

    ალბათ დალაგდება ურთიერთობა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან და გაიხსნება ჩრდილოეთის ბაზარი და ქართული ხილი, ჩაი, ბოსტნეული დაბრუნდება რუსულ ბაზარზე. მე მაგალითად, რომ მქონდეს თავისუფალი სახსრები, აუცილებლად ჩავდებდი სოფლის მეურნეობაში. ყოფილი, მამაძაღლი მთავრობა კი მიწებს ჩინელებზე, ირანელებზე, თურქებზე ყიდდა. მაგათ ოღონდ რამე ჯიბეში ჩაედოთ და ოფშორში გაექანებინათ, რაზე აღარ მიდიოდნენ! ჩვენ აუცილებლად ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ - ვის მიყიდეს ან რატომ გაასხვისეს უცხოელებზე ასეთი კარგი მიწები", - აცხადებს გოგი თოფაძე.

    პრიორიტეტებზე საუბარს ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნევს ეკონომიკის სფეროს ექსპერტი ავთო სილაგაძე. მისი შეფასებით, საპროცენტო განაკვეთის შემცირების ყველაზე დიდი უპირატესობა იქნება ბიზნესის განვითარება, რაც ქვეყანაში ეროვნულ დოვლათს შექმნის.

    "ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას. ამ დროისთვის ბიზნეს-სესხზე ბანკებს 15-20-პროცენტიანი განაკვეთები აქვთ. ამასთან, ის მოკლევადიანია და მისი გასტუმრება ბიზნესის მიერ, ფაქტობრივად, შეუძლებელია. 3-პროცენტიანი განაკვეთები მოქმედებს განვითარებულ ქვეყნებში და იქ ბიზნესი ამით სულდგმულობს. მთავარია, რომ საქართველოში მცირე ბიზნესი გაიმართება წელში და განვითარდება. იწარმოება პროდუქტი, რომელიც ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ამ ეტაპზე პრიორიტეტების განსაზღვრა გაგვიჭირდება. ჯერჯერობით ბაზარზე უცხოური პროდუქცია შემოდის და ამ დროს დიდ პრიორიტეტზე არ არის საუბარი. თუკი ეს მოხდება, გაჩნდება სერიოზული შეთავაზება ბიზნესისთვის, რაც ეროვნული წარმოების გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს", - აცხადებს ავთო სილაგაძე.

    არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული საქართველოს" ხელმძღვანელი ალექსანდრე ლომოური ფიქრობს, რომ საპროცენტო განაკვეთის შემცირების მთავარ პირობას სოფლის მეურნეობის განვითარება უნდა შეადგენდეს. ამავე დროს გასაწევია კონტროლიც, რომ ბანკიდან 3 პროცენტად აღებული სესხი მიზნობრივად დაიხარჯოს და ბიზნესის განვითარებას მოხმარდეს.

    "ეს კრედიტი სოფლის მეურნეობის სესხად თუ გაიცემა, იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც დარგს განვითარების შესაძლებლობას მისცემს. ამ სესხის მეორე დიდი უპირატესობა გრძევადიანობაა. აქ არ არის საუბარი, რომ დაბალპროცენტიანი განაკვეთის შემოთავაზებით სოფლის მეურნეობა 1 ან 2 წელიწადში განვითარდება, ეს ეტაპობრივი პროცესია. ჩემი აზრით, დაბალი პროცენტით აღებულ სესხზე კონტროლი უნდა დაწესდეს, რომ არ მოხდეს თანხის სხვა მიმართულებით დახარჯვა", - აცხადებს ალექსანდრე ლომოური.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    კოოპერატივი "დოვლათი"   (18.03.2013)
    მთავარია მკაცრი კონტროლი დაცესდეს სესხის მიზნობრიობაზე. ეს იკნება უნიკალური შანსი ჩვენი კოოპერატივის და მისი წევრებისათვის. თუ დღეს "დოვლათი" ერთადერთი სრულყოფილი კოოპერატივია, ასეთი ხელშეწყო ბის პირობებში, იგი ერთერთ ძლიერ სასოფლო-სამეურნეო საწარმოოდ დარდაიქმნება უახლოეს მომავალში.

    ბესო   (07.03.2013)
    გაიხართ მაგარია


    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter