ნინა გარდაფხაძე
23.08.2021

პანდემიამ და ქვეყნაში იმდინარე პროცესებმა, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად დასახელებული დარგი რადიკლაურად შეცვალა. ტურიზმი, ნავარაუდევზე 13%-ით ნაკლებით აღდგდა. არადა, თავად პროგნოზიც არ იყო კეთილ საიმედო. ,,ბიზნეს-რეზონანსი" დაინტერესდა, როგორია ვითარება კერძო სექტორში, მათთან ვისზეც უშუალოდ აისახება ტურისტული ნაკადების შემცირება.

ივლისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 230 ათასამდე, მათ შორის ტურისტების რიცხვი კი 474%-ით 214 ათასამდე გაიზარდა, თუმცა ტურიზმი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაგეგმილი 50%-ის ნაცვლად მხოლოდ 37%-ით აღდგა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

13 ათას, 24 ათას და 34 ათას პროცენტიანი ზრდის შემდეგ, ივლისში ისრაელიდან ვიზიტორთა რაოდენობა 70 000%-ით 17 554-მდე გაიზარდა. იმის გათვასლისწინებით, რომ 30 ივლისიდან ისრაელმა კოვიდის გამო საქართველო წითელ ზონაში შეიყვანა და საკუთარ მოქალაქეებს გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საქართველოში მოგზაურობა აუკრძალა, აგვისტოში ასტრონომიული ზრდა დასრულდება. საქართველოში მოგზაურობა არ აუკრძალია, მაგრამ ქვეყანას ძალიან მაღალი რისკის სტატუსი ნიდერლანდებმაც მიანიჭა. ინფიცირების რეკორდული ზრდის ფონზე, შესაძლოა მათ მაგალითს სხვებმაც გაიზიარონ. მით უფრო რომ მომეტებული რისკის ქვეყნებს შორის, უკვე დაგვასახელა დიდმა ბრიტანეთმაც.

იანვარ-ივლისში საქართველოს საზღვარი სულ 746 ათასმა საერთაშორისო მოგზაურმა გადმოკვეთა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85%-ით და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით ნაკლები, მათ შორის ვიზიტორების რაოდენობამ 695 ათასს მიაღწია, რაც შესაბამისად 83 და 46 პროცენტიან ვარდნას ნიშნავს. ვიზიტორებში ტურისტი 336 ათასი იყო, 2019 წლის პირველ 7 თვესთან შედარებით 76%-ით ნაკლები და 2020 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 28%-ით ნაკლები. რადგან გასული წლის იანვარში ტურიზმის 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ნულოვანი ზრდა თებევალშიც შენარჩუნდა გასული წლის ჯამური მაჩვენებლები ჯერ კიდევ სჯობს წლევანდელ მონაცემებს.

,ბოლო ტენდენცია ასეთია, ჯავშნიან ნომრებს, მაგრამ ან იმავე, ან მეორე დღეს აუქმებენ. ეს არის ძალიან ხშირი და შესამჩნევი" - ამის შესახებ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ჰოტელიერმა, მაია მურაჩაშვილმა მესტიისა და გუდაურის სასტუმროებში ჯავშნების შეფასებისას განაცხადა.მისი თქმით, აგვისტოს დასაწყისში გუდაურში ზამთრისთვის ნომრების 60-75% დაჯავშნილი იყო, წელს კი, ამ დრომდე არცერთი ჯავშანი არ არის.

,,მას შემდეგ, რა ევროპამ და ნელნელა სხვა ქვეყნებმაც წითელ ზონაში გადაგვიყვანეს უკუსვლა დაიწყო, თორემ მესტიაში ივლისში საკმაოდ ნორმალური ტემპით მიდიოდა ზრდა და დატვირთულობამ 42% შეადგინა. ეს ძირითადად იყო კონფერენციების ხარჯზე. მესტიაში ,,გისტოლა" ერთადერთი სასტუმროა, რომელსაც აქვს საკონფერენციო დარბაზი, შესაბამისად, იყო მოთხოვნაც, თუმცა როგორც კი დამძიმდა ეპიდ სიტუაცია, ეს სეგმენტიც ჩამოგვეხსნა. ამას მოჰყვა ისრაელის მხრიდან ტურისტული ნაკადის შეზღუდვა და შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფური ტურები მთლიანად გაუქმდა.

ბოლო ტენდენცია ასეთია, ჯავშნიან ნომრებს, მაგრამ ან იმავე, ან მეორე დღეს უქმდება. ეს არის ძალიან ხშირი და შესამჩნევი. ახლა რა ტენდენციაცაა, აგვისტოს თვეში დატვირთულობა მაქსიმუმ 15 იქნება, ისიც ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე და იშვიათად, უცხოეთიდან ინდივიდუალური სტუმრების. ის მცირე ჯავშნები ამ ეტაპზე ჩეხეთიდან და პოლონეთიდანაა. ასევე რეკავენ ადგილობრივები, ჩვენი მარკეტინგული აქტივობების შემდეგ. საბოლოო ჯამში, პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრების საკმაოდ დაბალ ფასში გაყიდვა გვიწევს, რადგან სხვა გზა არ არის.

სექტემბერზე და ოქტომბერზე საერთოდ არანაირი ჯავშანი არ არის. ამ პერიოდში, 60-75% შევსებული გვქონდა ხოლმე გუდაურის სასტუმროებში ზამთრის ტურებზე, ახლა კი არცერთი ჯავშანი არ გვაქვს. ზაფხულშიც, გუდაურში ძალიან მძიმე სიტუაციაა. დატვირთულობამ ივლისში 12%-ს ძლივს მიაღწია"- აცხადებს მურაჩაშვილი.

Galt & Taggart-ის პროგნოზით, წელს საქართველო ტურიზმიდან 1.2 მილიარდ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის ანგარიშშია ნათქვამი.

"პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრების გახსნა ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენას შეუწყობს ხელს. პანდემიამდელ პერიოდში, 2019 წელს სახმელეთო გზით ვიზიტორების მთლიანი ნაკადის 70% შემოდიოდა. ჩვენ მოველით, რომ ამის გათვალისწინებით 2021 წელს საქართველო ტურიზმიდან $1.2 მილიარდ დოლარს მიიღებს, რაც 2019 წლის ტურისტული შემოსავლის 36%-ია"- წერია დოკუმენტში.

„5 ივლისის შემდეგ, ჩვენ აბსოლუტურად სხვა რეალობაში გავიღვიძეთ „- ეს კი კერძო სექტორის მოსაზრებაა, თეორიული გათვლების მიღმა. "ჰელისკი ჯორჯიას" ხელმძღვანელმა ვატო ასათაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" განაცხადა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო ვერ იცავს საკუთარ მოქალაქეებს, „საქართველოს მომავალი ტურიზმის კუთხით იქნება მაქსიმუმ პოსტ საბჭოთა სივრცეში დაბრუნება, პოზნერების, გავრილოვების მასპინძლობა და დუგინთან ჩახუტება".

„5 ივლისის შემდეგ, ჩვენ აბსოლუტურად სხვა რეალობაში გავიღვიძეთ. სეზონის დასაწყისში გაზაფხულის ბოლოს, ტურიზმის და ეკონომიკის კუთხით ძირითადი გამოწვევა გვქონდა პანდემიური მდგომარეობა, ვაქცინაციის დაბალი ტემპი და იყო ერთგვარი მოლოდინები, რომ ზაფხულის სეზონზე შესაძლოა, ეკონომიკური აქტივობა დაწყებულიყო, შესაბამისად, ტურიზმიდანაც შემოსავლები შემოსულიყო.

ჩვენ გვახსოვს ერთგვარად უტრირებული განცხადებები ჯერ პრემიერ-მინისტრისგან, რომ 50%-იან აღდგენას ელოდებოდა, 2019 წელთან შედარებით, თუმცა მერე დააზუსტეს, შედარებით რეალობას დაუბრუნდა ეკონომიკის სამინისტრო და თქვეს, რომ 35%-მდე იგეგმებოდა. ხოლო, ბოლოს ფინანსთა სამინისტრომ კაკაურიძის ხელმძღვანელობით დააზუსტა, რომ 25%-იან აღდგენას ველოდებოდით. თუმცა, იმან, რაც მოხდა 5, 6 და 11 ივლისს, აბსოლუტურად შეცვალა რეალობა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჯავშნების მყისიერ გაუქმებაზე. იმიტომ, რომ მყისიერი გაუქმება არის შედეგი სწორედ არსებული დესტაბილიზაციის. სამწუხაროდ, საქართველო დაადგა ჩრდილოეთ კავკასიურ გზას და ეს ძალიან კარგად დაინახა ყველამ. უპირველეს ყოვლისა, იმ არეულობების ფონზე, რაც საქართველოში იყო, მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად, თავზე დაგვახია კონსტიტუცია, რაც ძალიან სამწუხაროა. ასეთი რამე მე არ მახსოვს ათწლეულების განმავლობაში. და რაც ყველაზე ცუდია, სამართალდამცავებს ამაზე აბსოლუტურად არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. ევროკავშირის დროშა თავზე დაგვახიეს ორჯერ ზედიზედ და ახლა საუბარია ეკონომიკის განვითარებაზე.

ჩვენ თუ აქამდე ვიბრძოდით ბიზნესის დამოუკიდებლობისთვის, კერძო საკუთრების უფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, ახლა ვიბრძვით გადარჩენისთვის და ქვეყანა, რომელიც ხრამში გადავჩეხეთ, გვინდა ამოვიყვანოთ",- განაცხადა ვატო ასათაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×